თამთა ჩაჩანიძე
30.08.2023

მორიგი დაპირისპირება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის - სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას იწყებს, „ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევაა, რადგან მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მთავრობის უარი და ნეგატიური პოზიცია პრეზიდენტის ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით ანალიტიკოსებისთვისაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ფიქრობენ, რომ „თითქოსდა ეს ვიზიტი იმ საქმეს ემსახურება, რისკენაც მთავრობა მიდის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს". თუმცაღა იქვე აღნიშნავენ, რომ როგორც ჩანს, „ოცნებას" პრეზიდენტის მიმართ უნდობლობა აქვს და შესაძლოა ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ოპოზიციური ნარატივით ჩავა - რომ კანდიდატის სტატუსს ქართველი ხალხი იმსახურებს და არა საქართველოს ხელისუფლება.

10 უარი პრეზიდენტს

სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იგი ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

„საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციამ კი ოთხშაბათს საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გერმანიის გარდა, საერთო ჯამში პრეზიდენტს კიდევ 9 საერთაშორისო ვიზიტზე ეთქვა უარი.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად.

„ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე.

„სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე.

„შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა.

რას ამბობს „ოცნება" და ოპოზიცია

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტით საქართველოს კონსტიტუციას არღვევს. როგორც მდინარაძემ თქვა, საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული ვიზიტების განსახორციელებლად არ აქვს მთავრობის თანხმობა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს და ამ კურსის შესაბამისად მოქმედებს.

მისივე შეფასებით, ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლაც ეწინააღმდეგებოდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მიზეზი, რომ მთავრობა პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრებას არ ეთანხმება.

„საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საქართველოს მთავრობის თანხმობა, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას და მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას.

„ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევაა და კონსტიტუციის უპატივცემულობაა და მეორე მხრივ, ამ დაუთანხმებლობას მთავრობის მხრიდან აქვს კონკრეტული მიზეზები. მაგალითად, მე შემიძლია გაგახსენოთ აქ, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გამოსვლა, რაშიც ალბათ ყველა დამეთანხმებით გულში მაინც", - განაცხადა მდინარაძემ.

ოპოზიცია კი მმართველი პარტიის პოზიციას გაუგებას უწოდებს. როგორც „გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი სწორად იქცევა, როცა მთავრობის ნებართვის მიუხედავად მაინც გეგმავს ვიზიტს და პირიქით, პრემიერს აქვს ასახსნელი, თუ რატომ უშლის ხელს პრეზიდენტს.

„ალბათ, ფორმალურად ასეც არის (არღვევს პრეზიდენტი კონსტიტუციას, როცა თანხმობის გარეშე მიდის ვიზიტით). უბრალოდ, არ მესმის, პრემიერი რატომ არ აძლევს თანხმობას. საღი აზრი არის პრეზიდენტის მხარეს. ჩვენ ვიცით მისი პოზიცია - რომ ის ხელს უწყობს ევროინტეგრაციას. მისი შეხვედრები ნამდვილად დაეხმარება ამას და გაუგებარია, რატომ არ აძლევს პრემიერი თანხმობას, ეს თანხმობა ხომ ფორმალურია?! (გაუგებარია) არ მისცე თანხმობა საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია, თუ მტერი არ ხარ ამ ქვეყნის, ხომ?! მერე კიდევ იქით დაადანაშაულო პრეზიდენტი, რომ არღვევს კონსტიტუციას.

„მგონი, სწორად იქცევა პრეზიდენტი, რომ მთავრობის წინააღმდეგ მიდის, გასაგებია, რომ წესრიგი, კანონები არსებობს, მაგრამ არსებობს საღი აზრი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ მთავრობამ თანხმობა უნდა მისცეს პრეზიდენტს", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

რამდენად შედეგიანი იქნება ზურაბიშვილის უნებართვო ტურნე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპელი პარტნიორებისთვის საქართველოს მთავრობის უარი მოულოდნელი არ იქნება, ზურაბიშვილი კი ცდილობს პარტნიორები დაარწმუნოს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უკვე ცნობილია, რომ „ოცნების" მთავრობა მიანცდამაინც დიდ ინიციატივებს არ იჩენს. მაგალითად, უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას არ უერთდება, რუსეთთან სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს, ევროკავშირისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კრიტიკას იწყებს. ანუ საქართველოს მთავრობის პოზიცია იქ გარკვეუწილად ცნობილია.

