ელზა პაპოშვილი
30.08.2023

როგორ აისახება დეკემბრის ბოლო საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე? რა პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებს მმართველი პარტია დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში და მეორეს მხრივ, როგორ გამოიყენებს ოპოზიცია ევროკომისიის შესაძლო უაყოფით პასუხს კანდიდატის სტატუსზე? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ პიარის თვალსაზრისით ამ საკითხში უპირატესობა „ქართული ოცნების“ მხარესაა და ამაში ოპოზიცია თავადაა დამნაშავე. 

მათივე შეფასებით, თუკი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს  მიიღებს, ოპოზიციას მთელი პოლიტიკური გეგმები და სქემა, რომელიც ხელისუფლების პრორუსულობაზე აქვს აგებული, დაეშლება. ეს კი ნიშნავს, რომ 2024 წლისთვის მოქმედი ხელისუფლების გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე პრაქტიკულად გარდაუვალი იქნება. ეს ოპოზიციამ კარგად იცის და ამიტომ შემოდგომიდან ამ თემას ისევ ჩაებღაუჭება, რაც, ანალიტიკოსთა შეფასებით, დიდი შეცდომაა, რადგან კანდიდატის სტატუსზე უარის მიღების შემთხვევაშიც კი, „ოცნებას“ უკვე ისე აქვს პიარი დალაგებული, რომ პასუხისმგებლობის თავიდა აცილება არ გაუჭრდება. იქნება საპროტესტო გამოსვლებიც, მაგრამ არა იმ სიმწვავის, რომ ხელისუფლების შეცვლა გამოიწვიოს.   

ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველო სრულად იმსახურებს ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ერთადერთი, ვინც ამ გზაზე მას ეღობება, ოპოზიციაა.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გვაქვს ძალიან ხელშესახები პროგრესი 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. მუშაობა გრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება თავიდან ბოლომდე პირნათელი იქნება ევროკავშირის წინაშე. ყველანაირი საფუძველი იქნება მზად იმისთვის, რომ დეკემბერში მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, იქნება პოლიტიკური, რაც ნიშნავს შანსებს 50/50-ზე. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი“, - ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა ძალიან რთულია, რადგან  საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში აქტიური მუშაობის ნაცვლად, ყველაფერს აკეთებს ქვეყნის შიგნით ევროსკეპტიციზმის გაღვივებისთვის. 

„გვაქვს ძალიან მძიმე მოცემულობა - ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს, მაგრამ რეკომენდაციების შესრულების გარეშე ვერ მოგვცემს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მისია შესასრულებელი გვაქვს 2024 წლისათვის - იმისთვის, რომ გაფართოების ახალ ტალღაში მოვყვეთ, აუცილებელია ჩატარდეს არჩევნები, ხელისუფლება არჩევნების შედეგად შეიცვალოს და ხელისუფლებაში დემოკრატიული, პროდასავლური ძალები მოვიდნენ, ვინც ყველა იმ რეფორმას გაატარებს, რაც აუცილებელია გაფართოების ტალღისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერც ერთ ტალღას ჩვენ ვერ დავეწევით, რადგან რეფორმები და გაფართოებისთვის მუშაობა ხელისუფლების მიზანი არ არის", - განაცხადა საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ. 

„ხელისუფლებამ უკვე დაიწყო თავის დაზღვევა“

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ პიარის თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია უკვე წამგებიან პოზიციაშია და ამაში თავადვეა დამნაშავე. მმართველ პარტიას კი, თუნდაც სტატუსზე უარის მიღების შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები არ ემუქრება.

„ოპოზიციამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან უკვე  წააგო. ავხსნი რას ვგულისხმობ. ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ბოიკოტი გამოაცხადა და პროცესში არ მონაწილეობს. ამასაც კი ხელისუფლება პიარისთვის იყენებს და მათ საწინააღმდეგოდ ამუშავებს.    

„არ ვიცი რამდენი შეცდომა უნდა დაუშვას ოპოზიციამ, რომ რეალურად მიხვდნენ სად და რატომ სჯობნის მათ ხელისუფლება. ღმერთმა არ ქნას, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ. იქნება რაღაც გამოსვლები, მაგრამ არა იმ მასშტაბის და სიმწვავის, როგორის იმედიც ოპოზიციას აქვს. ხელისუფლებამ უკვე თავის დაზღვევა დაიწყო და ისრები ოპოზიციის მისამართით გადაიტანა. სწორიც არისა, რადგან ამის საშუალებას ოპოზიცია თავად აძლევენ. 

