თამთა ჩაჩანიძე
11.09.2023

არც ინვესტიციები იქნებოდა და არც ეკონომიკური ზრდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ სამშობლო გაყიდული (არ მოვერიდები ამის თქმას),უპასუხისმგებლო აგენტები და სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ე.წ. პოლიტიკოსები - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 11 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც რამდენიმე საკითხზე ისაუბრა და საზოგადოებას მთავრობის გადაწყვეტილებები გააცნო.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდია უორმაგდებათ, 2 500-მდე სტუდენტის ნაცვლად, 5 000 სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას და თითო სტუდენტზე გაიცემა 300 ლარი.

ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს ამნისტია საქმეებზე, რომელიც ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უკანონოდ დარეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს.

ამასთან, ამავე სხდომაზე კიდევ ერთი გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, როგორც ირაკლი ღარიბაშვიმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარი ინტერესია სავაჭრო, ეკონომიკური ინტერესების განვითარება, მეტი ინვესტიციისა და ტურისტების მოზიდვა ჩინეთიდან. ამბობს, რომ ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ვიზიტი და ზოგადად, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს.

პრემიერმა ვრცელი გამოსვლა სამძიმრით დაიწყო, განაცხადა, რომ გურიაში დიდი ტრაგედია დატრიალდა, სტიქიას 2 არასრილწლოვანი და ერთი ხანდაზმული ემსხვერპლა. მან დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა, დაზარალებულ ოჯახებს მიმართა და დახმარებას დაჰპირდა. ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა ანგარიში თუ სტიქიასთან ბრძოლის კუთხით დღეის მდგომარეობით რა გაკეთდა.

„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რა გაკეთდა დღის მდგომარეობით. ჩემი დავალებით, მობილიზებულ იქნა ყველა სახელმწიფო უწყება. სტიქიური კერები იყო 22 ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთში, ლანჩხუთში - 15. დღეის მდგომარეობით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით, 11 ლოკაციაზე წერტილოვნად არის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა.

„სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო ჩართული. ჯამში, უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია 142 ადამიანი. გეოლოგების მიერ ორი დღის მანძილზე შემოწმდა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების ცხრა უბანი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გურიის რეგიონში მყოფ მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციები. მისი თქმით, სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი, სასტუმროებში გადაყვანილია 110 მოქალაქე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რასაც ღარიბაშვილი შეეხო ესაა, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, რომელიც მოქალაქეების მიერ უკანონოდ დაირეგისტრირებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს ეხება. პრემიერი გამოდის ინიციატიოვით, რომ აღნიშნულ საკითხზე ამნისტია გამოცხადდეს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე.

„ამნისტიის ფარგლებში ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამასთან, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს", - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამნისტია არ გავრცელდება მოხელის, სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე.

„სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ღირებულების ეკვივალენტური თანხის გადახდის გზით. ვინც დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, მათ შეეხებათ, თუ არ დააბრუნებს - გადაიხდის შესაბამის ღირებულებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის ინიციატივით წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდია ორმაგდება, 2 500-მდე სტუდენტის ნაცვლად, 5 000 სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას და თითო სტუდენტზე გაიცემა 300 ლარი

„ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 1 000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლით მათ. ასევე, შედარებისთვის მინდა, გავიხსენო, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან, საკუთარ ოჯახის წევრებს უფინანსებდნენ ბიუჯეტიდან სწავლას.

„ეს არის განსხვავება. ჩვენ ათასზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ბრუნდებიან და არა მარტო სახელმწიფო უწყებაში, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან. ეს ჩვენი სიმდიდრე, სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს მეტად გავაძლიერებთ. ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით.

„მეორე მიმართულება არის ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დახმარება, უფრო სწორად, დაფასება, ერთგვარი წახალისება სტუდენტების სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს დაახლოებით 2 500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას, დახმარებას გავაორმაგებთ. დღეიდან თითო სტუდენტზე გახდება 300 ლარი და 5 000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. შეიძლება, ეს სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი მხრიდან ჟესტი, დაფასება ჩვენის სტუდენტებისა. კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდება, მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი რაზედაც პრემიერმა კომენტარი გააკეთა, ესა უცხოური ინვესტიციები, მისი თქმით, შარშანდელივით წელსაც ამ კუთხით ქვეყანაში ორ მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა.

