
ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ორბელიანების სასახლეში შეხვედრაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტთან დაკავშირებით მათთვის დახმარება არ უთხოვია და მსჯელობა მხოლოდ იმაზე იყო თუ რა შეიძლება ერთობლივად გაკეთდეს, რომ „ქართულ ოცნებას" არ მიეცეს შანსი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩააგდოს".
რა იყო საუბრის მთავარი თემა, ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, შესაძლოა საუბარი მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირებაზე ყოფილიყო. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს იმასაც, რომ თუ პრეზიდენტი ამ პროცესში მართლაც ჩაერთვება, პოსტიდან გადადგეს და მესამე ძალას თავად ჩაუდგეს სათავეში.
„ევროპაში წარმატებული ვოიაჟის შემდეგ, სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ ზურაბიშვილი პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდებოდა და ეს შეხვედრები დაიწყო. პრეზიდენტისა და ოპოზიციის პოზიციები ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდება. პრობლემა უამრავია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საუბარი არა მხოლოდ დარჩენილი 9 პუნქტი შესრულებაზე, არამედ შესაძლოა მესამე ძალის ფორმირებაზეც ყოფილიყო.
„ოცნებას" და ენმ-ს 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ, თუმცა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ამ მხრივ პრობლემა გააჩნიათ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი არჩვენებისთვის პოლიტიკური სპექტრი დალაგდეს და პროცესს უფრო გამართული შეხვდნენ.
„ვიზიტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ზურაბიშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დღეს მას გაცილებით უფრო ენდობიან, ვიდრე საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას. ოპოზიციისთვისაც პრეზიდენტთან ამ თემებზე კონსულტაციები ძალიან მნიშნელოვანია, რადგან სალომე შეიძლება ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ძალებს შორის შუამავალი, ან მომრიგებელი აღმოჩნდეს, რომ რაღაც უფრო ძლიერი ერთობა შეიქმნას, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება.
„თავად ზურაბიშვილი რა პოზიციას დაიკავებს ეგ სხვა თემაა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ მომენტში მან შესაძლოა პრეზიდენტის პოსტი დატოვოს და ამ მესამე ჯგუფის ლიდერი თავად გახდეს, ან შეიძლება ასე არ მოიქცეს, მაგრამ მესამე ძალის შექმნის გარკვეული ტონის მიმცემი იყოს",- განაცხადა ძაბირაძემ.
კითხვაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი რამდენად სთხოვდა დახმარებას ოპოზიციას იმპიჩმენტთან დაკავშირებით თუნდაც ირიბად, ძაბირაძემ გვითხრა:
„შესაძლოა პრეზიდენტმა ოპოზიციას ანგარიში ჩააბარა თუ ევროპაში ჩვენს პარტნიორებთან რა შეხვედრები და საუბრები იყო. ის, რომ ოპოზიცია იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, ისედაც ნათელი იყო, მიუხედავად იმისა, შეხვდებოდა თუ არა მათ ზურაბიშვილი. ჩემი აზრით, ეს წამყვანი თემა არ იქნებოდა. შესაძლოა ეს თემა უფრო ოპოზიციის მხრიდან იყო, ვიდრე ზურაბიშვილისგან, მაგრამ წამყვანი თემა ნამდვილად არ იქნებოდა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
აღსანიშნავია, რომ 12 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინება შეიტანა, ამისთვის საჭიროა სულ მცირე 50 დეპუტატის ხელმოწერა. 11 სექტემბერს, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე გაანაცხადა, რომ დაადასტურეს წარდგინების 80 დეპუტატის ხელმოწერის ნამდვილობა, რომელთა შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია. „ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, რადგან ევროპულ ტურნეზე მას საქართველოს მტავრობის თანხმობა არ ჰქონია.
„ეს ყველაფერი მოითხოვს რეაგირებას სამართლებრივი მექანიზმებით და იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება სწორედ ეს გახლავთ. ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში და იმის მიხედვით, როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, გაგრძელდება პროცედურა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბოლო ხანებში საკუთარ რიტორიკაში ძალიან ხშირად იყენებს იმ მსჯელობას, იმ ლოგიკურ არგუმენტებს, რომელსაც მიმართავს არცთუ კეთილსინდისიერად და არცთუ პოზიტიური მიზნებით გამოწვეულს საქართველოს ოპოზიცია.
