თამთა ჩაჩანიძე
18.09.2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა. განცხადებაში ძირითადად უკრაინაში მოღვაწე ქართული წარმოშობის მქონე პირები არიან მოხსენიებული, რომლებსაც სუს-ის მტკიცებით, „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის განხორციელება სურთ.

ანალიტიკოსთა შეფასებები ურთიერთსაწინააღმდეგოა - ნაწილი ამბობს, რომ ეს შესაძლოა მართლაც რეალური გეგმა იყოს და გარე ძალების დახმარებით ოპოზიცია რევოლუციური სცენარისთვის მართლაც ემზადებოდეს, თუმცა, ნაწილი ამბობს, რომ განცხადება პროპაგანდისტულია, რადგან, თუ მოხდა ისე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, წინასწარ თავის დაზღვევაა, რომ ხალხი პროტესტისთვის არ გავიდეს ქუჩაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება. სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე, სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი.

ამასთან, სუს-ს მტკიცებით, დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა.განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ე.წ. „კარვების ქალაქის" მოწყობას, ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებას.

რა წერია სუს-ის განცხადებაში

სუს-ი აცხადებს, რომ დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის განხორციელება.

"სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

„დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული "პრორუსულობის" ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის.

„აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი. ხაზგასასმელია ის, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

„დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.

„რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი", რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი". სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.

„ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამოდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის" მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის განხორციელება.

„ასევე ცნობილია, რომ გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, კერძოდ ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.

„აღნიშნულმა, მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ხსენებული პროვოკაციები, ორგანიზატორების მიერ, პირველად არ დაგეგმილა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა წარსულში ისინი აღკვეთილ იქნა სამართალდამცავების ეფექტური და პრევენციული რეაგირების მეშვეობით. არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, ამჟამინდელი გეგმა წარმოადგენს გაცილებით მაღალი რისკის შემცველ ფაქტორს, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს რიგითი მოსახლეობის სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას.

„აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციაში ახორციელებს და განახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას. ასევე, დამატებითი ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით, სამსახური ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რა ბრალდებას უყენებს ხელისუფლება და რას პასუხობს ოპოზიცია

რადიკალურ ოპოზიციას სურს, ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და ეს მიზეზი გამოიყენოს არეულობისთვის. ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ სუს-ის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყნის მიზნებს ღალატობს და საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედებს.

„სახელმწიფო უასაფრთხოების სამსახური მაღალპროფესინალურ დონეზე ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობებს. დღევანდელი ბრიფინგიც და გაჟღერებული ინფორმაციაც ამის დასტურია. საზოგადოება ხედავს 2020 წლიდან რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები არიან საქართველოში, აქვთ ერთადერთი ზრახვა, როგორმე ხელისუფლება არაკანონიერი, არალეგიტიმური გზით დაიბრუნონ, რადგან ხედავენ, რომ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ.

„ის მცირე ჯგუფიც, რაც თუნდაც წინა არჩევნებზე მხარს უჭერდა მათ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და მხოლოდ ვიწროპარტიული მხარდაჭერა აქვთ რადიკალებს. შესაბამისად, მათი ხედვაა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და ეს მიზეზი გამოიყენონ არეულობისთვის.

„ამის შესახებ არაერთხელ გაგვიცხადებია და გვითქვამს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ევროპულ დედაქალაქებს და ცდილობენ დაარწმუნონ პარტნიორები, რომ ეს იქნება მათი მხრიდან არასწორი ნაბიჯი. თუ „ქართული ოცნების" პირობებში მიიღებს ქვეყანა სტატუსს, ისინი ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნების მოღალატეები და საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედი პირები არიან,"- განაცხადა მიქანაძემ.

ბრალდებას ოპოზიცია პასუხობს, „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სუს-მა ამ განცხადებით დაადასტურა, რომ არა მხოლოდ პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ფარცხალაძის მიერ კონტროლდება.ვაშაძის მტკიცებით, „სწორედ სუს-ში არის ძალიან მძიმედ ფილტრირებული რუსული ჯაშუშური ქსელი, რომელიც ფარცხალაძესთან არის კავშირში".

„საზოგადოება რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენას ელის. აშშ-ს მიერ სანქცირებულია ფარცხალაძე რუსული ჯაშუშური სქემის გატარებისთვის. სუს-ი ამ ფონზე ამ სისულელეს და აბსურდს ავრცელებს, რისი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ვისაუბროთ ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ საქართველოში რუსული ჯაშუშური ქსელი მოქმედებს. ეს ყველაფერი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სუს-ი სწორედ ფარცხალაძისა და რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

„ამ ადამიანებს უნდათ წარმოგვიდგინონ, რომ გია ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინელების მხარდამხარ, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ყოფილა საქართველოს მტერი და ფარცხალაძე ყოფილა საქართველოს მეგობარი. დღეს, როცა ყველა სამუშაო უნდა იყოს რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენაზე, ფარცხალაძესთან დაკავშირებული ყველა პირის თანამდებობიდან ჩამოშორებაზე, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, რომ საქართველო სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ამ დროის ისევ და ისევ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან.

„ქართველ ხალხს გვებრძვიან, აბსურდს იგონებენ, ზღაპრებს თხზავენ იმისთვის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე დაუქვემდებარონ რუსეთს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რას გულისხმობს სუს-ის განცხადება და რეალურად განხხორციელებადია თუ არა ის

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი აზრით, განცხადება პროპაგანდისტულია და თუ მართლაც სუს-ს რეალურად ეს ინფორმაცია ჰქონდა, ხალხში გავრცელების ნაცვლად, უნდა ემოქმედა. მისი თქმით, ეს ხალხის ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ თუ საპროტესტო აქციები დაიწყო, არ გავიდნენ ქუჩაში.

