
11 სექტემბერს „ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის წარდგინება შეიტანა და სასამართლომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უნდა იმსჯელოს, დაარღვია თუ არა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია. ამის პარალელურად, „ლელო" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის და ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციებს იწყებს, რადგან მიიჩნევს, რომ პრემიერმა სახელმწიფოს რესურსი პირადი მიზნებისათვის გამოიყენა.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ,„იმპიჩმენტების ომი" ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს და არაა გამორიცხული, რომ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ნეგატიურად აისახოს. ამასთან, მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს ორივე მხრიდან, რაც ცუდი პრაქტიკაა და არაა გამორიცხული, რომ შიდა სიტუაციაზეც ცუდი გავლენა ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა „ოცნებამ" მას შემდეგ წამოიწყო, რაც ზურაბიშვილმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპული ტურნე წამოიწყო. მმართველი გუნდის მტკიცებით, მას მთავრობის თანხმობა არ ჰქონია და კონსტიტუცია დაარღვია.
7-8 სექტებერს თბილისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სტუმრობდა და ზურაბიშვილის იმპიჩმეტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის რისკი, რადგან სიტუაციას უფრო დაძაბავს და პოლარიზაციას გაზრდის, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროცედურა გრძელდება.
რაც შეეხება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტს, ეს ინიციატივა „ლელოს" ეკუთვნის, რაზედაც პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები დაიწყო, რადგან ამ პროცესის დაწყებას თავდაპირველად 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. მანამდე "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის სტრატკომმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.
რას ამბობენ ოპოზიცია და ხელისუფლება იმპიჩმენტებზე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ორშაბათს, ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი გუნდის კონსტიტუციური წარდგინება და საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია.
„საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ძალიან მძიმე ფაქტი და ამის რეაგირების გარეშე დატოვება უბრალოდ არ შეიძლებოდა მმართველი გუნდის მხრიდან. ეს იქნებოდა ჩვენი მხრიდანაც უპატივცემულობა ქვეყნის ძირითადი კანონის მიმართ.
„დღეს უკვე ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება და საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს ამ თემასთან დაკავშირებით. პრინციპში სამსჯელო არც არაფერია. იმდენად უხეშია და თვალნათელი კონსტიტუციის დარღვევა, რომ მარტივად სჭირდება ამას დადასტურება და მეტი არაფერი. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი.
„პრეზიდენტმა მალევე მიიღო უარი შეთავაზებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი სრულიად ღიად აწარმოებს კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიას, ის ღიად ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, გაიცა შესაბამისი პასუხი.
„პრეზიდენტს აქვს „ნაცმოძრაობის" იმედი და მათი იმედით არღვევდა კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, ჩვენი გათვლა ეს არ არის, ჩვენ რა თქმა უნდა, 100 ხმაზე არავითარი ილუზია არ გვაქვს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მიუხედავად იმისა, რომ მოღალატედ აცხადებდნენ სალომე ზურაბიშვილს", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან პრემიერის იმპიჩმენტზე საუბარი არის „სპეკულაცია და სისულელე", რადგან ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტიდან „არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს".
„პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. არ ვიცი, აქაც ცდილობენ, რომ გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს, მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ეს არის, რაღაცნაირად უსუსური მცდელობა, რომ გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მეტი მიზეზი რეალურად ამ ყველაფერს არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა.
„ბიუჯეტიდან არ იყო არცერთი თეთრი გადახდილი. მერწმუნეთ, ყველა ინფორმაცია საჯარო იქნება, არაფრის დამალვის საჭიროება და ინტერესი არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ღიაა. ყველაფერი დეკლარაციაში იქნება ასახული, როგორც შემოსავლებთან და ასევე ხარჯებთან დაკავშირებით. ბიუჯეტიდან ფული თუ არ არის დახარჯული, რა გამოძიებაზეა საუბარი? მე შეგახსენებთ, რომ სწორედ „ნაციონალები" , ხაზარაძე და სხვები იყვნენ ის ადამიანები,რომლებიც „აპრავებდნენ" სააკაშვილის მიერ სწორედ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი ინტერესებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე უპასუხა კითხვას ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვით, ღარიბაშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.
„რა შუაშია იმპიჩმენტი? წაიკითხონ კონსტიტუცია. ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ არის დახარჯული და ისინი "აპრავებდნენ" ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი კეთილდღეობისთვის. იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე. ეს ხალხი "აპრავებდა" სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი კეთილდღეობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ხომ ხვდებით, რამხელა სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. სამარცხვინოა ეს", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, როგორც „სატრეტეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, „ოცნების" მიერ წამოწყებული პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის გზავნილი ევროკავშირისთვის - "არ მოგვცეთ სტატუსი".
„პრეზიდენტის იმპიჩმენტს აქვს ორი კონკრეტული, მკაფიო მიზანი "რუსული ოცნების" მხრიდან. პირველი, ესაა გზავნილი ევროკავშირს - "არ მოგვცეთ სტატუსი", მეორე - ეს კეთდება იმისთვის, რომ გადაიფაროს სხვა თემები. ბორელის ვიზიტის შემდეგ ამ საკითხის მყისიერი გააქტიურება მიზნად ისახავს იმას, რომ ევროკავშირის უმაღლეს დელეგაციას ზურგში მიაყოლოს და ბრიუსელს გაუგზავნოს გზავნილი, რომ "ჩვენ არ ვაპირებთ შეცვლას, ჩვენი არჩევანია რუსეთი, დაგვანებეთ თავი, არ გვინდა სტატუსი". ამას „ქართული ოცნება" ვერ ეღირსება, როგორც უკვე გითხარით, გარანტია მივიღეთ ევროპელების მხრიდან, რომ დეკემბერში საბოლოო "არა", რომელიც "ქართულ ოცნებას" უნდა, არ იქნება,"- განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის თაობაზე "ლელოს" ინიციატივას, ვაშაძე აცხადებს, რომ არცერთ ოპოზიციურ ინიციატივას პრობლემას არ შეუქმნიან, თუმცა, მისივე განმარტებით, ოპოზიციას ექნება მსჯელობა.
