
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას ევროკომისიის გზავნილი წამოეწია, რომელიც არ ეთანხმება ამ განცხადების შინაარსს, რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის 2030 წლამდე უნდა მოემზადოს. ეს კი ანალიტიკოსებს იმის განცდას უტოვებს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების ვადებზე თავად გაერთიანებაში არაა ერთიანი პოზიცია.
ამასთან, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შარლ მიშელის განცხადებიდან გამომდინარე, ევროკავშირში პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გაერთიანების წევრები გახდნენ, თუმცა, შესაძლოა გაჩნდეს პერსპექტივა და ისტორიულ მიზნამდე უფრო მალე მივიდეთ, ვიდრე მიშელის მიერ დასახელებული თარიღია.
მანამდე კი როგორც ექსპერტები და ევროპელი ლიდერებიც აღნიშნავენ რეფორმებია გასატარებელი, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მოლდოვაში და რეკომენდაციები იმაზე მეტი იქნება, ვიდრე გასულ წელს ევროკავშირმა ამ ქვეყნებს დაუსახა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებია დაგეგმილი და ესეც ქვეყნების ევროპერსპექტივაზე დიდ გავლენას მოახდენს.
ევროკომისია ევროპული საბჭოს პრეზიდენტს არ ეთანხმება
ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტი აცხადებს, რომ ევროკომისია კონრეტულ თარიღზე ორიენტირებული არაა. ამბობს, რომ შარლ მიშელს ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან კონსულტაციები არ გაუვლია.
„თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ ფოკუსირებული ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად", - განაცხადა სპინანტმა.
სპინანტის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია" და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის 2030 წლამდე უნდა მოემზადოს.
„გასულ წლის ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ", - აღნიშნა მიშელმა.
მისივე განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული" იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.
„ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ შემდეგი გრძელვადიანი ბიუჯეტი საერთო მიზნებს უნდა შეიცავდეს. ეს ამბიციურია, მაგრამ საჭიროა. ეს ჩვენ სერიოზულ განწყობას აჩვენებს", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის იმპულსი გახდება - იმპულსი რეფორმების ჩატარებისთვის, გამოიწვევს მათ ინტერესს, ინვესტიციებს და უკეთეს ურთიერთგაგებას.
„შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამის შესაბამისად. ამიტომ გაფართოების საკითხი ევროპული საბჭოს უკვე მომდევნო სხდომებზე განიხილება. ჩვენ დავიკავებთ მკაფიო პოზიციას უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. მე ასევე ველი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ბოსნია - ჰერცეგოვინა და საქართველოც იქნებიან", - განაცხადა მიშელმა.
გაიხსნება თუ არა შესაძლებლობების ფანჯარა 2030 წლამდე
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიშელის განცხადება არაპარტნიორული და კანდიდატი ქვეყნებისთვის დამაბნეველი იყო.
„შარლ მიშელმა ამ განცხადებით აჩვენა, რომ ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას შორის კიდევ ერთი უთანხმოებაა, განსაკუთრებით საგარეო ასპარეზზე. დასამალი აღარაა და ევროპულ მედიაში ხშირად წერენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი ეჯიბრებიან თუ ევროკავშირს საგარეო ასპარეზზე უმაღლეს დონეზე ვინ წარმოადგენს. მიშელის ამ განცხადებას უფრო ამ კონტექტში ვხედავ, რომელიც აშკარად არაპარტნიორული, უსამართლო და კანდიდატი ქვეყნებისთვის კარკვეულწილად დამაბნეველია.
„რაც შეეხება იმას თუ კანდიდატი ქვეყნის სტატუსიდან გაწევრანებამდე რა ეტაპები უნდა განვლოთ, აქ საკმაოდ ხანგრძლივი მანძილია, თუმცა, გაწევრიანების მოლაპარაკების ფაზის დროს მთავარია ესა თუ ის სახელმწიფო ევროკავშირის რეკომენდაციებს რა ტემპით შეასრულებს და ეს რეკომენდაციები უფრო მეტია, ვიდრე 12 პუნქტიანი რჩევების პაკეტი, რაც ჩვენ შარშან ევროკავშირმა დაგვისახა.
„როგორც ევროკავშირში, ისე წევრი ქვეყნების ლიდერებმა თავად აღიარეს, რომ გაფართოების პროცესი ხანგრძლივია და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული.ახლა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წევრობის საკითხი იხილება, ესეც რამდენიმე თვეში არ მოხდება და გარკვეული პერიოდი სჭირდება, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ხელისუფლება მაინც არ აპირებს, რომ ევროინტეგრაციის გზას გადაუხვიოს.
