
„ოცნების" მიერ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მიუხედავად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპის ტურნე და ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრები არ შეუწყვეტია, პირიქით, ის გერმანიის მერე ბრიუსელში გაემგზავრა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. სოციალურ ქსელში კი მოგზაურობისა და შეხვედრების ამსახველი ფოტოებიც ატვირთა.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს იმპიჩმენტის შეჩერების სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს, თუმცა, მისგან მოსალოდნელია ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც სიტუაციას უფრო გაამძაფრებს, ან ევროპიდან ისეთი გზავნილებს ჩამოიტანს, რომ ხელისუფლების მოღვაწეობას დადებითად შეაფასებს, ამის შემდეგ კი შეიძლება „ოცნებას" არათუ უკან დახევა, არამედ ბოდიშის მოხდაც მოუწიოს".
ანალიტიკოსებისვე შეფასებით, თუ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება გამწვავდა, ეს ქვეყნისთვის კარგი არ იქნება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე ნეგატიურად აისახება.
1-ელ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „ოცნება" პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, რადგან ევროპაში ვიზიტზე საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა, თუმცა მას გეგმები არ შეუცვლია და ტურნეს აგრძელებს. ამას ცალკეული ევროპელი ლიდერებისგან კრიტიკაც მოჰყვა და ზურაბიშვილს სოლიდარობას უცხადებენ, ეს კი „ოცნებამ" უპასუხოდ არ დატოვა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როტისა და ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას კრიტიკულ განცხადებებს და ევროპელ კოლეგებს ურჩევს, „ჯერ გაერკვნენ, რას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია".
„ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის უზენაეს კანონს ისევე, როგორც ჩვენ ვცემთ ევროპელი კოლეგების და მათი ქვეყნების უზენაეს კანონს. დამისახელეთ რომელიმე ევროპული, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პრეზიდენტის მხრიდან ხდება კონსტიტუციის უხეშად დარღვევა, დაასახელონ ამ ადამიანებმა, ვინც ასე უხეშად საუბრობს და ცდილობს ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის შიდა საკითხში, დაასახელონ როგორ იქცევიან და იქ როგორ ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ასევე, თუკი ასეთი რამ მოხდება, დაცული უნდა იყოს თუ არა მათი კონსტიტუცია.
„ქალბატონი გრიგოროვა არ არის მხოლოდ ჩვენი პარტნიორი, ის აკეთებს განცხადებებს, რომელიც არ შეეფერება პარტნიორობას და ქვეყნის მიმართ გულშემატკივრობას, მითუმეტეს, არც ჩვენი ხალხისადმი გულშემატკივრობას. ჩვენ გვყავს ბევრი ნამდვილი გულშემატკივარი, პარტნიორი, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის, ხელისუფლების, ხალხის მთალიანად ევროინტეგრაციას, მაგრამ არა ისეთი განცხადებებით, რომელსაც გრეგოროვა აკეთებს,"- განაცხადა ოხანაშვილმა.
შესაძლო საპასუხო ნაბიჯები ზურაბიშვილისგან
როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ზურაბიშვილს სამართლებრივად იმპიჩმენტის შეჩერების რესურსი არ აქვს, მას შეუძლია ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები გადაგდას, რაც სიტუაციას დაარეგულირებს, ან პირიქით გაამწვავებს.
„ზურაბიშვილს რა ბერკეტი უნდა ჰქონდეს, შესაძლოა სიამაყით თქვას - მე და ამერიკის პრეზიდენტს იმპიჩმენტს გვიცხადებენო, მაგრამ, არა მგონია, რომ ამ მოვლენას ის წონა ჰქონდეს, რომ იურიდიულად დასმულმა საკითხმა გაგრძელება ჰპოვოს.
„ზურაბიშვილს იმპიჩმენტის შეჩერების რესურსი არ აქვს, მაგრამ, მას პოლიტიკური ძალით შეუძლია სიტუაცია შეცვალოს - თუკი მან დასავლეთიდან რეაქციების მთელი რიგი ჩამოიტანა, ისეთი, როგორც საქართველოს სჭირდება და ამასთან, საქართველოს მთავრობის მოღვაწეობას პოზიტიურად შეაფასებს, მაშინ რა თქმა უნდა, „ოცნებას" არათუ უკან დახევა, არამედ ბოდიშის მოხდაც მოუწევს.
