პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს რამდენიმე დღეში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ეწვევა. რისთვის ჩამოდის ბორელი თბილისში და რა მთავარი გზავნილები მოაქვს ევროპიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ამაზე ექსპერტებს „რეზონანსთან" დადებითი შეფასებები აქვთ - ისინი თვლიან, რომ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართული მხარე ბორელს ევრორეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
„ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით ამ 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში. ასე რომ, ყველაფერი არის ძალიან კარგად, ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე",-განაცხადა ღარიბაშვილმა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბორელი ის ფიგურაა ევროკავშირში, რომელიც შეაფასებს უახლოეს ხანებში საქართველოს ევრინტეგრაციის პოზიციებს და კოეფიციენტის ხარისხს ევროინტეგრირების პროცესში, ამიტომ მისი ვიზიტი მნიშვნელოვანია.
„უმნიშვნელოვანესი მოვლენა მთელ ამ პროცესში იქნება მომავალი ორი-სამი თვის განმავლობაში - ევროკომისიის მხრიდან შესაბამისი შეფასების გაკეთება საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ.
„სრულიად ბუნებრივია, რომ ჯოზეფ ბორელს აქვს ინტერესი პირადად გაეცნოს იმას თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, როგორ მიდის საქმე, პროცესი იმ რეკომენდაციების რეალზაციის თვალსაზრისით, რომელიც ევროკავშირიდან მიიღო საქართველომ.
„ყოველ შემთხვევაში, მას რამდენიმე ხანში მოუწევს პერსონალურად გასცეს შეკითხვებს პასუხი საქართველოსთან დაკავშირებით, ამიტომ, უნდა იცნობდეს სიტუაციას ადგილზე. ეს არის მიზანი მისი ჩამოსვლის" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.
პოლიტოლოგი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" თვლის, რომ ბორელის ვიზიტმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დასტაბილურებაში გარკვეული როლი უნდა შეასრულოს.
„პირველ რიგში იმიტომ ჩამოდის, რომ ურთიერთობა დაალაგოს საქართველოსთან, ასევე რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებას დააკვირდეს, ანალიზი გაუკეთოს ამ პროცესებს, ამასთანავე, იყოს ღია საუბარი მხარეებს შორის.
„პირველი პირები ისაუბრებენ ძალიან ღიად, იმის თაობაზე, რას მოელის ევროკავშირი საქართველოსაგან, საქართველოს ხელისუფლუბლებისაგან და როგორი იქნება სამომავლოდ დინამიკა წარმატებული ურთიერთობის შემთხვევაში. ვიზიტი მაინც პოზიტიური სიგნალია, რადგანაც მისი ჩამოსვლა ნიშნავს რომ ევროკავშირის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში არ გამქრალა და ის სერიოზულად ეკიდება, საქართველოს მხარდაჭერას მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით" - განაცხადა „რეზონანსთან" გიორგი კობერიძემ.