„ზუსტად ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა კონსტიტუციაში ასეთი უპრეცედენტო პრიორიტეტის ჩაწერას და „ქართული ოცნების" ოპონენტების პესიმიზმს ვერ ვიზიარებ, რომ საქართველომ დასავლურ კურსს გადაუხვია და ჩრდილოეთისკენ მიდის. ევროინტეგრაცია ხენგრძლივი პროცესია და მრავალ ბიუროკრატიულ მექანიზმთან და მოლაპარაკებების პროცესთანაა დაკავშირებული",- განაცხადა გია აბაშიძემ.
აბაშიძე ამბობს, რომ 2024 წელს ევროპარლამენტის არჩევნებია დაგეგმილი და ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
„ზოგადად, 2024 წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებია დაგეგმილი და გამომდინარე იქიდან თუ რომელი პარტია დაწინაურდება, ევროკავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელობის ცვლილება მოჰყვება ხოლმე, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შიდა ევროპულ გამოწვევებსაც ეხება.
„აქედან გამომდინარე, შარლ მიშელის პროგნოზს ვერანაირად ვერ გავიზიარებ, რადგან ეს ჩემი კი არა, არამედ ევროპელი აქტორების პროგნოზებია, რომ ახალი წვერი ქვეყნები უნდა მიიღონ, თუმცა ეს კიდევ ერთ საკითხს უკავშირდება - რასაც უკრაინაში ომის დასრულება ჰქვია. ამაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუ რა იქნება ევროპულ კონტინენტზე და ფართო რეგიონში",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
თსუ-ს პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირში საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების თარიღზე ჯერჯერობით ერთიანი პოზიცია არაა.
„ის,რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის 2030 წლამდე უნდა მოემზადოს, ეს ევროპული საბჭოს პოზიცია იყო და ეტყობა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ შეჯერებული არაა, რადგან ევროკომისია კონკრეტულ ვადებთღან დაკავშირებით ამას არ დაეთანხმა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ თემაზე ერთიანი კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს.
„ამასთან, წევრი სახელმწიფოების პოზიცია არ ვიცით, რომლებმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ამას მხოლოდ ევროკომისია ვერ გადაწყვეტს. ჩვენ პერსპექტივა 2030 წლამდეც გვაქვს, ყველაფერი პოლიტიკურ პროცესზეა დამოკიდებული. ამისათვის მთავარია თუ კანდიდატი ქვეყნები ამ შესაძლებლობების ფანჯარას როგორ გამოიყენებენ.
„შესაძლებლობების ფანჯარა დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან კონკრეტული ფაქტორები არსებობს, რომლებიც ამაზე გავლენას მოახდნს, ერთი - ესაა უკრაინის ომის დასასრული, ანუ როგორ გაგრძელდება და რა შედეგი ექნება, მეორე - ევროპარლანენტში მომავალი წლის არჩევნები, შარლ მიშელი აღარ იქნება, ასევე, არ ვიცით ევროკომისიის არჩევნებში ფონ დერ ლაიენი დარჩება თუ არა - კარგი იქნება თუ დარჩება, რადგან ეს პრინციპი ალბათ შენარჩუნდება.
„თუ ევროკავშირის არჩევნების შედეგად ახალი ხალხი მოვიდა, საინტერესოა იმ დროს რა განწყოები იქნება, ასევე, თუ ხელისუფლების სათავეში ულტრამემარჯვენე ძალები მოვიდნენ, ევროკავშირის გაფართოებას რამდენად დათანხმდებიან. ამასთან, ბევრი ფაქტორია, მაგალითად სოციალურ-ეკონომიკური, რომელიც მნიშვნელოვანია.
„ეს ასევე იმაზეა დამიკდიებული თუ საქართველო უკრაინა და მოლდოვა ამ შესაძლებლობებს როგორ გამოიყენებენ, ანუ დემოკრატიის თვალსაზრისით რა პირობები ექნებათ, რეფორმების კუთხით რამდენად წინ წაიწევენ, ეს ალბათ წარმატების გასაღები იქნება",- განაცხადა კაკაჩიამ.
კითხვაზე, თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, რა ეტაპები აქვს გასავლელი წევრობამდე კაკაჩიან განაცხადა: „საქართველოში და საქართველოს ხელისუფლებაში თუ ძირეული ცვლილებები არ მოხდა, არა მგონია ჩვენ რომ კანდიდატის სტატუსის იქით წავიწიოთ. რეფორმები აუცილებელია და არ მაქვს იმედი, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსის იქით წავიდეთ, ეს ალბათ ამ მმართველობის პირობებში მაქსიმუმი იქნება.
„ეს იმ რეპუტაციული ზიანიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს მიყენებული, მათ ჩვენი პარტნიორების ნდობა დაკარგეს და ალბათ ეს ძნელად აღსადგენია. ახლა მთავარია კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, დანარჩენზე ამ ეტაპზე ცოტა ნაადრევია საუბარი",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".