თამთა ჩაჩანიძე
17.09.2023

სომხეთი რუსეთისგან დისტანცირებას და დასავლეთთან თავის საგარეო პოლიტიკის დაბალანსებას ცდილობს, თურქეთი თავის მხრივ სამხრეთ კავკასიაში გავლენებს აძლიერებს და ყარაბაღის კონფლიქტში შუამავლობა სურს. რუსეთის გავლენები კი რეგიონში დღითიდღე მცირდება და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი ძველი პოზიციების დაბრუნებისთვის და რევანშისთვის ემზადებოდეს.

საკითხზე, როგორ სურათს მივიღებთ მოსალოდნელი ცვლილებების შედეგად და სადაა საქართველოს ადგილი, კავკასიის რეგიონის ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ბაქო ომისთვის ემზადება და თუ სომხეთთან სამხედრო კონფლიქტი განაახლა, ჩვენთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ასევე მძიმე შედეგი ექნება რომელიმე სახელმწიფოს გავლენების გაძლიერებას, რადგან ეს რეგიონში ბალანსს არღვევს. მათი თქმით, „საქართველოს ხელისუფლებას დაფიქრება მართებს", რადგან „ომისა და მშიდობის ზღვარზე ვართ".

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით „ჰუმანიტარული კრიზისი" შექმნა და რუსეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ოდკბ) ფარგლებში საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ერევანს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს, ეს კი მოსკოვისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამის გამო დიდი ალბათობით მოსკოვი ერევნისთვის პასუხს ამზადებს, სომხეთში რამდენიმე ათასი დაქირავებული რუსი მებრძოლია ჩასული და არაა გამორიცხული, რომ კრემლმა სამხედრო გადატრიალება სცადოს, რასაც ასევე რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვის უარყოფითი გავლენა ექნება.

თურქეთი, როგორც შუამავალი

თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს. ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ჯერჯერობით ამ შეთავაზებაზე არც ნეგატიური და არც პოზიტიური პასუხი თურქულ მხარეს არ მიუღია.

„ჩვენს პრიორიტეტებშია მოლაპარაკების ჩატარება სამმხრივ ფორმატში, როგორც ეს ადრე იგეგმებოდა. მაგრამ ჩვენ ასევე ოთხმხრივ ფორმატში შეხვედრაც შევთავაზეთ. ეს წინადადება მხარეებს გადავეცით. ანუ, შეხვედრაზე ვიქნები მე, პუტინი, ილჰამ ალიევი და ფაშინიანი. მე ვთქვი, მოდით, შევხვდეთ, განვიხილოთ გადასადგმელი ნაბიჯები", - განაცხადა ერდოღანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოთხმხრივი შეხვედრის ინიციატივის მიზანი ის არის, რომ მოლაპარაკებები პრობლემასთან დაკავშირებული ქვეყნების ლიდერებმა ჩაატარონ და არა ყარაბაღის თემასთან არადაკავშირებულმა მხარეებმა.

„მე კიდევ ერთხელ განვიხილავ ამ საკითხს ალიევთან. ჩვენ ვიმუშავებთ კონკრეტიზაციაზე და თვალს ვადევნებთ [მოვლენების] განვითარებას", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

როგორი მოცემულობაა საქართველოსთვის მისაღები

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანმა აგრესოიული ნაბიჯები გადადგა, ეს საქართველოს დაარტყამს, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„გააჩნია მოვლენები როგორ განვითარდება, თუ აზერბაიჯანმა ახალი ომი დაიწყო და აგრესიული ნაბიჯები გადადგა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მოსკოვისთვის ფაშინიანის ხელისუფლება აბსოლუტურად მიუღებელია, მაშინ შეიძლება ერთი და ძალიან მძიმე შედეგი მივიღოთ, ესაა, რეგიონალური ომი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებასაც და ეკონომიკასაც აუცილებლად დაარტყამს.

