ნაზი ბერიძე
01.09.2023

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გალის რაიონში ენგურჰესის კომპლექსის საქმიანობას გაეცნო, და აღნიშნა რომ წელს უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე შარშან იყო. თუმცა, როგორც ექსპერტები „რეზონანსთან" ამბობენ, აფხაზეთში ელექტროენერგია ნომერ პირველი მოუგვარებელი პრობლემაა.

ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, „ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ ე.წ. პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს ენერგეტიკული კომპლექსი და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. მან ასევე, ისაუბრა ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოს შესახებ.

ბჟანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „წელს შარშანდელზე ბევრად უკეთესი მდგომარეობაა". „მიუხედავად ამისა, შემოდგომაზე წყალი არ იქნება საკმარისი და შესაბამისად, მოგვიწევს ელქტროენერგიის უზრუნველსაყოფად ისევ რუსეთის ხელმძღვანელობას მივმართოთ",-აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, მსგავსი სიტუაციები ბევრ მეზობელ სახელმწიფოს შეექმნა, მაგალითად, საქართველოში იყო დრო როცა ელექტროენერგია 5,7, 9 საათის განმავლობაში ითიშებოდა. „არის ეკონომიკური მიდგომები, უკვე დანერგილია და ჩვენ დავჭირდება ამ გზით გავლა. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს",-განაცხადა ბჟანიამ.

ასევე, ბჟანიამ თქვა რომ მოსახლეობამ ელექტროენერგიაში ფული ისევე უნდა გადაიხადოს, როგორც პურში ფქვილში და მობილურ კავშირში და რომ სხვანაირად ვერ გაგრძელდება.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ელექტროენერგიის საკითხი ძალიან პრობლემატურია აფხაზეთში.

„დავიწყოთ იქედან, რომ აფხაზეთში არ არის გაზი, აქედან გამომდინარე ელექტროენერგიის მოხმარება არის ძალიან მაღალი - გათბობა ზამთარში ელექტროენერგიის მეშვეობით ხდება. თუ რაიონების მიხედვით გადავხედავთ, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა ყველაზე მაღალია გალის რაიონშია, დანარჩენ რაიონებში გადახდა არის 30-35%-ის ფარგლებში.

„აფხაზეთში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ომის ვეტერანებს შეღავათი აქვთ, დენის გადასახადი არა აქვთ. რაც წლები გადის, ირკვევა, რომ აფხაზეთის მთელ მოსახლეობას მიუღია ჩვენ წინააღმდეგ ომში მონაწილეობა, დიდიან-პატარაიანად, ომის შემდეგ დაბადებულ ბავშვებსაც. ყველა ვეტერანი გახდა - დაახლოებით 60 ათასი ვეტერანია. რასაკვირველია ყველა დოკუმენტი გააყალბეს ამისთვის. გადახდის თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა.

„მეორე საკითხი ეს არის თვითონ ქსელების საკითხი, ქსელები არის ძველი და ამორტიზირებული. შედეგად, ამ ქსელებით გატარებული და გამომუშავებული ელექტროენერგია, ძალიან მაღალ პროცენტს ყლაპავს, ამ სიძველის გამო. დაახლოებით 15%- დან 30%-ს სხვადასხვა ადგილას.

აქედან გამომდინარე, როცა ქსელები არის ასეთ მდგომარეობაში ძაბვა არის არასტაბილური. ტრანსფორმატორი თუ არა გაქვს, რომ დაარეგულიროს ძაბვა, ვერ ამუშავებ, ტელეფონს ვერ დამუხტავ. ამიტომ მთელი აფხაზეთი მოფენილია ტრანსპორმატორებით, ეს კიდევ დამატებითი ხარჯია.

„მიუხედავად იმისა, რომ ზეპირი მოლაპარაკება იყო 90-იან წლებში 40% უნდა წაეღო აფხაზეთს და 60% საქართველოს, არის შემთხვევები, განსაკუთრებით ზამთრის ბოლო პერიოდში, თებერვალ-მარტის დასაწყისში, როცა აფხაზეთს 100% მიაქვს ენგურიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის. ბოლო დროს მცდელობაა, რომ აამუშაონ მცირე ჰესები, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში აშენდა.

„აფხაზეთში საერთოდ არ არსებობს ცნება - სამოქალაქო დისციპლინა. მხოლოდ ზოგადი პატრიოტიზმი ახასიათებთ. აქედან გამომდინარე, გამოსავალი არ არის მორჩა. რუსები აწვდიან რა თქმა, უნდა ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიას, მაგრამ აწვდიან იმ დოზით, რა დოზითაც სჭირდებათ" - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს რომ აფხაზების მთავარი პრობლემა არის ის, რომ ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან.

„ელექტროენერგიის პრობლემა არის ნომერ პირველი პრობლემა აფხაზეთში. ნებისმიერ პირს რომელიც ცხოვრობს აფხაზეთში, რომ ჰკითხო რა არის ყველაზე მტკივნეული და მოუგვარებელი პრობლემა, გეტყვის, რომ ეს არის ელექტროენერგია.

„ზამთარშიც როგორც წესი დენი არა აქვთ, 2-3 საათით მიეწოდება ენერგია. ზაფხულშიც კი ხდება ელექტროენერგიის შეწყვეტა - ეს არის ნომერ პირველი გამოწვევა აფხაზეთისთვის. ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოაბა თავი ამ საკითხს.

„არავინ იხდის ელექტროენერგიის გადასახადს, ძალიან დაბალი ტარიფია და ამ დაბალ ტარიფსაც არ იხდიან. ენგურჰესიდან ფაქტობრივად უფასოდ მიეწოდებათ ელექტროენერგია. რამდენჯერაც მოინდომა აფხაზეთის მთავრობამ გაეზარდა ტარიფები და ამ ტარიფებით მოეხდინა ელექტროგადაცემის მოგვარება, ვერ შეძლო. აფხაზეთში, ძველი ბოძებია, ძველი მავთულებია, ამორტიზირებული და ავარიულია ყველაფერი. დენი ამიტომ ვერ მიეწოდება, სულ ითიშება. ტრანსფორმატორები არ უვარგათ, იწვება და სულ მუდმივი პრობლემები აქვთ" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×