„ამ შემთხვევაში იგულისხმება ის არგუმენტაცია, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს ერთი-ერთში ემთხვევა ოპოზიციის რიტორიკას. ვფიქრობთ, სახელმწიფოს სახელით პრეზიდენტის მხრიდან წარმომადგენლობის განხორციელება, თქმა და მტკიცება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ეს არამც და არამც არ წაადგება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, შანსებს ეს არ გაზრდის. აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პოზიცია მკვეთრად დაფიქსირებულიყო ყოველგვარი ეჭვის და კითხვის ნიშნის დატოვების გარეშე", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც „ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, პრეზიდენტს კი ოპოზიციისთვის დახმარება არ უთხოვია იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
„ჩვენი საუბრის თემა იყო ზოგადად ის ვითარება, რაც ქვეყანაშია შექმნილი. პრეზიდენტი იმყოფებოდა მნიშვნელოვანი ვიზიტებით გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში. მიუხედავად იმისა, რომ ბორელმა ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოთხოვნები, რომელიც არ არის შესრულებული, უნდა შესრულდეს და რაღაც შანსი დატოვა, რომ დრო კიდევ რჩება, რეალობა არის ის, რომ ევროკავშირშიც ყველა ხვდება, რომ ხელისუფლებამ ევროპული დღის წესრიგი ჩააგდო, მაგრამ მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ პოლიტიკური.
„ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მთავარი პოზიცია ექნება სწორედ გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ პრეზიდენტი არ შეეპუა იმ ანტიკონსტიტუციურ და კანონის საწინააღმდეგო ქმედებას, როდესაც ღარიბაშვილმა ერთპიროვნულად გადაწყვიტა, რომ მისთვის ამ ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცა და მაინც წავიდა ამ ვიზიტებზე. მან მნიშვნელოვანი გზავნილები და დაპირებები ჩამოიტანა გერმანიიდან და საფრანგეთიდან, რაც მხოლოდ მას შეეძლო რომ მიეღო, რადგან, ღარიბაშვილის და ჩვენი ხელისუფლების რეპუტაცია აბსოლუტურად განადგურებულია. ღარიბაშვილი გერმანიაში ჩავიდა და იქიდან დატუქსული და ხელცარიელი ჩამოვიდა.
„ამისგან განსხვავებით სალომე ზურაბიშვილმა მიიღო პოლიტიკური მხარდაჭერის კრედიტი ამ სახელმწიფოებისგან. ამიტომ, დღეს მისი და ყველა ადამიანის საწუხარი, ვისაც სურს, რომ ეს ქვეყანა ევროპული სახელმწიფო იყოს, შემდეგია: უპრეცედენტო ისტორიული შანსი გვაქვს, როდესაც დიდი პოლიტიკური მხარდაჭერაა, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და ხელისუფლება თავს მაინც უნდა აჩვენებდეს, რომ ცდილობს, რაღაც გააკეთოს, თუმცა აკეთებს რას: იწყებს იმპიჩმენტის პროცედურას იმ პრეზიდენტის მიმართ, ვინც საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო იმაში, რომ მხარდაჭერა გვქონდეს",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსთან".
ოპოზიციისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში 11 სექტემბერს შედგა, ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფოციალურ ინფრმაცია ჯერ არ გაუვრცელებია და რა შინაარსის დიალოგი გაიმართა მხოლოდ იმ განცხადებებიდან ხდება ცნობილი, რასაც თავად ოპოზიციონერი დეპუტატები აკეთებენ.
პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცესს მხარს არ დაუჭერს, რადგან ის ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილია.
„მე ვუთხარი მას, რომ იმპიჩმენტს არ ვუჭერ მხარს და ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია. მგონია, რომ იმპიჩმენტი არის ანტიდასავლური პოლიტიკის და პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც „ქართული ოცნება" აწარმოებს. ეს ერთი და მეორე, პრეზიდენტი აგრძელებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში აქტიურ საერთაშორისო კამპანიას და მუშაობას. ძირითადად ეს იყო, უბრალოდ ეს იყო ინფორმაციის გაცვლა, არაფერ კონკრეტულზე საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, პრეზიდენტთან ევროინტეგრაციაზე ისაუბრეს.
„ვსაუბრობდით, ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს, როგორ შეიძლება, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ქვეყანას, ევროინტეგრაციის პროცესს. იცით, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებთ, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის არ დაიხურება", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.