„მეორეც, კანდიდატის სტატუსი თუ არ მოგვცეს, ხალხი ამას მხოლოდ ხელისუფლების ჩავარდნად არ გინიხილავს. იტყვიან - კარგი, თუ ხელისუფლება არ იმსახურებდა, ქართველმა ხალხმა ამისთვის ხომ ვიბრძოლეთ, ვიწვალეთ, რატომ არ მოგვცეს, ხომ გვეკუთვნოდა?! ამიტომ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ხელისუფლებას მაინც ექნება თავის გასამართლებელი არგუმენტები. 

„თუ დადებითი პასუხი მივიღეთ, მაშინ ჩათვალეთ, რომ ოპოზიციას მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი დაეშლება. ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, იქნება რაღაც გამოსვლები, მაგრამ ხელისუფლებამ თუ რაიმე კატასტროფა შეცდომა არ დაუშვა, საპარლამენტო არჩევნებზე მაინც გაძვრება“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, ხელისუფლების პიარი იმაზეა აგებული, რომ ოპოზიციას სურს სტატუსი არ მოგვცეენ, რათა შემდეგ ეს რევოლუციური სცენარისთვის გამოიყენონ და ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით შეცვალონ. ოპოზიცია კი ამ შეხედულების გავრცელებას თავადვე უწყობს ხელს.

„ოპოზიცია დღე და ღამ გაჰყვირის, რომ თუ სტატუსი არ მოვცეს, ხელისუფლება უნდა შევცვალოთო. ოპოზიციას ყველა თემა გაუხუნდა და ხალხს ვერ აჯერებენ, რომ „ოცნებაზე“ უკეთესები არიან. ამიტომ ვამბობ, რომ შემდოგომაზე მოსახლეობას რაღაც ახალი უნდა შესთავაზონ. ეს ორი თემა - ხელისუფლების პრორუსლობა და კანდიდატის სტატუსი - უკვე გაცვდა, დაიღალა ხალხი ერთი და იგივეს მოსმენით. მათ სჭირდებათ ოპოზიციისგან საქმე და რეალურ პრობლემებზე საუბარი. ხელისუფლება მათ დაჯერებას საკუთარ სიმართლეში უფრო ახრეხებს, ვიდრე ოპოზიცია, ეს კი ძალიან ცუდია, რადგან 2024 წელს შესაძლოა ამაზე ცუდი სიტუაცია მივიღოთ, მითუმეტეს, თუ კანდიდატის სტატუსზეც უარი გვითხრეს “, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.     

„დადებითი პასუხი ოპოზიციას რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს“  

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც ფიქრობს, რომ ოპოზიცია პიარის თვალსაზრისით უკვე დამარცდა მმართველ პარტიასთან. როგორც მან „რეზონანსს“ განიცხადა, კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში, საზოგადოებაში იქნება უკმაყოფილება და ოპოზიციაც, ბუნებრივია, შეეცდება ეს თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. თუმცა, როდესაც საპროტესტო მოძრაობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ერთვება, რა თემასთანაც არ უნდა იყოს დაკავშირებული ეს პროტესტი, როგორც წესი, ხალხი მისგან დისტანცირებას იწყებს.

„არ ვიცი ამ გაკოტრებულმა და პოლიტიკურად სრულიად განულებულმა ოპოზიციამ რა უნდა მოახერხოს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ კანდიდატის სტატუსის სათავისოდ გამოყენებას შეეცდებიან. თუმცა ხალხი გაჰყვება თუ არა - ამაშია საქმე. მოსახლეობა თუ არ აჰყვა, ვერაფერს შეძლებენ. 

„ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსის თემაზე ხელისფლებამ ნებისმიერ შემთხვევაში პიარის კუთხით ოპოზიციას მოუგო. მოსახლეობა ხედავს, რომ „ოცნება“ მუშაობს, თუნდაც 12 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით. ისიც კარგად იციან, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მოლდოვასა და უკრაინაზე წინ ვართ რეფორმების კუთხით, თუმცა მაინც უარი გვითხრეს. ეს კი ხალხში ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს. 

„რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩვენებზე ძალიან დიდი გავლენა ექნება, თუ რა პასუხს მივიღებთ და ეს ღარიბაშვილმა უთხრათ კიდეც ევროპელებს - თუ გსურთ საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაცია და ქვეყნაში არეულობის თავიდან აცილება, მაშინ მოგვეცით სტატუსიო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღებაზე იქნება დამოკიდებული. 

„თუ დადებითი პასუხი მივიღეთ, მაშინ ოპოზიცია ძალიან რთულ სიტუაციაში  აღმოჩნდება. ამიტომ ცდილობენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. ამ ხალხისთვის საკუთარი, პირადი ინტერესები ყველაზე მაღლა დგას“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×