თამთა ჩაჩანიძე
15.09.2023

ჩვენ გუშინ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის შესახებ გეგმა, რომელიც 12 რეკომენდაციითა გათვალისწინებული. პარტიასთან და პარლამენტთან ერთად შევთანხმდით მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ყველა პუნქტზე იქნება ჩვენს გუნდს, მმართველ პარტიას რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 15 სექტემბრის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე შეფასებით, მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს რეკომენდაციების შესასრულებლად და მიზეზი აღარ იარსებებს იმისა თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„მაქსიმუმ თვის ბოლომდე ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, ამიტომ მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი უსამართლობა. რომელსაც ჩვენ არ შევეგუები. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მით უმეტეს, კიდევ გავიმეორებ, იმ ქვეყნებთან შედარებით - უკრაინა, მოლდოვა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდება ამ ქვეყნებში, ამიტომ ჩვენ არავის ვედრებით, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს. მით უმეტეს, იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შექმნილია მთელს მსოფლიოში, ჩვენს რეგიონსა და ევროპის კონტინენტზე, იმ მიღწევების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა, პარტიამ, პარლამენტმა მთავრობასთან ერთად მივაღწიეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ბაღის და სკოლის მოსწავლეებს, პირველკლასელებს, მასწავლებლებს, მშობლებს და მთლიანად საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ასეული სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია არის დაწყებული.

ჩვენ შარშან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ასობით სკოლის - 880 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას ითვალისწინებს. უკვე დაწყებულია, დაკონტრაქტებულია რამდენიმე ასეული სკოლის რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესი. ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, მილიარდი ლარი დაიხარჯება. ასევე ჩვენ დავიწყეთ 1000-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაც, რომელიც ასევე მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტია, ეს არის წლების მიხედვით გადანაწილებული, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მოტივაცია, მიზანია, რომ ჩვენი ახალგაზრდები, შვილები, მოსწავლეები სწავლობდნენ ევროპული სტანდარტების, თანამედროვე სტანდარტების სკოლებში, ბაღებში და ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ. იცით, რომ სკოლებშიც, ბაღებშიც ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ბოლო 10 წელიწადში ძალიან ბევრი სკოლა აშენდა, ასევე ბევრი რეაბილიტირდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, ამიტომ ეს საკითხი გადაწყვეტილია და ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აქვე აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ათასამდე სტუდენტს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსი შეჩერებული აქვთ, დავალიანება გაუნულდებათ.

„ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების სწავლა-განათლება. მინდა, შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი. მოვიკითხე ამის შესახებ და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდება დავალიანება და შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი სხვა საკითხებსაც შეეხო - მთავრობა რაჭასა და გურიაში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადად 20 000 ლარით დაეხმარება, იმ მოქალაქეებს კი რომელთა სახლებიც საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა, ღარიბაშვილის თქმით, ყველა განახლდება.

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას, ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე ოცი ათასი ლარის ოდენობით. და ასევე მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა, იმ სახლებში გაჩერება შეუძლებელია, არ შეიძლება იქ ცხოვრება, ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს მოქალაქე, ვისაც სახლი დაენგრა ან ვისი სახლიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად, ყველას განსახლება მოხდება, უკლებლად ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ან ახალი სახლი ან ჩვენ შევუძენთ ან ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს, ესეც მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, რომ არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მოვაგვარებთ მათ პრობლემებს, დანარჩენი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სალიკვიდაციო სამუშაოები, რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, უკვე მესამე წელია მთავრობა დაგეგმილ ბიუჯეტს ცვლის და ზრდის.

„ჩვენ წლევანდელი ბიუჯეტი დავგეგმეთ საკმაოდ კონსერვატიულად, ეს იყო 5%-იან ზრდაზე გათვლილი, მაგრამ სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შეგვაქვს ცვლილებები, 500 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი. ამის თაობაზე ბატონი ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, თუ როგორ გადანაწილდება აღნიშნული 500 მილიონი. აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ უკვე მესამე წელია ჩვენ დაგეგმილ ბიუჯეტს ვცვლით და ვზრდით.

„2021-ში ასე მოხდა, ჩვენ ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, ასევე შარშან, 2022 წელს და ასევე წელს, 500 მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება მოვახერხეთ ბოლო წლებში, იგივე, რაც მე ჩამოვთვალე, სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა. რა თქმა უნდა, ამას ვერ შეძლებდა სახელმწიფო, 880 სკოლა, 1000-ზე მეტი ბაღი, სოციალური დახმარებები გავზარდეთ, თითოეულ სოციალურად დაუცველ ადამიანზე 200 ლარის ოდენობით გაიცემა დახმარება, ეს არის წელიწადში 500 მილიონ ლარზე მეტი, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი. ხელფასები გავუზარდეთ პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს. პოლიციელებს და ჯარისკაცებს 40%-ით გაეზარდათ ჯამში ხელფასები. ეს პროცესი რა თქმა უნდა გაგრძელდება, იანვარში კიდევ გაეზრდება ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი. ჯამში პოლიციას და ჯარს გამოუვა 50%-იანი ზრდა ბოლო სამ წელიწადში და საჯარო მოხელეებს 30%-იანი ზრდა. ჩვენ ასევე დავაფინანსებთ სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც აქტიური ტემპებით მიმდინარეობს. იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება თუ ჯანდაცვა. იგივე გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები, რომლებიც გაიგზავნებიან უცხოეთში, უმაღლესი დონის კლინიკებში. უკვე დაწყებულია პროცესი და ამას მინისტრი აკონტროლებს და ხელმძღვანელობს.

„ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, განათლების მიმართულებით, ეკონომიკის, ჯარის მიმართულებით. ჩვენ დაკორექტირებულ ბიუჯეტს წარვუდგენთ პარლამენტს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ახალ, 2024 წლის ბიუჯეტზე. ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. უკვე მქონდა რამდენიმე შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან და მის გუნდთან, ასევე ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც განვიხილეთ ბიუჯეტის პირველი ვერსია და თვის ბოლოს, დაახლოებით 29 სექტემბერს წარვუდგენთ პარლამენტს. გვექნება საინტერესო სიახლეები, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო ვერსია, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოქტომბერში წარვუდგენთ განახლებულ ვერსიას პარლამენტს და ნოემბერში უკვე მესამე ვერსიას წარვუდგენთ პარლამენტს", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის ვალი შემცირებულია. მინდა ამბობს, რომ 2 წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-თან მიმართებით, ახლა კი, თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული.

„ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, შემცირების პროცესი დავიწყეთ და თითქმის, 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. დეფიციტი არის შემცირებული, აღარ გავიმეორებ, ყველას მოგეხსენებათ კარგად, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენი სახელმწიფოს რეზერვები, ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, 5,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×