„მაგრამ თუ ამ ვიზიტის შედეგად დასავლეთში ფრაზები გახშირდა, რომ საქართველო რუსეთისკენ იყურება და პრეზიდენტიც მაგას იძახისო, მაშინ დამოკიდებულება რა თქმა უნდა უფრო გამწვავდება და იმპიჩმენტის მსვლელობასაც უფრო მძაფრი ხასიათი მიეცემა",-განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, ზურაბიშვილისა და „ოცნების" დაპირისპირებს როგორ შეიძლება აისახოს კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, საყვარელიძემ გვითხრა:
„გააჩნია ვიზიტს როგორი შედეგი ექნება, თუ საკვანძო თემა გახდა ის, რომ მთავრობა რა კარგია და ყველა ერთად ევროპისკენ წავიდეთო, მაშინ არანაირი გავლენა არ ექნება და თუ ვიზიტის საკვანძო თემა გახდება ის, რომ ხალხი იმსახურებს წევრობას და მთავრობა არაო, მაშინ ცხადი იქნება, რომ პრეზიდენტის მოლაპარაკებები ამ პოზიციას ასხამდა წყალს და ამან შესაძლოა დასავლეთში ლიდერების პოზიციაზე გარკვეული რყევები გამოიწვიოს"-განაცხადა საყვარელიძემ.
ამბობს, რომ თუკი ამ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განცხადებები გააკეთა, ნაკლებსავარაუდოა, რომ მისგან „ოცნების" მისამართით კრიტიკა მოვისმინოთ.
„სალომე ზურაბიშვილი ის პიროვნება არაა, რომელიც ისე იქცევა ხოლმე, როგორც ელოდებიან, მისგან მოულოდნელობა უფრო მოსალოდნელია. მეეჭვება, რომ მან ბრიფინგებზე, ან პრესკონფერენციებზე განცხადებებში სიტუაცია გაამძაფროს",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთნ" აცხადებს, რომ პრეზიდენტს პოლიტიკური ბერკეტი აქვს, სპეციალური ბრიფინგით, ან სხვა სახის ოფიციალური განცხადებით მსოფლიოს გააგებინოს შემდეგი შინაარსის განცხადება, რომ ის კონსტიტუციას იცავს და „ოცნება" ამაში ხელს უშლის.
„ოცნების" მიზანი პირველ რიგში ზურაბიშვილისა და ოპოზიციის დისკრედიტაციაა, რადგან მმართველ გუდს პრეზიდენტის იმპიჩმენტი გაუჭირდება. 50 დეპუტატი რა თქმა უნდა მხარს დაუჭერს იდეას, რომ თითქოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, მაგრამ ამ პროცესის საბოლოოდ გასაფორმებლად 100 დეპუტატს ვერ შეკრებენ. საკონსტიტუციო სასამართლოც ჩემი აზრით, ხელისუფლების კონტროლქვეშაა და დიდი ალბათობით დასკვნას გამოიტანს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
„დიდი ალბათობით პრეზიდენტის იმპიჩმენტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს და „ოცნებაც" მერე იტყვის, რომ ისინი კონსტიტუციის დამრღვევის მხარდამჭერები არიან. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბერკეტი აქვს განაცხადოს, რომ სახელმწიფოს მეთაურია, ის პირიქით, კონსტიტუციას იცავს, კანდიდატის სტატუსისთვის ევროპელ ლიდერებს ხვდება და მთავრობა ნებას არ რთავს. ეს გზავნილი შეუძლია ოფიციალური განცხადებებით დააფიქსიროს, პრესკონფერენცია გამართოს, ან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დადოს. ამას კი უცხოური მასმედიაც გააშუქებს და დასავლელი ლიდერებიც გაიგებენ.
„ეს დაპირისპირება კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე ალბათ ნეგატიურად აისახება, რადგან ევროკავშირი ჩათვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ ღირებულებებს არ იცავს, მათი ქმედებები დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და იტყვიან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სტატუსს ვერ მოგცემთო. ანუ ეს პროცედურას გაართულებს.
„მგონია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი „ოცნების" მისამართით მწვავე განცხადებას გააკეთებს, ის იტყვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ მოქმედებს, ევროპელ ლიდერებს ხვდება და იმ იდეას ლობირებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს და მთავრობა ამაში ხელს უშლის. ახლა ჯერი საზოგადოებაზეა, თუ კანდიდადტის სტატუსი უნდა, თვალი უნდა გაახილოს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".