
ამომრჩევლები 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს ირჩევენ. შუალედური-რიგგარეშე არჩევნებისთვის შექმნილი 133 საარჩევნო უბნიდან 103-ზე არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდება.
„საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს აქტიურად ჩაერთონ არჩევნების მოდერნიზების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში",-განაცხადა საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" მომავალ შუალედურ არჩევნებს არანაირ პოლიტიკურ დატვირთვას არ ანიჭებს, რადგან თვლის, რომ მასში არ არის კონკურენციის ელემენტი.
„მე მგონი არავითარი დიდი პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ რამდენადაც მე ვიცი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია მასში მონაწილეობას არ იღებს. თუ რამე შეიცვალა ამ კუთხით, არ ვიცი. შესაბამისად, თუ ოპოზიცია არ მონაწილეობს, კონკურენციის ელემენტი და პოლიტიკური ინტრიგა არ არის.
„გამომდინარე აქედან, ეს იქნება ჩვეულებრივი რიგითი შუალედური არჩევნები, და ალბათ „ქართულ ოცნებას" მიემატება კიდევ ერთი დეპუტატი კიდევ ერთი მორიგი მერი კონკრეტულ ქალაქში" - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" შუალედური არჩევნების ნულოვან მნიშვნელობაზე საუბრობს.
„შუალედურ არჩევნებში ოპოზიცია ალბათ მონაწილეობას არ მიიღებს, იმიტომ, რომ ამას აზრი არა აქვს. დატვირთვა ის აქვს მხოლოდ ამ არჩევნებს, რომ ადგილი გათავისუფლდა და პარლამენტი ვალდებულია, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
„ოპოზიციისთვის, ერთი მანდატით მეტი ექნება, თუ ერთი მანდატით ნაკლები, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს - უნდა დახარჯოს ფინანსური და ადამიანური რესურსი, იწვალოს და როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, მაინც ხელისუფლების წარმომადგენლებს უფრო აქვთ ამომრჩევლისგან მხარდაჭერა, თანაც ამომრჩეველი ნაკლებად მიდის არჩევნებზე. იქნებიან მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და ისინი გაიმარჯვებენ" - განაცახადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე: „ეს შუალედური არჩევნები ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ" შეამოწომოს საკუთარი პარტიის რეიტინგი. მგონია, რომ ოპოზიციამ შეიძლება არც წარადგინოს თავისი კანდიდატი, ბოიკოტი გამოუცხადოს და კონცენტრაცია მოახდინოს 2024 წლის არჩევნებზე"