ჯოზეფ ბორელთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს გარანტია, რომ, „როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება", საბოლოო უარი არ იქნება" საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა ქართველო ოპოზიციონერების დახურული შეხვედრის კომენტირებისას. რამდენად დამაჯერებელია ეს ინფორმაცია და ჩანდა თუ არა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის თბილისში ყოფნის დროს გაკეთებულ განცხადებებში ეს გარანტია?
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, ჟოზეფ ბორელისა და ოპოზიციის დახურულ შეხვედრაზე კონკრეტულად რა ითქვა და ისიც უცნობია, ვაშაძეს ამ დეტალების გამჟღავნების უფლება რამდენად ჰქონდა, მაგრამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებში იკითხებოდა, რომ სტატუსის მონიჭება პრობლემა არაა, თუმცა ეს იქნება დათქმებით.
ჟოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვია და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მერე, პრესკონფერენციაც გაიმართა, სადაც ევროკავშირის მთავარი გზავნილები გააჟღერა. გარდა ამისა, მას შეხვედრა ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.
როგორც გიორგი ვაშაძე ამ ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, დღეს უკვე ყველასათვის აშკარაა, რომ ევროკავშირი საქართველოს არც ერთ შემთხვევაში არ მიატოვებს.
„ბატონი ბორელის ვიზიტთან დაკავშირებით მინდა „გამარჯვების პლატფორმისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" შეჯამება წარმოგიდგინოთ, რა დასკვნები შეიძლება აქედან გამოვიტანოთ. პირველი, პოლიტიკური კონსენსუსი და გადაწყვეტილება, საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, არსებობს. მეორე, გავხდებით მაშინ, როცა მზად ვიქნებით.
„მესამე, ჩვენს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ვერ გავხდებით, ვიდრე რუსეთთან მოთანამშრომლე „ქართული ოცნება" მართავს ქვეყანას, დეკემბრის ბოლოს კანდიდატის სტატუსი რომც მივიღოთ. მეოთხე, ჩვენ, ოპოზიციამ, ყველა შეხვედრაზე მივიღეთ გარანტია, რომ დეკემბერში, როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება", საბოლოო უარი არ იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეხუთე, 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" ბლეფი საბოლოდ დასრულდა.
„შესაბამისად, 9-დან 9-ვე პუნქტი შესასრულებელია და ამას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი და ამას ითხოვს საქართველოსთვის. ევროკავშირი საქართველოს არც ერთ შემთხვევაში არ მიატოვებს და ის, საქართველოს განიხილავს, როგორც მომავალში თავის სრულუფლებიან წევრს. რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მან საქვეყნოდ თავი მოგვჭრა. ეს არის გუშინდელი ყველა შეხვედრის რეალური შეფასება.
„რაც შეეხება 9 პუნქტს, რომელიც შესასრულებელია - დეპოლარიზაცია მოხდება მაშინ, როცა ეს პუნქტები შესრულდება, დეპოლარიზაციისკენ გზა ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც ესმით, რომ 12 რეკომენდაციის სრულფასოვან შესრულებზე გადის. დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ამოცანას, რომელიც ჩვენს თაობას გვაქვს დაკისრებული ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე, აუცილებლად შევასრულებთ. „ქართულ ოცნებას" არ მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს გზა აურიოს, რუსულ ორბიტაზე გადაგვიყვანოს, რადგან ხალხის ნებას ისინი ვერაფრით დაუპირისპირდებიან. ძალა ერთობაშია, აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრები", - განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, ითანამშრომლებენ თუ არა ისინი ხელისუფლებასთან ამ საკითხზე, ასე პასუხობს:
„ყველა ინიციატივას, რომელიც შესაბამისობაში იქნება 12 პუნქტის შესრულებასთან, მხარდაჭერა ექნება სრულიად ოპოზიციისგან, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო ეს", - განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, თუ რას იტყოდა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის გეგმა გადასცა ჯოზეფ ბორელს, ვაშაძე პასუხობს: „ეს არის კიდევ ერთი მორიგი ბლეფი".
„ქართული ოცნება" არის ჩვეულებრივი „საბოტაჟნიკი", რომელიც ცდილობს ევროინტეგრაციის გზას აგვარიდოს. პოლიტიკური კონსენსუსია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. უბრალოდ, რუსეთთან მოთანამშრომლეებთან ერთად ვერ გავხდებით", - განაცხადა ვაშაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბორელის განცხადებებში პირდაპირ არაფერი თქმულა, თუმცა იგრძნობოდა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, თუმცა დათქმებით.
„მათ (ოპოზიციას და ჯოზეფ ბორელს) ცალკე შეხვედრა ჰქონდათ და დახურულ შეხვედრაზე არ ვიცი რა საუბარი იყო და არც ის ვიცი, ვაშაძეს ამ საუბრის ასე გახმოვანების და გაცხადების უფლება ჰქონდა თუ არა. თუმცაღა ზოგადად ყველა იგივეს ფიქრობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს სტატუსი უნდა მისცენ.
„ბორელის განცხადებებში ასე პირდეპირ არაფერი თქმულა, მაგრამ, ჩემი აზრით, იმ განცხადებებშიდაც ის გამოსჭვიოდა, რომ სტატუსის მინიჭებაზე პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. თუმცა სტატუსსაც გააჩნია. ალბათ სტატუსს გარკვეული პირობებით მოგვცემენ, რომ 12 პუნქტი ბოლომდე შესრულდეს და სადაც თვლიან, რომ არ შესრულებულა, იმ დავალებას ალბათ დაგვიტოვებენ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას გამოეხმაურა, რომელიც ცოტა ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო იმ არგუმენტით, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროტუნეთი, რომელზედაც მთავრობის თანხმობა არ ჰქონდა, კონსტიტუცია დაარღვია. ბორელმა კი აღნიშნა, რომ ეს არის რისკი, რაც სიტუაციას უფრო დაძაბავს და პოლარიზაციას გაზრდის.
ვახტანგ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ საბოლოოდ არც ეს იმოქმედებს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზე.
„ჯერ ერთი, არ მგონია, რომ იმპიჩმენტის პროცედურამ რაიმე ქმედითი ზეგავლენა მოახდინოს იმაზე, რომ სტატუსი არ მოგვანიჭონ. სტატუსის მონიჭება სხვა რანგის და ტიპის გადაწყვეტილებაა, ჩვენ იმ ორბიტაზე უნდა დავრჩეთ, რომელზედაც ვართ, მიუხედავად იმისა, „ოცნება" რას მოიმოქმედებს.
„გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, საბოლოო ჯამში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, უკრაინაში პროცესები როგორ განვთარდება და დასრულდება. კანდიდატის სტატუსს ალბათ მოგვცემენ და ეს იმპიჩმენტი დიდი ალბათობით არ იმოქმედებს",- განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".