ელზა პაპოშვილი
15.09.2023

მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმპიჩმენტის კენჭისყრისას სხდომათა დარბაზში არ შევა და ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც, მაინც არსებობს იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებამ საჭირო 100 ხმა მოაგროვოს. 

როგორც კულუარული ინფორმაციით ხდება ცნობილი, პარტიაში ამ თემასთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილს იმპიჩმენტი სააკაშვილის შეწყალებაში უნდა გაუცვალონ და ამ თემაზე ივაჭრონ. 

„პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პროცესი მიდის. კულუარული ინფორმაციებიდანც ხდება ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს სურს, რომ ზურაბიშვილთან შეწყალების საკითხით ივაჭრონ. იმ შემთხვევაში თუ ის სააკაშვილს არ შეიწყალებს, მაშინ იმპიჩმენტს მხარი დაუჭირონ. მერაბიშვილ-კეზერაშვილს კი ახლა სააკაშვილის გარეთ გამოსვლა ძალიან არ უნდათ,“ - აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ფაქტია, რომ სწორედ ამის გამო, ენმ-იის მენეჯმენტი  იძულებულია პარტიის წევრებს კენჭისყრის დროს საერთოდ დარბაზში შესვლაც კი აუკრძალოთ.  თუმცა თავად „ნაციოანლურ მოძრაობაშივე“ აცხადებენ, რომ ისინი თავს ბოლომდე იმ ადამიანებზე ვერ დადებენ, რომლებიც პარლამენტში მათი სიით არიან მოხვედრილები, ასეთი კი 20-მდე დეპუტატია. 

ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი იმპიჩმენტისთვის საჭირო ასი კაცის შეგროვებას ვერ შეძლებს. ფაქტია, რომ მსგავსი შიში პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც გაუჩნდა და ოპოზიციასთან შეხვედრები გამართა. 

„ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენ ეს პოლიტიკური საბჭოს სხდომით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ და გავაცანით საზოგადოებას. ვისთან რა გარიგება და მოლაპარაკება ექნება ივანიშვილს, ბუნებრივია, ეს ჩვენ არ გვეხება,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ქართული ოცნება“ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას საკუთარი თანაგუნდელების მიმართ უნდობლობით ხსნის და ამბობენ, რომ მიმდინარე პროცესები არაერთი პოლიტიკოსის, მათ შორის პრეზიდენტის ლუსტრაციას ახდენს. „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით კი „რადიკალურ ოპოზიციას“ ერთმანეთის ნდობა არა აქვს. 

„ვნახეთ, რადიკალური ოპოზიციისთვის „რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“ ახლა გახდა „პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“. რადიკალური ოპოზიცია არ ენდობა ერთმანეთს, განსაკუთრებით, ნაცმოძრაობაში არ ენდობიან წევრები ერთმანეთს და საზოგადოებას ეუბნებიან, რომ გვანდეთ სახელმწიფოვო. ანუ 20 კაცი ერთმანეთს ვერ ენდობა და 3 მილიონ ეუბნებიან, სახელმწიფო მართვა განდეთო. აი, ეს ლოგიკაა ნაცმოძრაობისა და რადიკალური ოპოზიციის,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.    

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია რთულ მდგომარეობაშია, რადგან თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ, გამოდის, რომ მათ კონკრეტული პოლიტიკური გეგმა ჰქონდათ. ხოლო იმ შემთხვევაში,  თუ არ დაუჭერენ მხარს, გამოვა, რომ ისინი კონსტიტუციური პრინციპების დარღვევაზე თვალს ხუჭავენ. მისთვის ნიშანდობლივია იმ ოპოზიციური პარტიების განცხადებებიც, რომლებმაც თქვეს, რომ კენჭისყრის დროს დარბაზში არ შევლენ.

„იმპიჩმენტს აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. ეს არის გზავნილი და ეს არის შეფასება, რომ კონსტიტუციის დარღვევას არანაირ საფუძველი, გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება კენჭისყრას, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო თავის შეფასებას დაუბრუნებს პარლამენტს.

„ამ კუთხით ოპოზიცია უკვე არის რთულ მდგომარეობაში, რადგან თუ დაუჭერენ მხარს იმპიჩმენტს, გამოდის, რომ მათ კონკრეტული გეგმა ჰქონდათ და აქვთ კონკრეტული პოლიტიკური გეგმა. თუ არ დაუჭერენ მხარს, გამოდის, რომ კონსტიტუციური პრინციპების დარღვევაზე ისინი თვალს ხუჭავენ. ნიშანდობლივია იმათი განცხადებებიც, რომლებმაც თქვეს, რომ დარბაზში არ შევლენ,“ - განაცხადა თალაკვაძემ.   

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ფაქტია ენმ-ში სააკაშვილის შეწყალებასთან და პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერაზე სხვადასხვა აზრი არსებობს.  ვარაუდობს, რომ კეზერაშვილს და მერაბიშვილს რეალურად არ სურთ სააკაშვილის შეწყალების საკითხი დააყენონ, ხოლო სააკაშვილს და მის მომხრეებს ამის სურვილი აშკარად აქვთ. ამიტომ ეს შესაძლოა პარტიაში ახალი დაპირისპირების მიზეზიც გახდეს. 

„პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პროცესი მიდის. ფაქტია და ეს კულუარული ინფორმაციებიდანც ხდება ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს სურს, რომ ზურაბიშვილთან შეწყალების საკითხით ივაჭრონ. იმ შემთხვევაში თუ ის სააკაშვილს არ შეიწყალებს, მაშინ იმპიჩმენტს მხარი დაუჭირონ. აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილს ახლა სააკაშვილის გარეთ გამოსვლა ძალიან არ უნდათ.  ვხედავთ კიდევაც, რომ სააკაშვილი პარტიაში რაღაცა კომიტეტების შექმნით მმართველობის სადავეების დაბრუნებას ცდილობს. მათი ვითომ უარი, იმპიჩმენტის კენჭისყრაში მონაწილეობაზე იმით არის განპრობბეული, რომ პარტიის  წევრების ნაწილს მისი თავიუსფლება არ აწყობს. 

„ახლა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნიკა გვარამიას პოზიციაც, რომელიც ჯერ პროცესების განვითარებას უყურებს. არ გამოვრიცხავ, სწორედ ვეტერანმა პოლიტიკოსებმა მოითხოვონ, რომ პრეზიდენტთან ამ თემაზე ვაჭრობა დაიწყოს. თუმაც არსებობს მეორე ვერსიაც, რატომ შეიძლება ენმ სააკაშვილის შეწყალებას არ ითხოვს. ვიცით, რომ მის წინააღმდეგ სხვა საქმეებიც არის აღძრული, ამიტომ რომც შეიწყალოს პრეზიდენტმა, შესაძლოა საპატიმრო მაინც ვერ დატოვოს, რადგან სხვა საქმეებზე მოსამართლემ წინასწარი პატრიმრობა მიუსაჯოს. ამიტომ ენმ-ში ფიქრობენ, რომ ერთი დღის გულისთვის დასავლეთის თვალში ცუდად რატომ უნდა გამოჩდნენ და აუტკივარი თავი აიტკიონ“, - ამბობს აბაშიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×