"არ უნდა წამოვიწყოთ პროცესი, რომელიც ერთიანობით არ იქნება გარანტირებული. იმპიჩმენტის პროცესს "გამარჯვების პლატფორმის", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერები ექნება თუ ეს საჭირო გახდა, მაგრამ ყველაფერი სწორად უნდა გავთვალოთ, ხალხი არ უნდა მოვატყუოთ. თუ სრულად ოპოზიციის ხელმოწერები ექნება, რატომაც არა, შეიძლება ეს საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.
„ფაქტია, რომ დანაშაული სახეზეა, კერძო ხარჯით იყო, თუ სახელმწიფო ხარჯით, ორივე შემთხვევაში ეს არის სისტემის გახრწნილობის მტკიცებულება. არც ფული აქვს მას დაფიქსირებული დეკლარაციაში, რომ ჩარტერი დაეფინანსებინა, ხოლო თუ სახელმწიფო ხარჯით დაფინანსდა, ესეც მითუმეტეს, დანაშაულია,"- განაცხადა ვაშაძემ.
რა გავლენა ექნება იმპიჩმენტებს კანდიდატის სტატუსსა და შიდა ვითარებაზე
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ იმპიჩმენტებით შეჯიბრი, ვერც კანდიდატის სტატუსზე აისახება კარგად და ვერც შიდა ვითარებაზე.
„იმპიჩმენტების შეჯიბრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე კარგად რა თქმა უნდა არ აისახება. ბორელმა მხოლოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე თქვა, მაგრამ, ოპოზიციამ იფიქრა პრეზიდენტი არ ეყოფა პრემიერიც დავამატოთო და ეს სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს.
„მოსალოდნელია, რომ თუ ოპოზიციის ინიციატივამ მსვლელობა არ მიიღო, მერე შესაძლოა დესტაბილიზაციის ნაბიჯები გადადგას, ხელისუფლება აიძულოს, რომ დათმობაზე წავიდეს. ოპოზიციას გაცილებით უფრო ნაკლები წონის მოვლენებზე ჰქონია უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგმული.
„პირველი პირის იმპიჩმენტი ოპოზიციისთვის ალბათ მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება და ამ ნაბიჯებს გადადგამენ, თუმცა, მგონია, რომ ისევე როგორც მათ ადრინდელ ინიციატივებს, რაოდენობრივად ბევრი ხალხი არ შეუერთდა, იმ რაოდენობს, რომ მთლიანად ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვია, ანალოგიურად არც ახლა იქნება განსხვავებული შედეგი.
„წინასაარჩევნო კამპანიის გარეშე ასეთ ინიციატივებს დიდი აზრი არ აქვს, ამას სწორედ ის აზრი აქვს, რომ თავად ძლიერად გამოჩნდნენ და მეტოქე სუსტად, რაც მერე არჩევნებში მხარდაჭერაზე აისახება. რაც უფრო მოახლოვდება 2024 წლის არჩევნები დაძაბულობის ტემპერატურა უფრო აიწევს.
„თუმცაღა ამ წლის დეკემბერში ჩვენ მნიშვნელოვანი შუალედური მომენტი გველოდება, როცა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის საკითხი უნდა გადაწყდეს და ამაზე სავარაუდოა, რომ რეაქცია იქნება",- განაცხადა რამაზ საყვარელიზემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის მთავარი მოთხოვნა პოლარიზაციის შემცირებაა, ეს ინიციატივები კი პირიქით ვითარებას ძაბავს და პოლარიზაციის ხარიხს ზრდის, რაც ნეგატიურად აისახება კანდიდატის სტატუსზე.
„იმპიჩმენტების პროცედურები ევროკავშირის კანდიდატის საკითხზე ნეგატიურად იმოქმედებს, რადგან ევროკავშირისგან 12 პუნქტში მთავარი მოთხოვნა პოლარიზაციის შემცირებაა, ასეთ შემთხვევაში კი „ოცნება" პრეზიდენტს ებრძვის, ოპოზიცია კი ხელისუფლებას. ფაქტია, რომ ეს პოლარიზაციას და რადიკალიზაციას ზრდის.
„ნაკლები საფუძველია, რომ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტი აღიძრას, თუმცა აქ უკვე იმაზე არაა საუბარი ვინ ვისი მომხრეა, მთავარია საერთო ჯამში ქვეყანა არ დაზიანდეს. ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტებით და მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრებით პირიქით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს იცავს.
„ეს არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის, არამედ პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, რომელიც სამწუხაროდ უფრო საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. კონკურენცია დემოკრატიულ ქვეყნებშიცაა, თუმცა, იქ უფრო სხვა ფორმა აქვს. ეს ქართული რეალობაა, რითაც პოლარიზაცია აშკარად ჩანს.
„მგონია, რომ არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება სიტუაცია უფრო გამძაფრდება, თუმცა, შესაძლოა ამას სხვა ფორმა ჰქონდეს, პირველ რიგში გამძაფრდება საინფორმაციო ხასიათის ომი, რაც პიარტექნოლოგიებს უკავშირდება და სამწუხაროდ ხელისუფლება ხშირად შავ პიარს იყენებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".