ნაზი ბერიძე
02.06.2023

ჩვენს პარტნიორებს ევროპაში ესმით, რომ სტატუსის მინიჭება დღეს ქვეყნისთვის აუცილებელია. არა „ქართული ოცნებისთვის," არამედ საზოგადოებისთვის, რომ არ გაჩნდეს კიდევ ახალი პრობლემები. კანდიდატის სტატუსს ალბათ მოგვცემენ, მაგრამ გარკვეული დათქმებით, „ოცნება" კი ეცდება ეს თავის წარმატებად წარმოაჩინოს - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.

„რეზონანსი": ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების რა ეტაპზე ვართ, როცა სახელისუფლებო გუნდი, მათ სრულყოფილად შესრულებას ივნისის ბოლომდე აანონსებს, გვექნება თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა წლის დასასრულს?

ვახტანგ ძაბირაძე: როგორც წესი, ისინი ამბობენ, რომ 12-პუნქტიან გეგმას შეასრულებენ, „ქართული ოცნება" ამას ამბობს, და რომ ახლა ბურთი არის ევროპის მოედანზე. შესრულებით ისინი ამას შეასრულებენ თუ სათაურების მიხედვით ვიმსჯელებთ, მაგრამ ხომ ყველა ვხვდებით, რომ მათ მიერ შესრულებული რეკომენდაციები, არ ემთხვევა იმ არსს, რასაც ეს რეკომენდაციები ითვალისწინებს. სათაური, რა თქმა უნდა, იგივე იქნება, მაგრამ შინაარსი არ იქნება შესაბამისობაში სათაურთან. როდესაც საქართველოში მუდმივად დგას არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, „ქართულმა ოცნებამ" შეიტანა ახლა ცვლილებები, და პრეზიდენტს, რომელიც გაემიჯნა და „ქართული ოცნებისგან" დამოუკიდებელ პოლიტიკურ პროცესს მართავს და მეტ-ნაკლებად ნეიტრალურია პოლიტიკურ სპექტრში, ჩამოართვეს უფლება ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. კიდევ ერთი პრობლემა არის იუსტიციის საბჭოს წევრთა დაკომპლექტება, როდესაც არანაირი კონსენსუსი არ შედგა. აღარაფერს ვლაპარაკობ სასამართლოსა და ატიკორუფციული სამსახურის შექმნაზე.

მეორეს მხრივ, როგორც ჩანს და ასეც არის ალბათ, ჩვენს პარტნიორებს ევროპაში ესმით, რომ სტატუსის მინიჭება დღეს ქვეყნისთვის აუცილებელია. არა „ქართული ოცნებისთვის," არამედ საზოგადოებისთვის, რომ არ გაჩნდეს კიდევ ახალი პრობლემები. კანდიდატის სტატუსს ალბათ მოგვცემენ, მაგრამ გარკვეული დათქმებით, „ოცნება" კი ეცდება ეს თავის წარმატებად წარმოაჩინოს.

„რ": როგორ შეაფასებდით პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ევროპურ ტურნეს ბრატისლავასა და მოლდვაში, რამდენად ეფექტური და წარმატებული იყო ის ჩვენი ქვეყნისთვის, როცა „ქართულმა ოცნებამ" ის შეაფასა როგორც „ბურთი ევროპის მოედანზე"?

ვ.ძ: ღარიბაშვილის ვიზიტები ბრატისლავასა და მოლდოვაში შეიძლება შინაარსობრივად დიდად არა, მაგრამ რიტორიკით საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მოლდოვაში ის გაცილებით რბილი იყო და მოზომილი გამოთქმებში ვიდრე ბრატისლავაში. ბრატისლავაში საერთოდ მან პირდაპირ დაადანაშაულა ნატო, რომ ის გახდა თითქოს მიზეზი უკრაინაში ომის დაწყებისა. იმ განცხადებებს, რაც მან გააკეთა, სხვაგვარი ახსნა არა აქვს. მოლდოვაში იგი შედარებით დიპლომატიური იყო. გადაჭრილად და გამოკვეთილად არაფერი უთქვამს. რაც შეეხება იმას, რომ დღეს „ქართული ოცნება" წარმატებულად მიიჩნევს მის ვიზიტებს და ამბობს, რომ ყველაფერი გააკეთა, რთული სათქმელია, რას გულისხმობს ამაში. ღარიბაშვილის ვიზიტი ჩემთვის ეფექტური იყო უარყოფითი მნიშვნელობით.

„რ": შიდა დაპირისპირების ფონზე რა მომავალი აქვს ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებზე?

ვ.ძ: სამწუხაროდ ოპოზიცია არის დაქსაქსული და დაწვრილმანებული. დაშლის და გაურკვევლობის ეს პროცესი კიდევ გრძელდება, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობაში". ვფიქრობ, გარკვეული დროის შემდეგ ოპოზიცია მიიღებს უფრო ჩამოყალიბებულ სახეს, ამას ელოდებიან შემოდგომისთვის, ეს გადააზრების და ჩამოყალიბების პროცესი უნდა დასრულდეს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას" და მის განცხადებებს, ის ეცდება, რომ ოპოზიცია იყოს გახლეჩილი, არ იყოს ერთიანი, „ნაციონალური მოძრაობა" კიდევ დაიყოს რამდენიმე ჯგუფად და შემდეგ ამ ჯგუფების კონსოლიდაცია აღარ მოხდეს ახალი იდეის და ახალი ლიდერის გარშემო.

რას მოახერხებს ოპოზიცია, ეს ძირითადად მათზეა დამოკიდებული, ამასთანავე საჭიროა იმის გააზრება, რომ 2024 წელს არის არჩევნები. პროპორციული არჩევნებია და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქართული საზოგადოება კოალიციურ მთავრობებს არ იცნობს. საზოგადოება იცნობს კოალიციებს არჩევნებამდე. ოპოზიციის არსი დღეს ის არის, რომ საზოგადოებას გააცნობიერებინოს, რას ნიშნავს არჩევნების შემდეგი კოალიცია, რა განსხვავებაა არჩევნებამდე კოალიციასა და არჩევნების შემდეგ კოალიციას შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვაგვარად ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება საკუთარი ამომრჩევლის მთლიანად ათვისება. მით უმეტეს როცა არ ჩანს ერთიანი ოპოზიცია და არც ის ლიდერი ჩანს, რომელსაც შეუძლია ელექტორატში არსებულ წინააღმდეგობები დაძლიოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×