„ერდოღანის პოიზიციაა, რომ ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი მოლაპარაკება გაიმართოს, არ ვიცი ეს ამბავი რამდენად მოხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ოფიციალური ბაქო, რომ ომისთის ემზადება, ეს ფაქტია. რაც შეეხება კიდევ ერთ გამოსავალს, რასაც ირანული მხარე სთავაზობს, ესაა 3+3-ის ფორმატის ამუშავება, ეს კი საქართველოსთვის მიუღებელია.

„ყველა ვარიანტში, ყველა შედეგი, რომელიც უახლოეს მომავალში შეიძლება დაიდოს, ჩვენთვის არცერთია მთლად მისაღები და საქართველოს ხელისუფლებას დაფიქრება მართებს. ან საჭადრაკო დაფის ვარიანტი გვექნება, ან ომის", - განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენები შემცირებულია, თუმცა, მოსკოვი რევანშისთვის ემზადება.

„კავკასიაში რუსეთის გავლენები შემცირებულია, მაგრამ მოსკოვი ახლა რევანშის აღებას და თავისი გავლენების უკან დაბრუნებას ცდილობს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თითქოს თურქეთი პარტნიორია, სამხრეთ კავკასიაში ანკარის გავლენების გაძლიერება რუსეთისთვის წამგებიანია. ეს შავი ზღვის გარკვეულ სივრცეზე და რეგიონზე კონტროლის დაკარგვას ნიშნავს და იმას, რომ მომავალში ჩრდილოეთ კავკასიას ხიფათი შეექმნება.

„თურქეთი მომგებიან მდგომარეობაშია, ასწლიანი პაუზის შემდეგ, ის სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდა, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. კრემლში თვლიან, რომ ეს მოსკოვის უმძიმესი შეცდომაა. თურქეთს ეკონომიკური კრიზისიც აქვს და დასავლეთთან ურთიერთობა დალაგებული არ აქვს, თუმცა რეგიონში კარგ მდგომარეობაშია, რადგან მან ის პროექტი მოახერხა, რომელიც თურქეთის ყველა ხელისუფალის ოცნება იყო ესაა, „დიდი თურანის" იდეა.

„თურქეთს დღეს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, რომლისთვისაც ძალიან მოქნილი პოლიტიკა და გამოსავლის მარტივად პოვნაა დამახასიათებელი. გეოპოლიტიკური თამაშის თვალსაზრისით, ერდოღანის ხელისუფლება ძალიან კარგ ფორმაშია. მას აქვს პროგრამა, რომ თურქეთი რეგიონალური ზე სახელმწიფო გახადოს, ამისთვის მიისწრაფის და შედეგიც სახეზეა.

„საქართველოსთვის არავითარ შემთხვევაში არავის გავლენების გაძლიერება კარგი არაა, რეგიონი ისეთია, რომ ნებისმიერი ქვეყნის გავლენების გაძლიერება, ბალანსის დარღვევას იწვევს. ჩვენთვის მისაღები ვინცაა, ის ქვეყნები შესაბამისი ფორმატის შექმნას ვერ ახერხებენ, დასავლეთს ვგულისხმობ.

„ზოგიერთ შემთხვევაში ცალკ-ცალკე თანაშობენ, მაგალითად საფრანგეთი, ევროკავშირისა და დასავლეთის საერთო პოლიტიკის კი არა, თავის პოლიტიკის განხორციელებას ცდილობს, ეს ბევრ საკითხთანაა დაკავშირებული, მათ შორის იმასთან, რომ საფრანგეთი ევროპულ სივრცეში გერმანიის ადგილის დაკავებას ცდილობს, ამიტომ ფიქრობს, რომ ახლა აქტიური საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს მას სომხეთის ხელისუგფლებასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და საფრანგეთში ძლიერი სომხური ლობი არსებობს.

„ამასთანავე, რეგიონში ამერიკელები თავისას ცდილობენ და ევროკავშირი თავისას, ბრიტანელები კი აშშ-სთან ერთად თავისას, ისეთი აჭრილი სიტუაციაა, რომ პროგნოზისთვის რთულია",- განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

„ომისა და მშვიდობის ზღვარზე"

კავკასიის საერთაშორის უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ალბათობა იზრდება, ამის პარალელურად კი რუსეთი სომხეთში დიდი ალბათობით სამხედრო გადატრიალებისთვის ემზადება და ფაქტიურად რეგიონი ომისა და მშვიდობის ზღვარზეა.

