თამთა ჩაჩანიძე
08.09.2023

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც თბილისში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა, ეს იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშილის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება - მისი თქმით, ეს არის რისკი, რაც უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი საპასუხოდ თქვა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ „ფორმალური რეაგირება მოეხდინა".

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ როგორც ჩანს ბორელის ეს განცხადება „ქართული ოცნებისთვისაც" მოულოდნელი იყო და არაა გამორიცხული, რომ იმპიჩმენტის პროცედურა შეაჩეროს და მათ შორის არც საკონსტიტუციო სასამართლოში არ წარადგინოს დოკუმენტი, რომელსაც მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ანალიტიკოსების ნაწილი კი ფოქრობს, რომ „ოცნება" იმპიჩმენტის პროცედურას არ შეაჩერებს, რადგან ეს ერთის მხრივ პრეზიდენტის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მეორეს მხრივ ბერკეტია „ოცნების" ხელში თუ მმართველი ძალის ინტერესებში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება არაა.

ამასთან ექსპერტების აზრით, თუ იმპიჩმენტის პროცესი გაგრძელდა, ეს ევროინტეგრაციას შეაფერხებს და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო პასუხზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

რას ამბობს ჯოზეფ ბორელი და რას პასუხობს ირაკლი ღარიბაშვილი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იმპიჩმენტის წამოწყება არის რისკი, რაც პოლარიზაციას უფრო გაზრდის.

„რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს, ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს პოტენციალი წარმატებული იყოს ამ პროცესში. თქვენ ძლიერი ადმინისტრაცია გაქვთ, ცოცხალი სამოქალაქო სექტორი გყავთ და გჭირდებათ წარმატებისთვის თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში", - აღნიშნა ბორელმა.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი თემაა.როგორც ღარიბაშვილმა ბორელის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციას და ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს იცავს და იმპიჩმენტის პროცედურაც ამიტომ დაიწყო.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის წმინდად სამართლებრივი საკითხი. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ დემოკრატიას, ევროპული სტილის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც, უპირველესად, იცავენ და პატივს სცემენ კონსტიტუციას. ვინ თუ არა პრეზიდენტი, პრემიერი, ზოგადად ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციის დაცვის და პატივისცემის.

„ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის წმინდად სამართლებრივი თემა, რაზეც ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ. განვმარტეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ვიცით, პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს, რომ იმპიჩმენტი მოხდეს, ვცემთ რა პატივს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს, ჩვენ ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციის პროცესთან", - განაცხადა პრემიერმა.

შეაჩერებს თუ არა „ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილის ტურნეს შედეგებმა ის მოტივი გააუფერულა, რა მიზეზითაც „ოცნებამ" პრეზიდენტს გამგზაგვრებაზე უარი უთხრა. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით პროცესი შეჩერდება.

„ისედაც ვვარაუდობდი და ახლაც მგონია, რომ იმპიჩმენტის პროცესი შეჩერდება, რადგან ის მოტივი გაუფერულდა, რის გამოც მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ამ მოგზაურობაში წასვლაზე უარი უთხრა. როგორც პრეზიდენტის ვიზიტების შედეგები მეტყველებს, საქართველოს მთავრობაზე არსად ცუდი არ თქმულა, ყველგან მხოლოდ იმაზე იყო ხაზგასმა, რომ კანდიდაის სტატუსია მოსაპოვებელი.

„სავარაუდოა, რომ თავად „ქართული ოცნების" ჯგუფიც იმპიჩმენტის პროცესში არ გაჯიუტდება და თუ ამ თემის ჩასაქრობად რაიმე ნორმალურ მიზეზს მოძებნიან, მათთვისაც კარგი იქნება. ბორელის ამ რეპლიკაში საყურადღებო იყო ის, რომ ესე იგი უცხოელებისთვის საქართველოს ხელისუფლებაში ამ ტიპის დაპირისპირები უმნიშვნელო არაა.

„არც „ქართული ოცნება" ელოდა იმას, რომ ბორელი შიდა სამზარეულოში ჩაერთვებოდა, ეს ქვეყნის შიდა საქმეა და ამიტომ ახლა „ოცნება" როგორ სცენარს აირჩევს, ამის თქმა მიჭირს",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

საწინააღმდეგოს ფიქრობს „რეზონანსთან" შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე, რომ მიუხედავად ბორელის მწვავე განცხადებისა, პროცესი გაგრძელდება.

„ჩემი აზრით, მიუხედავად ბორელის განცხადებისა, „ოცნება" იმპიჩმენტის პროცედურას გააგრძელებს, რადგან ეს არა იმდენად სამართლებრივი, არამედ საინფორმაციო კამპანიის ნაწილია. საბოლოოდ იციან, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ და „ფორმალური რეაგირებაც" იმიტომ ახსენა ღარიბაშვილმა, თუმცა, „ოცნების" მიზანი პრეზიდენტის დისკრედიტაციაა, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.

„მგონია, რომ 50 დეპუტატის დახმარებით, საკონსტიტუციო სასამართლოში დოკუმენტს მაინც შეიტანან, რადგან მერე მოსახლეობას უთხრან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც ქვეყნის უზენაესი კანონის გარანტია, აღიარა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

„თუ „ოცნებამ" იმპიჩმენტის პროცედურა არ შეაჩერა, ბორელის განცხადებიდანაც ჩანს, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ხელს შეუშლის. თან არც ისაა გამორიცხული, რომ"ოცნებამ" იმპიჩმენტის საკითხი სპეციალურად გააღვივოს, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს. ამის ფიქრის საფუძველს ის მაძლევს, რომ შარშან, როცა დღის წესრიგში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა დამდგარიყო, რამდენიმე დღით ადრე, ნიკა გვარამია დაიჭირეს და ევროპარლამენტარებს პირადი შეურაცხყოფა მიაყენეს",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×