
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე კრიზისის ფონზე მიდის მსჯელობა აუცილებელ ცვლილებებზე, რამაც მას ახალი სულისკვეთება უნდა შემატოს, რათა 2024 წლის არჩევნებისთვის წარმატების შანსი ჰქონდეს. „ოცნება" ენმ-ს ადანაშაულებს, რომ პარტიაში პარტიული სტრუქტურა არ არსებობს, რაც მათ გარკვეული იდეის გარშემო გააერთიანებდა. რა არის ენმ-ში შიდა კონფლიქტის გადაჭრის მექანიზმი და ელექტორატის მოპოვების საშუალება, ამაზე პოლიტიკოსებისა და ექსპერტების აზრი არაერთგვაროვანია.
როგორც ენმ-ის ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია იმ განხეთქილების თავიდან აცილება, რომელიც არჩევნების შემდეგ პარტიაში არსებობს არა მხოლოდ ლიდერშიფის, არამედ ქვედა დონეზეც.
„ვერ გეტყვით, რამდენად გამოუვა ეს პარტიას. პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის" გადასაწყვეტია, ძველი სახეებიდან ვინ დაბრუნდება და ვინ - არა. შემდეგ კი ეს „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის მიერაა შესაფასებელი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საერთაშორისო ურთიერთობის ექსპეტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" ძლიერების კოეფიციენტის ამაღლებას პარტიაში ძველი და ახალი სახეების შერწყმაში ხედავს.
„„ნაციონალურ მოძრაობას" ძველი სახეები ს ნაწილი დაუბრუნდა - იგივე ზურაბ ჭიაბერაშვილი, იგივე გიგი უგულავამ აღადგინა კავშირი პარტიასთან. აქ მნიშვნელოვანია, რომ არ არის საუბარი მხოლოდ ძველ სახეებზე, გამოსული პოლიტიკოსების დაბრუნება კარგი იქნება, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია ახალი სახეების წარდგენა.
„არის საქართველოში ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებში, პროევროპულად, პროდასავლურად, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები, შესაძლებელია მათთან მოლაპარაკება რომ ახალი სახეებიც გამოჩნდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში". ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ ადამიანებს იგივე წარსულთან არ ექნებათ კავშირი.
„ქართული ოცნება" ხშირად აპელირებს „ნაცმოძრაობის" წევრების წარსულით და ა.შ. ესეც პროპაგანდაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახეებიც გამოჩნდნენ და ძველებიც დაბრუნდნენ. ეს გარკვეულწილად ხელს შეუწყობს პარტიის გაძლიერებას და რეიტინგის ამაღლებას,
„პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნება" რა სტრუქტურისგან შედგებოდა, ის შედგებოდა 6 პარტიისგან, მათ შორის ორი პრორუსული პარტია იყო, და სხვები ვთქვათ ვითომ პროდასავლური პარტიები. არანაირი იდეა მაშინ არ იყო. ფაქტობრივად, პარტიები გაერთიანდნენ არა იდეის გარშემო, არამედ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ. მერე კოალიცია დაიშალა და „ქართული ოცნება" დარჩა. დღესაც მე ასე მგონია, რომ „ოცნებას" არ გააჩნია იდეა, იმიტომ რომ ის გაერთიანებულია ბიძინა ივანიშვილის ფინანსური რესურსების გარშემო, იდეოლოგიის ნაკლები ინტერესი გააჩნია.
„პირიქით მე ასე ვფიქრობ, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებს, თუნდაც პროდასავლურ „ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია ის იდეა, რომელიც უკავშირდება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას," - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის არარსებობასა და ხალხის მანიპულირების ხერხებზე საუბრობს, და ვარაუდობს, რომ პარტიის შანსები 2024 წლის არჩევნებზე მცირეა.
„რესტორანში შემოხვედით, შეუკვეთეთ, ვთქვათ, რაღაცა კერძი და უგემური იყო ის კერძი. ხელმეორედ შეუკვეთავთ? არა, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ძველი სახეების პარტიაში დაბრუნებას აზრი არა აქვს.
„მოსახლეობა ალბათ არ მოტყუვდება, რომ „ნაციონალებს" დიდ პატივს სცემს საქართველო. ეგ ვერსიაც აქვთ, რომ, აი, ფული დაარიგა ივანიშვილმა, და ასე მოიგო 2012. მიშას ნათქვამიც აქვს, ხომ ვიცი როგორ გიყვარვართ, ხალხო, ლაიქები დამიწერეთ ინტერნეტშიო.
„არ ვიცი ახლა ეს თავის მოტყუების ხერხია თუ ვინმესი, იმიტომ რომ ვინ უნდა მოტყუვდეს ამით, მე არ მესმის. დავუშვათ უცხოელებს მიჰყიდიან ამას, და ეტყობათ კიდეც უცხოელებს, რომ ეს სცენარი სჯერათ - თითქოს რომ რუსეთიდან ჩამოსულმა ოლიგაქრმა იყიდა საქართველოს ხმები და არჩევნებში გაიმარჯვა. სწორედ ასეთია „ნაციონალური მოძრაობის" სულისკვეთება.
„იდეოლოგია არა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას", მათი სლოგანია „მიშა". შეიძლება სახელი იყოს იდეოლოგია? „ნაცმოძრაობამ" რაღაც განსხვავებული უნდა შესთავაზოს საზოგადოებას. ეს წამყვანი ოპოზიციური ძალა რაღაც ნაწილისთვის არის მისაღები, მაგრამ ვერცერთ არჩევნებში ვერ იმარჯვებს, ვერცერთ სოციოლოგიურ გამოკვლევაში ვერ მოიპოვებს უპირატესობას - ე.ი. უფრო მეტია ის ამომრჩეველი, ვისთვისაც ის მიუღებელია," - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.