თამთა ჩაჩანიძე
01.09.2023

„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს - მმართველმა გუნდმა 50 დეპუტატის დახმარებით ჯერ ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს და თუ დარღვევა დადასტურდა, საკითხის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება, იქ კი პრეზიდენტის გადაყენებას კენჭი უნდა ეყაროს, რისთვისაც მინიმუმ 100 ხმაა საჭირო - საპარლამენტო უმრავლესობაში კი დღეს „ხალხის ძალის" ჩათვლით 84 დეპუტატია.

თუ უმრავლესობიდან ყველა თანახმაა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს, „ოცნებას" ოპოზიციიდან მინიმუმ 16 ხმა აქვს მოსაძიებელი. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, დიდი ალბათoბით მმართველი პარტია პრეზიდენტს ვერ გადააყენებს თანამდებობიდან, თუმცა, დასძენენ, რომ აქ შეიძლება გათვლა იმაზე იყოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადასტუროს.

ენმ კი აცხადებს, რომ „ამას ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს, მხოლოდ ის, რომ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი მოახდინოს. ასევე, გადაფაროს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ქვეყანაშია და საქართველოს მოქალაქეს აწუხებს".

რას აპირებს „ოცნება"

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპული ტურნე 31 აგვისტოს დაიწყო, რომლის ფარგლებში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება, „ოცნება" აცხადებს, რომ პრეზიდენტს ამ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის თანხმობა არ ჰქონია, მალევე მთავრობისგან შესაბამისი განცხადებაც გავრცელდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ისრაელსა და არაბთა საამიროებში ვიზიტებზე. 31 აგვისტოს ზურაბიშვილი გერმანიაში თავის კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, 1-ელ სექტემბერს კი ბრიუსელში ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელს შეხვედრაა დაგეგმილი.

აქედან გამომდინარე, „ოცნება" მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, 1-ელ სექტემბერსვე მმართველი გუნდის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც პარტიის გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას „ქართული ოცნების"თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აცნობა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ.

„მე პირდაპირ გეტყვით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" გარეშე ეს პროცესი ვერ დასრულდება შესაბამისი შედეგით. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას ანუ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", ბუნებრივია, ისინი არიან კოორდინაციაში სალომე ზურაბიშვილთან და შესაბამისად, მათი მხრიდან მხარდაჭერა გამორიცხულია.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიმოქმედოთ კონსტიტუციის მიმართ პასუხისმგებლობით, ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოცანა. ჩვენ გვექნება ერთადერთი მცდელობა, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ ამ კენჭისყრაზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან, სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით", - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანენ, მისი იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა კი ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

„პროცედურა ასეთია, თავიდან საჭიროა მინიმუმ 50 დეპუტატის ხელმოწერა. ამის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში შედის კონსტიტუციური წარდგინება. სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვს, რომ საკუთარი დასკვნა წარმოადგინოს კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე. ამის შემდეგ, პარლამენტს ორკვირიანი ვადა აქვს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, კენჭისყრაზე 2 კვირის ვადაში უნდა გავიდეს ეს საკითხი. უახლოეს დღეებში შევიტანთ წარდგინებას და დასკვნა, ალბათ, ოქტომბრის პირველ რიცხვებში იქნება, შუა რიცხვებში შედგება საბოლოო კენჭისყრა", - აღნიშნა კობახიძემ.

როგორია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

აღნიშნულ საკითხზე „რეზონანსს" დეტალურად კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ჯერ პარლამენტის არანაკლემ 50-მა წევრმა პრეზიდენტის ბრალი უნდა ჩამოაყალიბოს და ეს დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნოს და თუ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადასტურდა, ამას პარლამენტში კენჭისყრა მოჰყვება და საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის ხმა.

„პროცედურა ასეთია - პარლამენტის არანაკლებ 50-მა წევრმა პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალი უნდა ჩამოაყალიბოს და მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვოს. მას შემდეგ, რაც ამას პარლამენტში წარადგენენ, პარლამენტმა ეს საბუთები საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს, რომელმაც პრეზიდენტის მოქმედება უნდა შეაფასოს, ბრალის დასაბუთებულობა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია.

„თუ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა არ დაადასტურა, პროცესი შეწყდება და პრეზიდენტს იმავე საკითხით ბრალს განმეორებით ვეღარ წარუდგენენ. თუ სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა, მაშინ პარლამენტში ამ საკითხის განხილვა გაგრძელდება პლენარულ სხდომაზე. პრეზიდენტს უფლება აქვს, რომ თავისი წარმომადგენლის მეშვეობით თავი დაიცვას და ბრალის გაბათილებას შეეცადოს. შემდეგ კი, პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას კენჭი უნდა უყაროს. ამ გადაწყვეტილების მიღებას კი სულ ცოტა 100 ხმა სჭირდება.