„რუსეთის გაღიზიანება განსაკუთრებით ნიკოლ ფაშინიანის კომენტარებმა გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი ოდკბ-ს ფარგლებში თავის მისიას ვეღარ ასრულებს და სომხეთი მისგან უნდა დისტანცირდეს. ეს კრემლისთვის პირდაპირი გზავნილი იყო. ფაშინიანმა მოსკოვის მაგივრად ანკარაში დარეკა, ერდოღანთან ილაპარაკა და ამის მერე თურქეთის პრეზიდენტმა ახალი სამშვიდობო ინიციატივის ფორმულა წამოაყენა ოთხეულის სახით - აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და რუსეთი, მაგრამ ამ შემთხვევაში სავარაუდოდ თურქეთს ინიციატივის ხელში ჩაგდება სურს.

„ამის პარალელურად კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ტენდენცია იზრდება და ისე მწვავდება სიტუაცია შეიძლება უკვე მთიან ყარაბაღზეც აღარ იყოს საუბარი და რეგიონალურ ომში გადაიზარდოს. აქ სამწუხაროდ ამაზე არავინ საუბრობს, თუმცაღა უნდა ითქვას, რომ ამ ომს საქართველოზე ძალიან ცუდი გავლენა ექნება.

„ჩვენს რეგიონში გეოპილიტიკური ფონი შეიცვალა და უკვე ალიანსური პოლიტიკა ვითარდება, პირველი ალიანსი თურქეთი-აზერბაიჯანი-პაკისტანია, როგორც ჩანს, მათ ისრაელიც უერთდება და მეორეს მხრივ რუსეთი,ირანი,ინდოეთი. ორი ფორმალური ალიანსია და პლიუს არაფორმალური ორმხრივი ალიანსიებიც იკვეთება, მაგალითად სომხეთი-საფრანგეთი.

„როგორც ჩანს კავკასიაში რუსეთმაც დაიწყო მოქმედება - ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კომიდან ვერ გამოჰყავთ, რამდენიმე დღის წინ კადიროვმა საკუთარი ჯანდაცვის მინისტრი გადააყენა, რომელსაც დააბრალეს, რომ კადიროვი მოწამლა და მას მერე ეს პიროვნება გაქრა და ახლობლებმაც კი არ იციან სადაა. კადიროვი მაღალი ალბათობით მოწამლულია და სავარაუდოდ ეს კრემლისგანაა, შეასძლოა ეს იყოს ე.წ. სილოვიკების კლანი. კავკასიური პოლიტიკის ფარგლებში ეს ბევრ კითხვას სვამს.

„სომხეთში „ვაგნერელები" გამოჩნდნენ, მათი რიცხვი დაახლოებით 3 ათასია, როგორც ჩანს, რუსეთი სომხეთში სამხედრო გადატრიალებას ამზადებს. ფაშინიანი ოდკბ-ს ოფიციალურად დატოვებას აპირებს, მან რუსეთს დეკემბრამდე მისცა ვადა და თუ მოსკოვი ამ პრობლემის გადაჭრას მოცემულ დრომდე ვერ მოახერხებს, სომხეთი ალიანსიდან გამოდის. ეს შანტაჟი კი კრემლისთვის გასაგებია, რომ ერევანი კრემლთან სხვანაირ ურთიერთობას აპირებს.

„სიტუაცია საკმაოდ რთულია, ომისა და მშვიდობის ზღვარზე ვართ. ჩვენ სად ვართ მემგონი ჩვენმა მთავრობამაც არ იცის. შიდა პრობლემების გამო შესაძლოა საქართველოში პოლიტიკურ ტემპერატურამაც აიწიოს და არაა გამორიცხული, რომ ჩვენ ამის შემყურე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ",-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×