რუსეთში გაცხოველდა საუბრები როკის გვირაბისა და ცხინვალის გავლით რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის გახსნაზე, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ჩაიკეტა. ეს შესაძლებლობა რამდენიმე დღის წინ ვლადიკავკაზში განიხილეს, სადაც ქართული მხარე არ იყო წარმოდგენილი, თუმცა იყო პრო-კრემლისტურად განწყობილი ქართული დიასპორული ორგანიზაცია. როგორც ჩანს, ცხინვალის რეჟიმიც ყაბულსაა. თბილისში კი ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
როგორც ამ გზის გახნაზე „რეზონანსთან" კავკასიის რეგიონის ექსპერტები ამბობენ, ეს პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი შეიძლება იყოს, თუმცა პოლიტიკურად აშკარად წამგებიანია, რადგან ერთი მხრივ, რუსეთს გვაახლოვებს, მეორე მხრივ შეიძლება გამოყენებული იყოს სანქცირებული ტვირთის ტრანზიტისთვის, მესამე მხრივ კი ფაქტობრივად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გარკვეულ ლეგიტიმაციას იწვევს. ამასთან, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, „ეკონომიკური ზრდა უკრაინელების სისხლის ფასად, მორალურად არ იქნება გამართლებული" - ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, „ჩვენ თანახმა ვართ თუ არა, ჯერ არავის უკითხავს"-ო და იხსენებს სააკაშვილის დროს ამ საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებს.
„მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას მივიღეთ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიყავით თანახმა ამ გზის ამუშავებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზღვარზე დადგებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იგულისხმებიან შვეიცარიელები, და მაშინ მოლაპარაკება შედგა ამაზე, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო. თუმცა რუსებმა აჯანჯლეს და საბოლოოდ არ გააკეთეს. ჩვენ საერთაშორისო ხელშეკრულების თვალსაზრისით, აი, ამაზე გვაქვს ხელი მოწერილი.
„უკვე შეიცვალა დრო რასაკვირველია, ახლა სხვა დროა, სხვა პრინციპებია, აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი რამდენად შესაძლებელია იგივეს გაკეთება. მაგრამ გვჭირდება თუ არა, ამას სერიოზული მსჯელობა უნდა.
„თუკი გზა ამოქმედდება, უარყოფითი არის ის, რომ პრაქტიკულად ვაფიქსირებთ დე ფაქტო საზღვარს - უბრალოდ იძულებულები ვიქნებით. დადებითია ეკონომიკური მდგენელი. დამატებით სიმძლავრე ყოველთვის კარგია, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის აბსოლუტურად წამგებიანია ამ გზის ამუშავება ჩვენი ინტერესების გათვალისწინების გარეშე," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" გზის ამოქმედებას არ გამორიცხავს, რაც არ იქნება ცუდი საქართველოსთვის.
„შანსები, რომ ამუშავდეს, მაღალია, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ამ ტიპის საეჭვო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე რუსეთ-საქართველოსთან და უცებ აღდგა რუსეთთან ფრენები. განსხვავებით რკინიგზისაგან, რომელიც არ არსებობს აფხაზეთში - ბევრი ლაპარაკია, მაგრამ შეუძლებელია რკინიგზა მალე აღდგეს - ხსენებული გზა საავტომობილო გზა, ცხინვალსა და გორს შორის არსებობს არსებობს, საჭიროა უბრალოდ პოლიტიკური ნება, და ეს შესაძლებელია.
„თანაც ამას აძლიერებს ის, რომ ქართული მხარე უცნაურად დუმს. არ უარყოფს ამას. შესაბამისად, გამორიცხული არაა რომ გზა აღდგეს, მაგრამ რამდენად იქნება მისაღები ქართული საზოგადოებისთვის, პროტესტს გამოთქვამენ თუ არა ქართველი ადამიანები, სხვა საკითხია. თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ ფრენებზე არ ყოფილა მკვეთრი უარყოფითი რეაქცია, შესაბამისად აქაც შეიძლება პროტესტი არ გამოიწვიოს.
„აშკარად ჩანს, რომ ეს არის რუსეთისგან ჩამოწოდებული იდეა, რათა გაიზარდოს ტვირთბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის. ბუნებრივია, სანქცირებული ტვირთების გატანასთან დაკავშირებითაც. აშკარაა, რომ საქართველო ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით მოახერხოს სანქციების გვერდის ავლა, რაც გამოსდის და შესაბამისად, ეს გზა იქნება დამატებითი რესურსი სანქციების გვერდის ავლისა. დადებითი ის არის, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ეკონომიკური ზრდა არის უკრაინელების სისხლის ფასად, მორალურად არ იქნება გამართლებული.
„პოლიტიკურად? პოლიტიკურად ისედაც მიბმული ვართ რუსეთზე, ფრენები აღდგა, გზა თავისთავად არსებობს ლარსზე, ანუ უგზოობა არა გვაქვს, ამიტომ თუ არსებობს ერთი გზა, თავისთავად, მეორე გზაც იქნება. ანუ რაოდენობრივი არ იქნება არსებითი. გზა რომ არ იყოს რუსეთთან და კონტაქტები რომ არ გვქონდეს, სიახლე იქნებოდა. მაგრამ, სიახლე ამ შემთხვევაში მინიმალური შეიძლება ის იყოს ის, რომ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა პოლიტიკურ ჭრილში მოებას საქართველოს, რაც თავისთავად ცუდი არაა, მათი დამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკაზე, შეიძლება მომავალში გამოყენებულ იქნას." -განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.