ნაზი ბერიძე
15.09.2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დააწესა, ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე") მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. რა გავლენას იქონიებს ეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ამაზე „რეზონანსი" პოლიტიკის ექსპერტებს ესაუბრა. ამ უკანასკნელთა მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით დიამეტრულად განსხვავებულია. სახდეპი კი აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის დამოკიდებულება არ შეიცვლება.

„მოსამართლეები დაასანქცირეს, მაგრამ ამით ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა არ შეწყვეტილა, აუკრაძალეს ამერიკაში ჩასვლა მათ და მათი ოჯახის წევრებს, მაგრამ ამას არ უმოქმედია საქართველო-აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობაზე. დარწმუნებული ვარ, არც ფარცხალაძის დასანქცირება იმოქმედებს, რადგან აშშ-საქართველოს პარტნიორობა სტრატეგიულად უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე რუსეთში წასული ერთი პიროვნების დასანქცირება," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

არცერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან ურთიერთობების ჩვენს ხედვას არ შეცვლის, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

„150-ზე მეტი პირი და კომპანია დავასანქცირეთ დღეს და არ შემიძლია რომელიმე ამ სანქციაზე სრულ დეტალებში ვისაუბრო. იმ ინფორმაციისკენ გადაგამისამართებთ, რომელიც დღეს გამოვაქვეყნეთ, რომელიც სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა... იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის სოლიდარულები ვიყავით ქართველ ხალხთან და მათ სურვილთან იყონ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. და ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, საქართველოს, როგორც ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულიად ინტეგრირებული წევრის საერთო ხედვაზე ვმუშაობთ. და არცერთი ინდივიდუალური სანქცია არ ცვლის ურთიერთობების ჩვენს ამ ხედვას," - განაცხადა მილერმა.

ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრ ECIPE-ის უფროს მკვლევარის, საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის ყოფილ მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის თქმით, ფარცხალაძის შემთხვევა ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია.

„გასაგებია ეს განცხადება და ქვეყანა არ სანქცირდება ამით, სანქცირდება კონკრეტული პიროვნება, ეს რა თქმა უნდა ქვეყნის იმიჯზე და საერთაშორისო რეპუტაციაზე, ქვეყნისთვის რომელიც მიისწრაფის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ყოველ შემთხვევაში კონსტიტუციაში ეს გვიწერია, თავისთავად ცხადია რომ ახდენს გავლენას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ გვახსოვს რა ხდებოდა მოსამართლეებთან დაკავშირებით, თავისთავად ცხადია, რომ ეს სულ მინიმუმ ლახავს ქვეყნის რეპუტაციას, მით უმეტეს ჩვენ არ ვლაპარაკობთ რიგით ადამიანებზე, ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანზე, რომელიც იყო საქართველოს მთავარი პროკურორი.

„მე მგონია, რომ საერთოდ ამ ფაქტზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რადგან ლაპარაკია პირდაპირ რუსეთის ფეესბესთან თანამშრომლობაზე," - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ეს არის ერთგვარი გაფრთხილება ხელისუფლების მიმართ.

„ეს გამოხატავს თუ რა დონეზე არის ამერიკა საქართველოს ურთიერთობები. უამრავი გამოწვევაა და არა მარტო ამერიკასთან, არამედ ზოგადად დასავლეთთან ურთიერთობებში. არც ევროკავშირია კმაყოფილი საქართველოს ხელისუფლებით და მისი საგარეო და შიდა პოლიტიკით. არ არის გამორიცხული, რომ ეს სია თანდათანობით გაფართოვდეს. ეს კიდევ ერთი გზავნილია, რომ ხელისუფლებამ არ გადაუხვიოს დემოკრატიის გზას, თუ არა ალბათ ეს სია გაიზრდება და შეიძლება აქ ვიხილოთ პოლიტიკოსები, ოფიციალური პირები და ა.შ.

„მე იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატები ამ ეტაპზე სიტუაცუას არ გაართულებს, ეს არის ერთგვარი მინიშნება, რომ გააფრთხილოს ხელისუფლება, რადგან ფარცხალაძე დღესაც არის საკმაოდ მნიშნელოვანი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. ასეთი შემთხვევები თუ გაიზრდება, პრობლემას შეუქმნის ქვეყანას, თუმცა არც ფარცხალაძის ამბავია სასიამოვნო. თუკი პირდაპირ იქნება ჩართული ვინმე რუსეთთან დაწესებული სანქციების თავის არიდებაში, ეს კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას დასავლეთთან მთლიანობაში", -განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" გამორიცხავს, რომ ერთეულმა შემთხვევებმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დაძაბოს, თუმცა შესაძლოა ამას ამერიკის მხრიდან სხვა ნაბიჯებიც მოჰყვეს.

„ამერიკელების პოლიტიკა ისეთია - რაღაცა აქტის განხორციელებით სიგნალს გაძლევენ, რომ შეიძლება ამას რაღაცა გაგრძელება მოჰყვეს ან შესაძლოა არაფერიც არ მოხდეს, და რადგან ფარცხალაძის გვარი მუდმივად ტრიალებდა მედიაში, ოპოზიციის მიერ მომზადებულ ანგარიშებში, ეს მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის თვალთახედვის არეში.

„არ გამოვრიცხავ, რომ მათ რაღაცა დამატებითი ინფორმაცია მიიღეს იმის თაობაზე, თუ რას აკეთებდა ფარცხალაძე რუსეთში. ახლა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის გადასახლება ვთქვათ რუსეთში, ოკუპანტ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს და იქ ბიზნესების წარმოება, გარდა ამისა მისი მონაწილეობა ქართულ-რუსულ ღონისძიებებში, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ დარჩებოდა ყურადღების მიღმა სათანადო სტრუქტურების მხრიდან და ალბათ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ ჩათვალეს, რომ ეს კაცი შეიძლება იყოს დაახლოებული რუსეთის სპეცსამსახურებთან და მერე ააგეს ეს ლოგიკური ჯაჭვი, რომ ის შესაძლოა ზეგავლენას ახდენდეს საქართველოში რაღაც პროცესებზე პრორუსული გავლენების გასაძლიერებლად. ეტყობა, დაგროვდა ინფორმაცია და მიიღეს გადაწყვეტილება.

„სახელმწიფო დეპარტამენტს, ისევე როგორც მოსამართლეთა საქმეში, არავითარი კონკრეტული მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მან უბრალოდ ერთი ფრაზით მოხაზა რის გამო ასანქცირებს ფარცხალაძეს. შესაძლოა მათ აქვთ ინფორმაცია, რომელსაც არ ასაჯაროებენ.

„კიდევ ვის შეეხება სანქციები? ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ განვითარდება ქარრულ-ამერიკული ურთიერთობები და რა დამოკიდებულება ექნება აშშ-ს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე. როცა აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობას გავაგრძელებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიდევ ვინმე მიზანში არ ამოიღონ.

„მოსამართლეები დაასანქცირეს, მაგრამ ამით ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა არ შეწყვეტილა, აუკრაძალეს ამერიკაში ჩასვლა მათ და მათი ოჯახის წევრებს, მაგრამ ამას არ უმოქმედია საქართველო-აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობაზე. დარწმუნებული ვარ, არც ფარცხალაძის დასანქცირება იმოქმედებს, რადგან აშშ-საქართველოს პარტნიორობა სტრატეგიულად უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე რუსეთში წასული ერთი პიროვნების დასანქცირება," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×