„თუ პარლამენტმა პრეზიდენტი თანამდებობიდან ვერ გადააყენა, ბუნებრივია ის თავის თანამდებობაზე დარჩება, მაგრამ თუ გადააყენა, მაშინ 45 დღის ვადაში პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, ოღონდ თუ ეს თარიღი დაემთხვა პარლამენტის არჩევნების თვეს, ან მის წინა თვეს, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები 45 დღეში კი არა, მხოლოდ ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ გაიმართება.

„დღეს, რომ 2024 წელი იყოს, არჩევნები ვერ გაიმართებოდა, რადგან იმპიჩმენტის პროცესს სექტემბრის ბოლომდე ვერ მოასწრებენ, მაგრამ ახლა სრულიად შესაძლებელია",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".

რატომ დაიწყო „ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გვეუბნება, „ოცნებისთვის" თავდაპირველი 50 ხმა პრობლემა არ იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს, თუმცა, მისი თქმით 100 ხმის მოგროვება გაუჭირდება და არაა გამორიცხული, რომ სწორედ გათვლაც ეს იყოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის ბრალი დაადასტუროს, რომ ზურაბიშვილს პოლიტიკური ზიანი მიადგეს.

„ქართული ოცნებისთვის" 50 ხმის შეგროვება და ბრალის წარდგენა პრობლემა არ იქნება, მაგრამ პრეზიდეტის თანამდებობიდან გადაყენებისთვის ასი ხმის მოგროვება ვფიქრობ იმდენად პრობლემური იქნება, რომ ამას ვერ მოახერხებენ. მაშინ აქ ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს, რომ როგორც აღვნიშნე, თუ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ის საკონსტიტუციუო სასმართლოს უნდა გადაეგზავნოს იმისათვის, რომ დაადგინოს დაარღვია თუ არა კონსტიუტუცია.

„გათვლა როგორც ჩანს იმაზეა, ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დააღვია და ამით პრეზიდენტს პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებენ, მაგრამ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა არ დაადასტურა, რადგან ეს საკითხი საკამათოა, მაშინ უკვე ძლიერ დარტყმას „ქართული ოცნება" მიიღებს, ასე რომ ვნახოთ",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნებამ" სწორი გადაწყვეტილება მიიღო და იმპიჩმენტისთვის ხმები რომც არ ეყოს, სრულიად საკმარისი იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინოს.

„მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკური, სამართლიანი და პასუხისმგებლიანია, რადგან საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა კონსტიტუციის ორი მუხლი დაარღვია და ეს პირველი შემთხვევა არაა. 2022 წელს ზურაბიშვილი გაჯიუტდა და ელჩებს არ ნიშნავდა, მაშინ „ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა, რომელიც 2023 წლის იანვარში გაიტანა, რადგან პრეზიდენტმა ელჩების კანდიდატურები დაამტკიცა.

„ქართულ ოცნებას" ხმები ეყოფა თუ არა, ეს არაფერს ნიშნავს. თუ საკონსტიტუციომ საქართველოს პრეზიდენტი გაამტყუნა, ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნება, რაც უკვე ყველაფერს ნიშნავს. შეიძლება უმნიშვნელო შედარებაა, მაგრამ, გვახსოვს, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ გაამტყუნა და მათ კანონის ენით თაღლითები უწიოდა.

„თუ საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის ენით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დამრღვევი უწოდა, ეს მის ბიოგრაფიაში ცუდ დამღასავით დარჩება, იმის მიუხედავად იქნება თუ არა საბოლოო ჯამში ასი ხმა. სახოგადოების დიდი ნაწილი კარგა ხანია ითხოვს, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს და „ოცნების" ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

„მანამდე ზურაბიშვილი კონსტიტუციის უხეშად დარღვევაში შემჩნეული არ იყო, რაც იმპიჩმენტის ერთ-ერთი საფუძველია, რადგან ახლა დაარღვია, მმართველ პარტიას სრული უფლება აქვს. ნაცოპოზიციის ბრიყვული და უაზრო განცხადებები, რომ თითქოს იმპიჩმენტის მხარდაჭერა პუტინის გეგმის შესრულება იქნება, ეს მორიგი სისულელეა და თუ ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ, გამოჩნდება, რომ უმაღლესი კანონის კონსტიტუციის დამრღვევს უჭერენ მხარს, რაც რადიკალებისგან გასაკვირი არაა, ისინი ყოველთვის უკანონობისა და ბოროტების მხარეზე დგანან",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×