ელზა პაპოშვილი
07.09.2023

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. მის პირველ ოფიცილურ განცხადებებს ანალიტიკოსები ფრთხილად აფასებენ და აცხადებენ, რომ ამ ვიზიტის შედეგებზე დიდწილად იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ბორელის განცხადებიდან ერთი მნიშვნეოვანი რამ ჩანს - რომ ევროკავშირს სურს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. მათი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბორელის განცხადება დიპლომატიურ ენაზეც კი მკაცრია, მაინც არსებობს იმის ალბათობა, რომ ქვეყანამ, თუკი ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს გადადგამს, კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 

ჯოზეფ ბორელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ჯოზეფ ბორელი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რის შემდეგაც მათი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ბორელი ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს. ასევე შეხვდება პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, საშუალებას მისცემს მას, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

„კიდევ ბევრია გასაკეთებელი“ - თბილისში მყოფი ბორელის პირველი კომენტარი 

„ევროკავშირი მზად არის დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე - გულწრფელად გეტყვით, რომ ბევრია გასაკეთებელი“, - ეს განცხადება ჯოზეფ ბორელმა თბილისში ხუთშაბათს გააკეთა. 

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად სერიოზული რეფორმები უნდა გატარდეს. 12 რეკომენდაციის შესრულება კი, ბორელის განცხადებით, სავალდებულოა.

„გამარჯობა, საქართველო! მოხარული ვარ ულამაზეს თბილისში ჩასვლით. დატვირთული დღეები გველოდება საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობასთან ვიზიტით.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის და ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მომენტია თქვენი მომავლისთვის, ვინაიდან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან დაკავშირებით და პირველად ისტორიაში საქართველოს შესახებ ანგარიშს, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყანაზე წარადგენს.

და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა ძალიან ნათელი ვიყო - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე. კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ.

მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ასევე სერიოზული ვალდებულებაა. და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს ავტომატურად უფლება შეიძლება ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით. და სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო არის გასაკეთებელი,“ - განაცხადა ბორელმა.

მისივე განცხადებით, „საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რათა საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს“.

„მთავარი შუამავალი“, რომელიც საქართველოდან შეკრებილ ინფორმაციას ევროკომისიას ჩაუტანს

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბორელმა საქართველოს ხელისუფლებას 27 ქვეყნის დანაბარები ჩამოუტანა და მისი განცხადებები სწორედ ამ გზავნილიდან გამომდინარეობს. ბევრი რამ კი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული.   

„სამწუხაროა, მაგრამ ჩვენთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი უკვე ბუნდოვანია. ძალიან რთულია თუნდაც ბორელის განცხადებებიდან რაიმე დასკვნის გამოტანა. თუმცა, ერთი შეიძლება ითქვას - რომ ევროპაში საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებით და ქცევით იმედგაცრუებული არიან. ეს იგრძნობა ბორელის განცხადებაშიც. 

„ის არ ახმოვანებს მხოლოდ თავის პოზიციას. ბორელი საქართველოში 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციით არის ჩამოსული. ის ჩვენს ხელისუფლებას გააცნობს ამ ქვეყნების დამოკიდებულებას 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. 

„ეს არის შემაჯამებელი და საბოლოო ჩამოსვლა. ოქტომბერში უკვე ევროკომისიის დასკვნა უნდა იყოს. ბორელი იქნება ის მთავარი შუამავალი, რომელიც საქართველოდან შეკრებილ ინფორმაციას ევროკომისიას ჩაუტანს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული. 

„სამწუხაროდ, ხელისუფლება არც ოპოზიციას და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს  არ უსმენს. ამიტომ უკვე არავის არაფრის შეცვლა აღარ შეგვიძლია. ვფიქრობ, 12 რეკომენდაციის შესრულების გარდა, ბორელი საქართველოსთან უკრაინის ომსა და იმ მხარდაჭერაზე ისაუბრებს, რომელიც საქრათველოს უნდა ჰქონდეს. ასევე სანქციების თემაზეც იქნება საუბარი. ამიტომ ვეჭვობ, რომ კარს მიღმა იმაზე მძიმე საუბარი გველის, ვიდრე ბორელის განცხადება იყო. თუმცა, ესეც არ იყო მაინც და მაინც რბილი“, - ამბობს გოგოლაშვილი „რეზონანსთან“.  

„ევროკავშირს არ უნდა ასოცირებული ტრიო დაიშალოს“

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორენლი კაკაჩია კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ჯოზეფ ბორელის ვიზიტი  საქართველოში უკვე დადებითი მოვლენაა და ეს ნიშნავს, რომ საქართველოს კიდევ აძლევენ შანს მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 

„ამ ვიზიტის მიზანი და გზავნილი ის არის, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოს მისცეს სატატუსი და მხარს უჭერს, თუმცა ამის საშუალება ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მისცეს. ამას ამბობს ბორელი თავს განცახდებაში, რომ მოგვეცით საშუალება დაგეხმაროთ. 

„რა თქმა უნდა, კარს მიღმა ხელისუფლებისგან ის მოისმენს, თუ როგორ სრულდება 12 რეკომენდაცია. ასევე ისაუბრებს იმ საჭირბოროტო საკითხებზე  და გადაუჭრელ პრობლემებზე, რომელიც სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობას ეხება. რაც მთავარია, როგორც ბორელის განცხადებიდან  ჩანს, ის ისაუბრებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ინსტიტუციონალური მდგრადობა. 

„ის აუცილებლად პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხსაც შეეხებაა. ბორელმა ხაზი გაუსვა თავის ინტერვიუშიც ჩამოსვლამდე, რომ ქვეყანას, რომელსაც სურს, რომ ევროკავშირის ასპირანტი გახდეს, ინსტიტუტების მდგრადობა უნდა ჰქონდეს. აი, ეს ბოლო ამბავი, რომელიც პრეზიდენტის ირგვლივ ვითარდება, ძალიან დიდი ხელისშემშლელი შესაძლოა გახდეს“, - ამბობს კაკაჩია „რეზონანსთან“.   

მისივე თქმით, ბორელის ვიზიტიდან ასევე ჩანს, რომ ევროკავშირს არ უნდა ასოცირებული ტრიო დაიშალოს. ეს არის ევროკავშირის გეოპოლიტიკური პროექტი და მათ კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ამ რთულ რეგიონში. კაკაჩია ამბობს, რომ ევროკავშირს უნდა საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადოს, რომელიც პროევროპულია. თუმცა  ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ გეოპოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე მიიღება. ბევრი რამ ისევ საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეასრულებს ვალდებულებებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×