„ის, რომ პრეზიდენტის ვიზიტი მთავრობასთან შეთანხმებული არაა, ესეც მთავრობის პოლიტიკაში ჯდება. რაც შეეხება ზურაბიშვილის ვოიაჟს, ის ცდილობს, რომ სტატუსის საკითხი როგორმე მოაგვაროს. აქაც ევროპელი პარტნიორებისთვის რაიმე სიახლე არაა, უბრალოდ ზურაბიშვილი რამდენად შეძლებს ჩვენი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ ჩვენთვის სტატუსის მონიჭება აუცილებელია, ეს სხვა თემაა. თუმცაღა, მცდელობა რომ ჩანს და პრეზიდენტი სწორ ნაბიჯს რომ დგამს, ესეც ცალსახა და გასაგებია", - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე რამდენად მოსალოდნელია, რომ ევროპული ტრიბუნიდან პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „ოცნება" მწვავედ გააკრიტიკოს, ძაბირაძე გვეუბნება, რომ ყველაფრის მიუხედავად ის მოზომილი იქნება.

„კერძო საუბრებში რა და როგორ იქნება - ეს სხვა თემაა, მაგრამ საჯაროდ არ მგონია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ზღვარს გადავიდეს და რაღაც რადიკალური განცხადებები გააკეთოს. პრეზიდენტი შუალედურ ვარიანტს დაიჭერს. ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა, ზურაბიშვილი საჯარო გამოსვლებში ყოველთვის მოზომილი იყო და ვფიქრობ, რომ ამ ტრადიციას არც ახლა დაარღვევს.

„ამ ტურნეს შედეგები ასე უცებ არა, მაგრამ მაშინ გამოჩნდება, როცა საბოლოო პასუხზე მიდგება საქმე. ამასთან, გარკვეულ შედეგზე მას შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა რაღაც განცხადებები გაკეთდება, არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ იმ სახელწმიფოთა მეთაურების მხრიდან, ვისთანაც შეხვედრა იქნება. ალბათ ერთობლივი პრესკონფერენციები იქნება და იქიდან შეგვიძლია გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. ჯერჯერობით შეხვედრებს მყისიერი შედეგები არ ექნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მთავრობის უარი მისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა პრეზიდენტისადმი „ოცნების" უნდობლობაც გასაგებია.

„ვერ წარმომედგინა, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ასეთი დონის ღრმა უთანხმოება იქნებოდა, რადგან თითქოსდა ეს ვიზიტი იმ საქმეს ემსახურება, რისკენაც მთავრობა მიდის - რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. თუ მთავრობასთან შეთანხმებული არაა და იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომ თითქოს ეს თვალთმაქცობაა და ა.შ., როგორც ჩანს, „ოცნებას" პრეზიდენტის მიმართ უნდობლობა აქვს და მიაჩნიათ, რომ ზურაბიშვილი ისეთ რაღაცას იტყვის, რომელიც ხელს კი არ შეუწყობს, პირიქით კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ხელს შეუშლის და ევროკავშირში ისეთ განწყობებს გააჩენს, რომ თითქოს სტატუსს მხოლოდ ხალხი იმსახურებს და არა საქართველოს ხელისუფლება. ამ ნარატივს კი ოპოზიცია ავითარებს.

„თუმცაღა, ამის მიუხედავად, თუ პრეზიდენტი ევროპაში მაიც ჩადის, ეს მისი კერძო ვიზიტია და მას მიიღებენ, როგორც მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სტატუსით. როცა ის ოფიციალურად უფლებამოსილი არაა, რომ ეს ვიზიტი განახორციელოს, მაშინ მისი ქმედებები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. აქ კი უკვე იურიდიული კოლიზიები ჩნდება და ალბათ ხელისუფლებიდან ვინმე ამაზე კვალიფიციურ კომენტარს გააკეთებს თუ რასთან გვაქვს საქმე.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მწვავე განცხადებებს არ გამოვრიცხავ, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ბოლო დროს ფაქტიურად „ოცნების" ოპონენტად გადაიქცა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ასეთი განცხადებები გააკეთა, ამით ზურაბიშვილი ზიანს თავის რენომეს მიაყენებს, რადგან გამოდის, რომ ის საკუთარ ეგოს და პოლიტიკურ ინტერესებს აყვა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აზიანებს.

„არცერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიდის, საკუთარ ხელისუფლებას არ აკრიტიკებს. ეს პოლიტიკური კულტურის ძალიან უხეში დარღვევაა და ევროპაშიც კარგ ტონად არ უნდა იყოს აღქმული", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×