თამთა ჩაჩანიძე
06.09.2023

ოპოზიციამ წინასაარჩევნო აქტივობები დაიწყო - „გირჩი-მეტი თავისუფლებამ" და „დროამ" უკვე ოფიციალურად შექმნეს გაერთიანება, მანამდე ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამოქალაქო საზოგადოებრივი პლატფორმა„საქართველოს ევროპული ორბიტა" ჩამოაყალიბა - პლატფორმა პოლიტიკურ მოძრაობად გადაქცევას არ აპირებს, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, გამორიცხული არაფერია, რადგან პოლიტიკის კარი ღიაა, ლომჯარიას დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და შესაძლოა არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა.

არჩევნებისთვის ემზადება და აქტიურობს „ქართული ოცნებაც", ცოტა ხნის წინ, ენმ-მა და „სტრატეგია აღმაშენებელმა" „გამარჯვების პლატფორმა" შექმნეს და ალიანსის წევრები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან და ინიციატივებს აცნობენ, ანალოგიურად გააქტიურებას სხვა ოპოზიციური გაერთიანებებიც აპირებენ.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავდნენ იმ ფაქტს, რომ წინასაარჩევნოდ ენმ-ს არჩევნებში მონაწილეობა ორ ფლანგად მიეღო და ყოფილი თავჯდომარე ნიკა მელია ცალკე ჯგუფად გასულიყო, თუმცა, ამჯერად ექსპერტები ფიქრობენ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების მერე, რომ პარტიას გაყოფა კარგს არაფერს მოუტანდა, შესაძლოა „ნაცმოძრაობის" მოქმედმა და ყოფილმა თავმჯდომარემ სააკაშვილის პოზიცია გაიზიარონ.

ამასთან, მიაღწევს თუ არა ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებზე წარმატებებს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ საბოლოოდ რა გაერთიანებები ჩამოყალიბდება და რა დამაჯერებელ პროგრამებს წარუდგენენ მოსახლოებას.

რას აპირებს ოპოზიცია და ყოფილი სახალხო დამცველი

„გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. როგორც "დროას" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორივე პარტიას აერთიანებს რამდენიმე იდეა, მათ შორის მომავლის მკაფიო ხედვა.

„ჩვენ გვაერთიანებს ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან; მომავლის მკაფიო ხედვა; მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით. ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის"-ნათქვამია ინფორმაციაში.

ნინო ლომჯარია ახალ მოძრაობას ქმნის. "საქართველოს ევროპული ორბიტა" - ასე ერქმევა იმ ახალ სამოქალაქო პლატფორმას, რომელსაც ყოფილი სახალხო დამცველი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ჩამოაყალიბებს.

ორგანიზაციის მთავარი მიზანი ევროინტეგრაციის საკითხებზე დისკუსია იქნება. აპირებს თუ არა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ლომჯარია ამბობს, რომ პლატფორმა სამოქალაქოა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან ხედვების გასაზიარებლად მზად არიან.

„ეს არის სამოქალაქო პლატფორმა და გვინდა, რომ ასე პოზიციონირებდეს, თუმცა ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ პოლიტიკოსს შეგვიძლია ჩვენი ხედვები გავუზიაროთ. იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება, მივესალმებით, თუ ამ განწყობებს გაიზიარებენ. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ საჯარო პოლიტიკურ დღის წესრიგზე მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა.

„საქართველოს ევროპული ორბიტა" სამოქალაქო საზოგადოებრივი პლატფორმაა და არ ვაპირებთ ის პოლიტიკურ მოძრაობად ან გაერთიანებად გადაიქცეს. მე გეგმები მაქვს ამ პლატფორმასთან დაკავშირებით. წინ მნიშვნელოვანი პერიოდი გველოდება და ვფიქრობ, რომ სწორედ სამოქალაქო ტიპის გაერთიანებიდან პოზიციონირება არის დღეს მნიშვნელოვანი," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ „ინტერპრესნიუსთან".

მასთან, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს ფეისბუქის საშუალებით მიმართა, წერს, რომ „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება".

„მინდა, მივმართო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ჩვენს გმირულ აქტივს! ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომენატრა თქვენთან პირადი კონტაქტი, მაგრამ მინდა, იცოდეთ, რომ მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენ შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამისთვის გავუძელი ყველაფერს აქამდე.

„ამ გზაზე ჩვენ ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ჩვენი ძალები, მაგრამ იმისთვის, რომ სხვებთან გვქონდეს მისასვლელი პირი, თვითონ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე. ამავე დროს, მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია.

„სამიზნე უნდა გავასწოროთ ყველამ, ჩვენი მთავარი და ამ ეტაპზე ერთადერთი სამიზნე რუსული რეჟიმია!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციას და ვიხილავთ თუ არა ყოფილ ომბუდსმენს პოლიტიკაში

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს. რომ პოლიტიკის კარი ღიაა და არაა გამორიცხული, რომ ნინო ლომჯარია მოწინავეთა რიგებში ვიხილოთ.

