თამთა ჩაჩანიძე
15.09.2023

„დაფუძნების დღიდან „ლელოს" პოლიტიკური დღის წესრიგი არის, რომ ვითომ ისინი მესამე ცენტრს წარმოადგენენ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ისინი ენმ-ს დღის წესრიგში იყვნენ, არიან და იქნებიან" - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა, „ლელოს" დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებაზე საუბრისას, სადაც ამბობს, რომ მისი პარტია ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციებისთვის მზად არის, „ვინც არც „ოცნებასთანაა" ასოცირებული და არც „ნაცმოძრაობასთან".

შეუძლია თუ არა „ლელოს" მესამე ცენტრის შექმნა და ასეთი ამომრჩევლის მიზიდვა, ვისაც არც წინა ხელისუფლება უნდა და არც მოქმედი, ამაზე გია აბაშიძემ გვითხრა, რომ ამის პოტენციალი ამ პარტიას არ აქვს და ეს რეიტინგებშიც ჩანს.

„დაფუძნების დღიდან „ლელოს" პოლიტიკური დღის წესრიგი არის, რომ ვითომ ისინი მესამე ცენტრს წარმოადგენენ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ისინი ენმ-ს დღის წესრიგში იყვნენ, არიან და იქნებიან. გიორგი გახარიას პარტიასაც იგივე პრეტენზია აქვს, რომელიც ასევე „ნაცების" მოკავშირეები არიან.

„ახლა საკითხავია, მესამე ძალიან პრეტენზიების მქონე ნაცმოკავშირე წვრილ-წვრილი პარტიები რომელ სიაში აღმოჩნდებიან, „ლელოსი" თუ გახარიას პარტიის. ისინი ამომრჩეველთა თვალში თვალთმაქცობას კვლავ განაგრძობენ, რომ თითქოს 2024 წლის არჩევნებში ბლოკები იყოს დაშვებული.

„ლელო" იქნება ეს თუ მისი მოკავშირეები ამომრჩეველთა თვალში არაფერს წარმოადგენენ, რადგან მათი დღის წესრიგი ხაბეიშვილის, მელიასა და ბოკუჩავასგან არაფრით განსხვავდება. მისი უდიდებულესობა ქართველი ამომრჩეველი მათზე უკეთესად ერკვევა და მშვენივრად იცის, რომ „ნაცებისგან" ვითომ დისტანცირებული პარტიები, რომ რეალურად ენმ-ს წიაღში არიან, უბრალოდ პოლიტიკურ შულერობას ეწევიან, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევენ.

„ლელოს" არანაირი მესამე ძალის შექმნის პოტენციალი არ აქვს. პოლიტიკოსობაზე პრეტენზიების მქონე სუბიექტებს გადავხედოთ და ასევე იმას თუ ამ პარტიის დამფუძნებელი ვინაა, სასამართლოს მიერ აღაირებული თაღლითი მამუკა ხაზარაძე და მისი თანამზრახველი ბადრი ჯაფარიძე. ხაზარაძის ბიოგრაფიას რომ გადავხედოთ, ის მთავარი ბანკირი იყო და რამდენი მოქალაქე ჰყავს გამწარებული, ენმ-ს პროკურატურის დაკვეთით რამდენი ბიზნესი მიიტაცა და ა.შ.

„პოლიტიკოსობა კი არა, სჯობს მამუკა ხაზარაძემ საკუთარი თავი გიტარისტად სცადოს, როგორც ეს თბილისის არაერთ ქუჩაზე გააკეთა",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ჩვენი პოზიცია არის მარტივი: მზად ვართ კონსულტაციებისთვის ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც იზიარებს ჩვენს ხედვას.... რაც შეეხება ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, ვინც არ არის ასოცირებული არც „ქართულ ოცნებასთან" და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×