თამთა ჩაჩანიძე
17.09.2023

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ერთი წლის წინ გაწერილი 12 პრიორიტეტიდან საქართველომ მხოლოდ სამი შეასრულა, რაც გაერთიანების უმაღესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტის დროსდაც გააჟღერა, ეს კი ანალიტიკოსებს უტოვებს განცდას, რომ რაღაც მომენტში შესაძლოა საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს და კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ.

ევროკომისიამ ოქტომბერში შუალედური ანგარიში უნდა წარადგინოს, ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება კი დეკემბერში იქნება. იმ ინფორმაციების საფუძველზე თუ ვიმსჯელებთ, რაც აქამდე ევროკავშირის ლიდერებისგან თუ კომპეტენტური პირებისგან გაჟღერდა, მოლოდინი საკმაოდ პოზიტიურია, თუმცა, თუ მოხდა ისე და მოულოდნელად უარი გვითხრეს, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ნეგატიურად აისახება, როგორც შიდა ვითარების, ისე გარე ფაქტორების თვალსაზრისით.

რას ამბობს ხელისუფლება და ოპოზიცია

ვხედავთ ფრთას, რომელსაც არ უნდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაც იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ევროკომისიას ჰქონდეს სრული საფუძველი საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ, ყველა სამართლიანი კრიტერიუმით ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და ვთვლი, რომ დღესაც საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ევრორეკომენდაციების მიხედვით დიდი სამუშაო შესრულდა, ჩვენ გავაკეთეთ და შემოდგომის ბოლომდე კიდევ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკომისიას ჰქონდეს სრული საფუძველი საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „იმედთან".

„სტრატეგია აღმაშენებელმა" და ენმ-მ კი კამპანია „ევროკავშირი საქართველოსთვის" დაიწყო, რომლის ფარგლებში ისინი„არაერთ რაიონსა თუ სოფელში ჩავლენ".

„ვიწყებთ კამპანიას - „ევროკავშირი საქართველოსთვის". ყველა სოფელში ჩავალთ და ასე, სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აღვმართავთ იმიტომ, რომ სოფლების გაძლიერებას სჭირდება სწორედ ევროკავშირი და სამუშაო ადგილებს და საქართველოში ხალხის დაბრუნებას სჭირდება ევროკავშირი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ საიდანაც მოგვწერთ, ყველგან ჩამოვალთ და აღვმართავთ დროშებს.

„ამ სოფლიდან ვიწყებთ მათ შორის იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას" აქ, 2012 წლის მერე არჩევნები არ მოუგია. რუსეთი საქართველოში არასდროს არ იქნება და ყოველთვის ევროპისკენ უნდა ვიაროთ, ხშირად გვექნება მსგავსი სიმბოლური ღონისძიებები, ამით ჩვენ ევროპულ პარტნიორებსაც ვუგზავნით მესიჯს, რომ ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირი", - განაცხადა ვაშაძემ.

რა მოხდება თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში აირევა შიდა პოლიტიკური სიტუაცია და საგარეო კუთხითაც სახარბიელო მდგომარეობა არ გვექნება, რადგან შესაძლოა რუსეთი შეგულიანდეს და საქართველოს მისამართით ის ნაბიჯები გადადგას, რასაც თავად ჩათვლის საჭიროდ მოცემულ მომენტში.

„თუ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ეს იმის გამოხატულება იქნება, რომ, რბილად რომ ვთქვათ, ევროპა საქართველოს მიმართ გულგრილია. ეს რაღაც მოვლენებს მისცემს ბიძგს, ერთის მხრივ, ქვეყნის შიგნით და მეორეს მხრივ ქვეყნის გარეთ.

„ქვეყნის შიგნით ოპოზიცია შეპირებულია, რომ ისინი საპროტესტო აქციებით იმოქმედებენ და ეცდებიან, რომ ხელისუფლება შეცვალონ, რომელსაც ცუდი თვალით უყურებს ევროპა. შესაძლოა ოპოზიციას ქუჩაში მართლა ძალიან ბევრი ხალხი გამოყვეს, თუმცა, შესაძლოა არც ისე. ამასთან, არც ისაა გამორიცხული, რომ შესაძლოა სტიქიურად ამ საპროტესტო გამოსვლების საწინააღმდეგო ჯგუფებიც გაჩნდეს.

„ევროპულ თემატიკაზე შარშანდელ მარტის აციებშიც ფარული ლიდერი ოპოზიცია იყო, პროცესს „სტრატეგია აღმაშენებელი" წარმართავდა და იმდენად სარისკოდ, რომ მერე ახალგაზრდებმა გიორგი ვაშაძე გამოაგდეს. „სტრატეგია აღმაშენებელი" დღეს ენმ-ს გვერდით დგას, აქედან გამომდინარე, იმის თქმა ძნელია თუ მათ დაძახილზე რამდენი ადამიანი გამოვა, მაგრამ ამან შესაძლოა ის ადამიანებიც გააქტიურონ, რომლებისთვისაც „ნაცმოძრაობა" მიუღებელია.

