თამთა ჩაჩანიძე
31.08.2023

შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თითქმის ერთი თვეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, არეალი გაფართოვდა და შესაბამისი სამსახურები სტიქიის ეპიცენტრიდან 120 კმ-ის რადიუსში მუშაობენ. ორ დაკარგულ არასრულწლოვანს ამ დრომდე ეძებენ და როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე, იმის მცირე შანსი იქნება, რომ ცხედრები იპოვონ.

აღსანიშნავია, რომ დაკარგულ მცირეწლოვნებს სტიქიის ზონიდან გუმათ-ჰესამდე მდინარეების კალაპოტებში და დამეწყრილ ადგილებში ეძებენ. ამ დრომდე ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, საიდანაც ყველა იდენტიფიოციებულია. როგორც ცნობილია, სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები, მაშველები, სამხედრო მოსამსახურეები და კინოლოგთა ჯგუფები.

სტიქიის ზონაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა. ამას გარდა ონისა და ამბროლაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებთან მობილიზებულია ორი რეანომობილი, ეს ჯანდაცვის სამინისტროსგან მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შოვში სამძებრო სამუშაოების დროს სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტრომ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია. მედია წერდა, რომ 29 აგვისტოს სამხედრო პირი, რომელიც რაჭაში სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული გულის შეტევით გარდაიცვალა, რაც დაგვიანებულმა სამედიცინო ჩარევამ გამოიწვია.

რაც შეეხება ონის მერის ლევან შერაზადიშვილის განცხადებას, მისი თქმით, სამუშაოები გაგრძელდება მანამდე, სანამ ორი მცირეწლოვნის პოვნის მცირე შანსი მაინც იარსებებს.

„სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სტიქიის ზონაში, ასევე მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ასევე, სამუშოები მიმდინარეობს გუმათჰესის ტერიტორიებზე. ვიდრე მცირე შანსიც კი იქნება იმისა, რომ ნანახი იქნას ცხედრები, სამუშაოები გაგრძელდება", - განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.

აქვე ცნობილი ხდება, რომ მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს ფსიქოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენს.

ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 23 საკითხი განიხილეს.განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ.

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას.

„აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში",- აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს თუ შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებულებს, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახისწევრებს რა ტიპის დახმარებას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტრო.

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას.

„აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში",- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

შოვში ბოლო ორი ცხედარი მაშველებმა 24 აგვისტოს იპოვეს. სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრში.

მეწყერი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის ჩამოწვა. მაშველებმა პირველივე დღეებში სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ სრული ოფიციალური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ.

ცნობები კონკრეტულ დაღუპულებსა და დაკარგულ პირებზე, სოციალურ ქსელებსა და მედიაში მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება.

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში აღნიშნულია, რომ შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა. მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×