ელზა პაპოშვილი
02.06.2023

ბოლო რამდენიმე დღეა დედაქალაქი კიევი და უკრაინის მთელი ტერიტორია რუსების მიერ ინტენსიურად იბომბება. თუმცა რუსები აცხდებენ, რომ უკრაინელები რუსეთის რამდენიმე ოლქს დრონებით უტევენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგოროდის რაიონის ქალაქ შებეკინოში ელექტრომატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ქალაქში  საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.  

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს ინფორმაციით, რუსებმა გამთენიისას დედაქალაქსა და ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნე. ამასთან, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.  

რუსეთის რამდენიმე ოლქის გუბერნატორი კი  დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სმოლენსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილი ანოხინის მტკიცებით, ოლქში საწვავის და ენერგეტიკულ ობიექტებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, თუმცა სერიოზული დაზიანება არ დაფიქსირებულა და არავინ დაშავებულა.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლქის ტერიტორია დაბომბეს.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუზემსკის რაიონის სოფელი ნოვაია პოგოშჩი დაბომბეს. არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა ალექსანდრ ბოგომაზმა.მისი თქმით, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა ლომაკოვკას დასახლებაშიც. 

ამასთან, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული დაბომბვის გამო 2 500 ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი.

„რა თქმა უნდა, პირობები იოლი არ არის. ისინი უზარმაზარ სპორტული ობიექტებში არიან გადაყვანილი, სადაც ასობით საწოლია, სადაც ზრდასრული ადამიანები და პატარები, მოხუცები და ახალგაზრდები იძინებენ“, - წერს გლადკოვი „ტელეგრამის“ არხზე.

ხუთშაბათს, ორმა ანტიპუტინისტურმა ჯგუფმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისგან არის დაკომპლექტებული, განაცხადა, რომ კვლავ იბრძოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, რაც მოსკოვმა უარყო. უკრაინის ოფიციალური პირები რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ჯგუფები დამოუკიდებლად მოქმედებენ.   

ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ცნობით, რუსეთის ხელმძღვანელობამ ბელგოროდის მახლობლად სპეცდანიშნულების რაზმი „სენეჟი“ განალაგა „რუსეთის თავისუფლების“ მებრძოლების დასაპირისპირებლად. 

რაც შეეცება უკრაინის კონტრშეტევას, ზელენსკი აცხადებს, რომ კონტრშეტევა კინო არ არის. 

 „მიჭირს გითხრათ, თუ როგორ დაინახავთ კონტრშეტევას“,-  თქვა ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ეს კინო არ არის, მიჭირს გითხრათ თუ როგორ დაინახავთ კონტრშეტევას. მთავარია, რომ ეს რუსეთმა დაინახოს, და არა მხოლოდ დაინახოს, არამედ იგრძნოს. განსაკუთრებით, როდესაც იმ ჯარებზე ვსაუბრობთ, რომლებმაც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს. სწორედ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია იქნება კონტრშეტევის შედეგი. როდესაც ეს მოხდება, მიხვდებით,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ ომის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია ნატოში გაწევრიანება. ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებში ნათლად უნდა ეწეროს, რომ ისინი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებამდე მოქმედებს.      

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფორსი და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რთულია ერთი ხელის აღებით ვინმეს რამე დავაბრალოთ, მაგრამ არაა გამორიცხული და ლოგიკურიც არის, რომ უკრაინამ, კიევზე თავდასხმის შემდეგ, საპასუხო დარტყმითვე  რუსეთის ტერიტორიაზე უპასუხა. ბერიძე ამბობს, რომ ომში გამორიცხული არაფერია და უკრაინას ამის რესურსი  ნამდვილად აქვს.   

„ომია და ომში ყველაფერი შესაძლებელია. ეს უფრო  უკრაინელების მხრიდან საპასუხო დარტყმას ჰგავს. დამარტყი და დაგარტყი, აი ეს ლოგიკაა და სხვა არცერთ მხარეს ეს არაფერს აძლევს. ანუ რუსებისთვის იმის ჩვენება, რომ არც თქვენ ხართ დაცულები და ჩვენც შეგვიძლია თუკი მოვინდომებთ მოსკოვსაც კი  დავარტყამთ. ესაა რუსების უსუსურობის და დაუცველობის ჩვენება. ეს, რა თქმა უნდა, თავად კრემლის შიგნით დაპირისპირებას აღვივებს და საზოგადოებაში კრემლის პოლიტიკის მიმართ უკვე ეჭვებს აჩენს. რუსეთი ხომ უკრაინაზე უფორ დიდი ქვეყანაა და მეტად დაუცველი ტერიტორიები აქვთ. 

ამიტომ თუკი უკრაინელებმა მოინდომეს, ყველაფერი შესაძლებელია. არც ისაა გამორიცხული მოსკოვში  და ბელგოროდში დივერსიული ჯგფუფები მუშაობდნენ. ბელგოროდზე და კრასნოდარზე იგივე სახის თავდასხმები უკრანელების ტაქტიკის ნაწილია, რითაც ცდილობენ რუსების ყურადღება მათსავე ტერიტორიაზე გადაიტანონ. რუსებს უკვე არჩევანი ექნებათ გასაკეთებელი, საკუთარი ტერიტორიები დაიცვან თუ ოკუპირებული. ადრე თუ გვიან,  უკრაინელების ამ შეტევის შემდეგ, მათ მოუწევთ ამ არჩევანის გაკეთება. შესაბამისად, დაცვის რაღაცა ნაწილს მოხსნიან და ზურგში გადაისვრიან. ეს კი უკრაინელებისთვის ძალიან კარგი შანსი იქნება, რათა სწორედ ამ სუსტ  წერტილებში დაარტყამს. ეს არის დაზვერვითი სახის რეიდი, რომლითაც რუსების სისუსტის დემონსტრირებას ახდენენ. არ გამოვრიცხავ სწორედ ეს იყოს კონტრშეტევის დაწყების მოსამზადებელი პერიოდი“, - ამბობს  ბერიძე „რეზონანსთან“.       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×