„ვისაც ენმ-ს მიუღებლობა ჰქონდა, აქცია მათაც მოაწყვეს, ოღონდ იქ ანტივეროპული განწყობილება არ იყო, მხოლოდ შიდა ოპოზიციური ჯგუფების კრიტიკა იყო და არა ევროპის. ევროპის დაცვა და მეორეს მხრივ ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედება შესაძლოა სხვა ჯგუფების წარმმართველი აღმოჩნდეს და ოპოზიციური აქციების პარალელურად, მათ ადრინდელივით სპონტანური აცქიაც გამართონ.

„რუსეთმა დაინახა ის, რომ 2008 წელს საქართველოს დახმარებისთვის ხელი არავინ გამოიღო, ვინც თბილისში რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე მიიღო მონაწილეობა, ისინი რუსეთისთვის ანგარიშგასაწევ ქვეყნებს არ წარმოადგენდნენ, ამიტომაც მოსკოვმა უკვე შემდეგი ნაბიჯები უკრაინისკენ გადადგა. ამას დასავლეთში ამბობენ კიდეც.

„თუკი ახლა ევროპა კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემს, მაშინ რუსეთი ისევ გათამამდება და შეგულიანდება, თუმცა, გააჩნია იმ დროისთვის რა დასჭირდება - თუ მოუნდება, შემოიჭრება და იმის იმედი ექნება, რომ საქართველოს არავინ არ დაიცავს. ევროკავშორისგან ჩვენი არაღიარება დაუცველ მდგომარეობაში და რუსეთის დარტყმის რისკის ქვეშ გვტოვებს",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსმა ისაუბრა იმაზეც თუ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, რა სიტუაცია შეიქმნება ქვეყანაში.

„თუ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, მაშინ ოპოზიცია ამ ხაზზე უარს იტყვის, რომ გამოვეფინოთ ქუჩაში და ევროპული მომავალი დავიცვათ და სხვა საკითხზე გადავა, ამის მეტი რა არის. დღეისთვის ოპოზიციის რიტორიკაში გარდა იმისა, რომ ჩვენ რუსეთისკენ მივდივართ, სხვა მიმართულება არ ჩანს. სტატუსი რომ მოგვცენ, შესაძლოა იგივე შეინარჩუნოს, ოღონდ არა კანდიდატის სტატუსზე, არამედ უკვე წევრობაზე.

„თუ აღმოჩნდა, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გააწვერიანეს, საქართველო კი არა, ისევ დაჩაგრული სტუდენტის როლში აღმოვჩნდებით და შიდა ყვირილი დაიწყება იმაზე თუ ხელისუფლება იქცევა ცუდად და ამიტომ დაგვაყენეს კუთხეშიო",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვცა, ამას ენმ სათავისოდ გამოიყენებს, რომ „ქვეყანაში სიტუაცია აურიოს". ამასთან აბაშიძე ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია ფეთქებადსაშიშია და ქვეყნის შიგნით არასწორად გადადგმულმა თითოეულმა ნაბიჯმა შესაძლოა ქვეყანა დაანგრიოს.

„ენმ თავის დესტრუქციოლობიდან გამომდინარე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თუ სხვა საკითხს საკუთარი დღის წესრიგისთვის იყენებს იმიტომ, რომ ქვეყანაში სიტუაცია აურიოს. მათ მეტი სხვა არაფერი აინტერესებთ, ეს მათ ჩაბეჭდილ მესიჯბოქსად აქვთ.

„ევროკავშირის სტატუსი ფორმალურია და დიდი მნიშვნელობა არ აქვს დეკემბერში მოგვცემენ თუ მომავალი წლის მარტში. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ თუ ევროკავშირი ჩვენს მხარეს არაა, მასთან ურთიერთობას გადავხედავთო. არ მინდა, რომ ეს ქართულ რეალობას შევადარო, თუმცა, აქ საყურადღებოა ის თუ რეგიონში, კონკრეტულად კი ყარაბაღში რა ხდება.

„თურქეთისა და აზერბაიჯანის საპირწონედ, სომხეთისა და ირანის ალიანსი იკვეთება, რუსეთი რა წყალს ამღვრევს,ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია, ამიტომ ძალიან საშიში პროცესების წინაშე ვდგავართ, რასაც აქ მყოფი ვითომ ოპოზიციონერი პატრიოტები ვერ აცნობიერებენ, თუმცა ამას „ოცნების" ხელისუფლება აცნობიერებს, რომელიც ბოლომდე დაბალანსებისა და მშვიდობიან პოლიტიკას მიჰყვება.

„ღმერთმა გვაშოროს, რომ მთიან ყარაბაღში კიდევ მოხდეს „აფეთქება", ეს სამხრეთ კავკასიის ნებისმიერ ქვეყანას ძალიან დაანგრევს. ამაზე „ოცნების" პოლიტიკოსების გარდა, სამწუხაროდ ყურადღებას არავინ ამახვილებს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×