„ამ აეროპორტის ამოქმედება საშიშია და საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოების გამოწვევაა“
თამთა ჩაჩანიძე
18.09.2023

ბაბუშერას აეროპორტს სავარაუდოდ რუსი ინვესტორები 2025 წელს ააშენებენ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამით „გეოგრაფიული არეალი გაფართოვდება და ტურიზმი განვითარდება". მანამდე კი, ე.წ. მთავრობამ აეროპორტის ოკუპანტებისთვის 49 წლით გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო და„პარლამენტმა" ერთხმად დაამტკიცა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო და უკანონო ქმედება უწოდა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს.

ამავე აზრის არიან ანალიტიკოსებიც, ისინი „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს ფაქტი დაუყოვნებლივ საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა ეცნობოს, მათ შორის „იკაო"-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია), რომ ეს დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება, მანამდე, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სოხუმის აეროპორტის გახსნის თარიღად 2024 წელი დაასახელა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თარიღის გადაწევა დიდი ალბათობით იმ ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება, რაც საერთაშორისო სანქციების შედეგად რუსეთშია.

რას ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო „ხელისუფლება"და საქართველოს პრეზიდენტი

2025 წელს იგეგმება აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა. დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის შესაძლებლობებს ჩვენი სტუმრებისთვის, გაფართოვდება გეოგრაფიული არეალი. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი დღეს დინამიურად ვითარდება", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ.

ხიშბას იმედი აქვს, რომ აფხაზეთი ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც „აფხაზეთის ღირებულებებს პატივს სცემს".

„ჩვენ ამჟამად საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბელარუსის რესპუბლიკასთან, გვაქვს უბაჟო ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით თანამშრომლობას ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან", - თეიმურაზ ხიშბამ.

მიმდინარე წლის ივლისში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 30 ხმით 2-ის წინააღმდეგმხარი დაუჭირა მოსკოვსა და სოხუმს შორის ივნისში გაფორმებული ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიკაციას, რამაც გზა გაუხსნა რუსულ კომპანიებს (იურიდიულ პირებს) აღადგინონ და შეღავათიანი პირობებით 49 წლის განმავლობაში მართონ სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი.

როგორც დე ფაქტო „პარლამენტარები" აცხადებენ, ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა - 6 - 10 მლრდ რუბლია (1 მლრდ რუბლი - 11,1 მლნ დოლარი), იჯარის ვადა - 49 წელი, გადასახადებისგან თავისუფალი (შეღავათიანი) პერიოდი კი 25 წელი. ამასთან, ინვესტორს გადაეცემა როგორც აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიები და მასზე განთავსებული შენობები.

აღნიშნულმა ქმედებამ აფხაზურ საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია და მონური ხელშეკრულებაც კი უწოდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილება დაგმო. ზურაბიშვილის განცხადებით, ეს რუსეთის უკანონო ქმედებაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს.

„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!," - წერდა სალომე ზურაბიშვილი.

„საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ"

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა ეცნობოს, რადგან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

„იკაო" (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) გაეროს სპეციალიზირებული ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით მოქმედებს და ამ აეროპორტის ისე ამოქმედება, როგორსაც აპირებენ, ამ ორგანიზაციის ნორმებს ეწინააღმდეგება და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

„ასევე, ამან შესაძლოა ძალიან ცუდი პრეცედენტი შექმნას, რადგან უკანონო ე.წ. ქვეყნიდან სეპარატისტულმა ფრენებმა შესაძლოა სხვა ფრენებს პრობლემები შეუქმნას. ასევე ამ ხაზიდან შესაძლოა შავი ტრანზიტი განხორციელდეს, მათ შორის მასობრივი განადგურების შეიარაღების კონტროლის კუთხით, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია. ამ აეროპორტის ამოქმედება საკმაოდ საშიშია და საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოების გამოწვევაა.

„საქართველოს მთავრობას მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონდეს, ეს ჩვენი ტერიტორიიის შებღალვაა, რაც კონკრეტული ღონისძიებების მიღებასაც მოითხოვს, რომ ჩვენ არ დავუშვათ აღნიშნული ქმედება. როგორ და რა მოხდება, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არა მხოლოდ არღვევს საერთაშორისო ნორმებს და პრინციპებს, არამედამით ტრანსნაციონალური საფრთხეების შექმნის რისკი ჩნდება.

„თარიღის გადაწევა ალბათ უფრო რუსეთში არსებული ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისთანაა დაკავშირებული. როგორც ვიცი 5 მილიარდ რუბლზეა საუბარი, თუ მეტი არა, ამას ერთ-ერთი კერძო კომპანია გააკეთებს და ალბათ სახელმწიფო სტრუტურებიც ჩაერთვებიან. ეს რამდენიმეწლიანი პროექტია.

„ფრენები ალბათ იმ სახელწმიფოებთან იქნება, ვინც დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტი აღიარა. ბელარუსს არ უღიარებია, უბრალოდ ლუკაშენკო სოხუმში ჩავიდა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ საბოლოო ჯამში აღიაროს. რუსეთის გარდა ფრენები შესაძლოა ნიკარაგუაში და ვენესუალეში განხორციელდეს.

„არ ვიცი ამას ადგილობრივი მოსახლეობა რამდენად შეეგუება, რადგან ეს არანაკლები საფრთხეა, ვიდრე კანონპროექტი აპარტამენტების შესახებ, აქ მიწის პრობლემაცაა - ბაბუშერას ამ ტერიტორიას დაიკავებენ და აეროპორტის მართვის სტრუქტურა რუსების კომპანიების ხელში იქნება, რაც გეოეკონომიკური ექსპანსიონიზმის გამოვლინებაა და ჩემი პირადი აზრია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შესაბამისი პროტესტი უნდა ჰქონდეს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ აეროპორტი რუსების გეგმით ამოქმედდა, ეს საერთაშორისო ნორმებს დაარღვევს და ამასთანავე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორისო მიმოსვლა უფრო ინტენსიური გახდება და მოსკოვზე უფრო მეტად იქნება დამოკიდებული.

„ჩემი პოზიცია ასეთია, რომ საქართველომ სამოქალაქო ავიაციამ საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა მიმართოს, რადგან საჰაერო ფრენების საკითხს ის არეგულირებს. ამასთან, საქმის კურსში უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცე ირღვევა.

„საქართველომ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ სანქციები, რომელიც რუსეთს უკრაინასთან ომის გამო აქვს დაწესებული, არ უნდა მოეხსნას ომის დასრულების შემდეგაც, სანამ მოსკოვი საქართველოსა და მოლდოვას წინაშე საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს არ შეასრულებს. მათ შორის სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით.

„როცა აეროპორტი ამოქმედდება, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მგზავრთნაკადი და ტვირთნაკადი გაიზრდება და აფხაზეთი რუსეთზე უფრო მეტად იქნება დამოკიდებული.

„ფრენები პირველ რიგში იმ ქვეყნებთან იქნება, რომლებმაც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა „აღიარეს". მაგალითად სირია, მაგრამ აქ ფრენები სტამბულის გავლით უწევთ და თურქეთი ამას არ დაუშვებს. ასევე, თეორიულად შესაძლოა ნაურუ და ნიკარაგუაც იყოს, მაგრამ ისინიც შორს არიან და ვერანაირი ფრენები ვერ შედგება. ერთადერთი დაშვების დონეზე შეიძლება ბელარუსი იყოს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×