„შარშან ჩვენ გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზე იყო. ორ მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა შარშან. წელს მეგობრებო ასევე ძალიან კარგად დავიწყეთ წელი. მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 30%-იანი მატება გვაქვს, რამაც 505 მილიონი დოლარი შეადგინა მეორე კვარტალში. ჯამურად, პირველ ექვს თვეში, იანვარ-ივნისში, 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და თუ ამას შევადარებთ 2019 წელს, 88%-ით მეტია ეს მოცულობა.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან გვახარებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აქ პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი ჩვენი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად. ინვესტორები დებენ ფულს საქართველოში. ენდობიან ამ გარემოს, რომელიც შექმნილია, ენდობიან სტაბილურობას, მდგრადობას და ზოგადად, პროგნოზირებადობას და ეს ძალიან სასიხარულოა.

„აქვე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს რადიკალურ ოპონენტებს შევახსენო და ყველას, ვინც სკეპტიკოსია - არაფერი არ იქნებოდა, არც ინვესტიციები, არც ეკონომიკური ზრდა, პირიქით, ვიქნებოდით მინუს 10 და უფრო მეტ პროცენტში, ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა მინუს 10%-იანი და პირიქით, გადინება მოხდებოდა კაპიტალის, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო აი ეს სამშობლო გაყიდული, არ მოვერიდები ამის თქმას, უპასუხისმგებლო აგენტები და სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ე.წ პოლიტიკოსები. ეს არის მთავარი სხვაობა. ჩვენ, რა თქმა უნდა ამას შევინარჩუნებთ. კიდევ უფრო მეტი ინტერესია ჩვენი, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს, ეს გაამყარებს ჩვენს ეროვნულ ვალუტას.

„ზოგადად, ძალიან კარგია, რომ მეტი ინვესტიციები იდება ეკონომიკაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნების მიხედვით მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან. ევროპიდან არის შემოსული ძირითადი ინვესტიცია, ეს როგორც პირველ კვარტალში და ეს ძალიან გვახარებს, რომ შემოდის უცხოური კაპიტალი ქვეყანაში. ეს კიდევ და კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ სტაბილურობაა ქვეყანაში და ისინი ენდობიან ჩვენს მიერ შექმნილ კონკურენტულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოს, რომელიც ჩვენ შევქმენით ბოლო 10 წელია ბიზნესისთვის",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. პრემიერის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ინტერესია მეტი ტურისტის ჩამოსვლა და ჩინეთთან ეკონომიკური ინვესტიციების განხორციელება.

"ჩვენთვის ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ წელს 3 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ოდენობით პირდაპირი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე, გვინდა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში. იცით, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში. ჩინეთი დღეს მსოფლიოში არის მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება. მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, ასევე მეტი ტურისტის მოზიდვა, საქართველოში ჩამოყვანა. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება. მთავარი შემადგენელი იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, წამახალისებელი იქნება, მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში.

„მინდა ვთქვა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები. ევროპაში, ამერიკაში ყველგან. ჩვენ პირდაპირი ფრენებიც გვაქვს, მქონდა, ჩინეთის პრემიერთან ტურიზმზეც და ფრენებზეც საუბარი.

„მინდა აღვნიშნო ჩინეთის მთავრობის და სისტემის ეფექტურობა. პრემიერთან ჩემი შეხვედრიდან სულ რამდენიმე დღეში, 2-3 დღეში ჩამოვიდა დელეგაცია ჩინეთიდან. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისი, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, გვინდა მეტი ტურისტი ჩამოვიდეს არამხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან. რაც შეიძლება ბევრმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი ქვეყანა, ხალხი. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება", - აღნიშნა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×