ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით დასავლეთის ლიდერების განცხადებებმა უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო - კიევში ვიზიტად მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებით - „ კიევს შეუძლია ბერლინის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან გერმანია დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია".
„ბომბების სეტყვის ქვეშ, რუსული ტანკების წინაშე, უკრაინა თავდაჯერებულად და გადამწყვეტად დაადგა ევროკავშირისკენ გზას. დიდი მამაცობითა და მონდომებით, უკრაინა ასევე იცავს თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას", - განაცხადა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა.
„პუტინის საშინელი ტერორი გამოიხატება არა მხოლოდ უკრაინაში ყოველდღიურად სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ თავდასხმებში, პუტინს სურს ხალხის გატეხვა, დათრგუნვა და დაძაბუნება. რუსეთი არა მხოლოდ ბომბებით კლავს, ის მომავალს ართმევს ათასობით უკრაინელ ბავშვს, მათ იტაცებენ საბავშვო ბაღებიდან, ბავშვთა სახლებიდან და სკოლებიდან, რათა გადაასახლონ რუსულ ბანაკებში ან გააშვილონ",-აღნიშნა ბერბოკმა.
საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან" განაცხადა, რომ ევროკავშირში გაფართოების პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე.
„როგორც ეტყობა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია, იმიტომ რომ ამგვარი განცხადებები არ კეთდება ისე უბრალოდ, მოსაზრებები ისე უბრალოდ არ ვრცელდება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება არ იყოს გაფორმებული დოკუმენტად, მაგრამ, ეს არის აზრი, რომელიც მომწიფდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. გაფართოების შესაძლებლობა ახლა საკმაოდ მაღალია" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.
ევროკავშირს რომ გაფართოების პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მოსაზრებას „რეზონანსთან" იზიარებს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე.
„ეს გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო მიღებული, მაშინ არც კანდიდატის სტატუსი იქნებოდა უკრაინისთვის და ზოგადად არ იქნებოდა ამ თემაზე ლაპარაკი.ხედვა, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს, პრინციპული შეთანხმება არსებობს. რა ფორმით და როგორ, ეს ჯერ არავინ არ იცის" - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.
თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩიაც „რეზონანსთან" ადასტურებს რომ ბოლო ხანაში აქტიურად მიდის მსჯელობა ევროკავშირში გაფართოების თაობაზე და მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება, რომ იგი გაფართოვდეს.
„ბოლო ხანებში უფრო ფართოდ მიმდინარეობს ამ თემაზე მსჯელობა და ეს ჩანს განცხადებებიდან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები უკვე აკეთებენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ აუცილებელია ევროკავშირის გაფართოება. ეს არის ის მომენტუმი, რომელზეც ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია.
„ეს ყველაფერი დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომთან - ამ ომმა წარმოქმნა ეს მომენტუმი. წინა წლებში არა თუ გაფართოებაზე, ევროპულ პერსპექტივაზევ კი არ იყო საუბარი და არავის არ უნდოდა ამის გაგონება.
„პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ რა ფორმით გაფართოვდება ევროკავშირი ეგ ჯერ არავინ არ იცის, ასევე, გადაწყვეტილი არ არის რომელი ქვეყნები შეიძლება მოხვდეს მასში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დროზე მიიღოს კანდიდატის სტატუსი" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.