„კარი ღიაა და პოლიტიკაში შესვლა არავის არ ეზღუდება, მითუფრო ისეთი დიდი პოლიტიკური სტაჟის მქონე ადამიანს, როგორიც ნინო ლომჯარიაა. გასაკვირიც კი იქნება, რომ მან პოლიტიკაზე უარი განაცხადოს, ამიტომაც მგონია, რომ მოწინავეთა რიგებში ვიხილავთ.

„საარჩევნო სეზონი რომ დაიწყო, ეს მკაფიოდაა გაცხადებული, როცა ენმ ხელისუფლებაში იყო, მისი ლიდერები ამბობდნენ, რომ ჩვენ საარჩევნო კამპანიას მაშინ ვიწყებთ, როგორც კი ვიმარჯვებთო, ანუ მოქმედების და მუშაობის ყველა პერიოდი საარჩევნო კამპანიას უნდა ემსახურებოდეს, ეს კამპანია კი დიდი ხნის დაწყებულია.

„რაც შეეხება სააკაშვილს, რადგან მან ასე ისურვა, დიდი შანსია, რომ მისი პოზიცია მისივე კოლეგებმა გაითვალისწინონ. თუმცაღა, სააკაშვილი ანალოგიურად ბევრ რამეს იძახდა, მაგრამ არ გაითვალისწინეს, ხაბეიშვილიც და მელიაც ენმ-ს სათავეში ფაქტიურად მისი ნების გარეშე აღმოჩნდნენ. აქედან გამომდინარე იმის ცალსახად თქმა მიჭირს, რომ მის განცხადებას აუცილებლად გაითვალისწინებენ, სიტუაციას გააჩნია, როგორ დალაგდება",- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე რა შანსები აქვს ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებისთვის და ერთი წელი არის თუ არა საკმარისი დრო, რომ ოპოზიციურ ველზე სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალოს მათ სასარგებლოდ, საყვარელიძემ გვითხრა, რომ ამაში ეჭვი ეპარება.

„ენმ-ს მთლიანობაში ოპოზიციაში ყოფნის ლამის 12 წლიანი ვადა გამოსდის, ამ ხნის განმავლობაში ვხედავთ, რომ წარმატებას ვერ მიაღწია, ვერ ვხედავ იმის მიზეზს თუ ახლა რატომ შეიძლება მოხდეს ეს, ანუ „ნაცმოძრაობას" რაიმე უფრო ქმედითი და ახალი არ გაუკეთებია. პირიქით, მან თავის წიაღში ძველი სახეები წამოსწია და დააბრუნა, ეს კი ის სახეებია, რომელთა გამოც ენმ-ს ქართველმა ამომრჩეველმა უარი უთხრა.

„იმის მოლოდინი, რომ რაღაც მოხდება ისეთი, რამაც შესაძლოა ენმ-ზე ამომრჩეველს გული შეუბრუნოს, მე ვერ ვხედავ",- განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ არჩევნებისთვის ემზადება როგორც ოპოზიცია ისე ხელისუფლება.

„ოპოზიციამ მუშაობა უკვე დაიწყო, ენმ-სა და „სტრატეგია აღმაშენებელის" წარმომადგენლები რეგიონებში უკვე გადიან , ისინი თავიანთ ინიციატივებს მოსახლეობას სთავაზობენ, პლიუს პროდასავლური გაერთიანებები იქმნება, რაც მომზადების მთავარი საფუძველია.

„არჩევნებისთვის ოპოზიციაც ემზადება და ხელისუფლებაც, თუნდაც იგივე იმპიჩნმენტის პროცედურის დაწყება, ეს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის კი არა ოპოზიციის წინააღმდეგაცაა მიმართული დაადანაშაულონ, რომ ისინი პრეზიდენტს მხარს უჭერენ, რომელიც კონსტიტუციას არღვევს და შესაბამისად ოპოზიციასაც კონსტიტუციის დამრღვევის მხარდამჭერად წარმოაჩენს.

„ენმ-ს რაც შეეხება, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად პარტიაში უთანხმოებისა, არჩევნებისთვის მათი ერთ გუნდად ყოფნა მათი მთავარი პრიორიტეტია, სააკაშვილს სურს, რომ პარტია არ დაიშალოს.

„რაც შეეხება „დროას" და „გირჩი-მეტითავისუფლებას", თუ მათი მიზანია, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ, „ლელოსთან" და „ევროპულ საქართველოსთან" მოლაპარაკება აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ალიანსი ბევრი ინტელექტუალითაა წარმოდგენილი, ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ.

„რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, არაა გამორიცხული, რომ არჩევნაბემდე პოლიტიკაში მოვიდეს, ამას მხოლოდ მივესალმები", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×