„აქ ალბათ დასავლეთი იგულისხმება. უკრაინაში მოღვაწე ქართველებია ნახსენები და რა თქმა უნდა, როცა უკრაინას ამბობენ, ავტომატურად იგულიუსხმება, რომ მათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უჭერენ მხარს. ყოველ შემთხვევაში, ქვეტექსტი ასეთია.

„ჩემი აზრით, ეს განცხადება გარდა იმისა, რომ პროპაგანდისტულად ანტიდასვალურია, ამასთანავე გულისხმობს იმას, რომ თუ სტატუსი არ მოგვცეს (მე ასეთი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ საზოგადოებაში გარკვეულწილად არსებობს) და საპროტესტო აქციები დაიწყო, წინასწარ საზოგადოების დამუშავება მიდის, რომ ამ აქციებში მონაწილეობა არ მიიღოთ, რადგან სახიფათოა, რომ იქ აფეთქებები მოხდება და ა.შ.

„ეს განცხადება პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურება, ამასთანავე არის გარკვეული შანსი იმისაც, რომ ფარცხალაძეზე და ღარიბაშვილზე წამოჭრილი თემები ახალმა ინფორმაციამ გადაფაროს, საზოგადოება სხვა რამეზე გადაერთოს და ეს დაივიწყოს, თუმცა მგონია, რომ ტყუილი წვალებაა, რადგან ეს ისეთი თემებია, რომელსაც საზოგადოება, ყოველთვის ყურადღებას მიაქცევს და დავიწყებას არ მიეცემა. ამასთანავე ისიც მინდა ვიუთხრა ხელისუფლებას, რომ ასეთი თემები ალბათ მომავალშიც არაერთი გამოჩნდება.

„კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ ხელისუფლებას საზოგადოების დაშინება არ აქვს მიზნად, სუსი ამ განცხადებით, რომ მეუბნება, რომ ეს მზადდებაო, საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს?! ესეიგი მეუბნება, რომ ამ პროტესტში მონაწილეობა არ მიიღოთო. თავად რას აკეთებენ? თუ ასეთი ინფორმაცია აქვთ, ისინი ვალდებულები არიან, რომ მათი ნეიტრალიზება მიახდინონ, მაგრამ არა საზოგადოების პროტესტის აკრძალვით.

„ეს ხალხი, იგივე მამულაშვილის „ლეგიონი" აქ როგორ უნდა შემოვიდეს? არარეალურია, ეს პროპაგანდა და საზოგადოების დამუშავება და დაშინებაა, რომ პროტესტში მონაწილეობა არ მიიღონ, მაგრამ ამ 30 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლება ამას აკეთებდა, მაგრამ ამას არასდროს არ უმუშავია. როცა საზოგადოებაში პროტესტის მუხტია, ის აუცილებლად ქუჩაში გადმოდის, ეს „ოცნების" სურვილებზე არაა დამოკიდებული და ვერც ვერაფერს ვერ იზამს.

„ჩემი აზრით ეს მოგონილია, მაგრამ თუ ეს ასე არაა და ინფორმაცია აქვთ, მაშინ სუს-მა იმოქმედოს, აბა რისთვისაა?!",-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

საპირისპიროს ფიქრობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მსგავსი გეგმა მართლაც მზადდებოდეს, თუმცა ამ მასშტაბის გეგმის განხორციელება მარტო ოპოზიციას არ შეუძლია და საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამაში შესაძლოა სხვა ქვეყნებში არსებული გარკვეული ჯგუფები იყვნენ ჩართულები, მაგრამ კონკრეტულად რომელი ძალები, ამის თქმა უჭირს.

„მსგავსი მასშტაბის განცხადება იშვიათია, ამდენად რაც იშვიათია ყველაფერი საყურადღებოა, მაგრამ, მაიდანის ხსენებაზე ერთი რამ ცხადი ხდება, რომ ესე იგი მხოლოდ შიდა ოპოზიციურ ძალებზე არაა საუბარი. მაიდანის მოდელი შიდა დაპირისპირებაში გარე ძალების ჩართვასაც გულისხმობს, მაშინ ეს ამერიკის მონაწილეობით იყო.

„ახლა თუკი ეს ბრალდება წამოყენებულია და სიტყვა მაიდანი ნახსენებია, მაშინ ეს თემა იმით უნდა გაგრძელდეს, რომ დასახელდეს ასეთ პროცესებს ხელს ვინ უწყობს. მხოლოდ ოპოზიციას მსგავსი მასშტაბის სცენარის განხორციელება არ შეუძლია, თუ გარე ძალები არ იქნა ჩართული.

„რადგან სუს-მა ქვეყნები არ დაასახელა, ქვეყნების დასახელება ბევრი მიზეზის გამო მეც მიჭირს. უპირველეს ყოვლისა ეს მიზეზი პოლიტიკურია, მერე, იმის გამო, რომ უდანაშაულობის პრეზუმცია არსებობს და ბრალდება უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე თავად ცოდვა. ალბათ სუს-ის განცხადებაშიც ამან ითამაშა გარკვეული როლი.

„და მესამე, ხელისუფლების შეცვლაში ბევრი მხარეა დაინტერესებული, მათ შორის რუსეთი, დასავლეთი, ოღონდ ეს კონკრეტულ ქვეყნებს კი არ გულისხმობს, არამედ რაღაც ჯგუფებს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×