ნაზი ბერიძე
23.09.2023

საქართველოს პრეზიდენტს ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. სალომე ზურაბიშვილის მიერ პოზიციის ასეთი ცვლილება მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისათვის. ამასთან, იურისტთა შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება.

ანალიტიკოსები თანმხდებიან, რომ ეს პირველ რიგში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა, პოლიტიკურად რამდენად გამართლებულია ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება, ამასთან დაკავშირებით მათი პოზიცია განსხვავებულია.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე") მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო.

19 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს.

20 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტთან გადააგზავნა.

22 სექტემბერს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ახალი აგნცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რადგან ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება, შესაბამისად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს როგორც საქართველოს მოქალაქე.

„ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?

ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე", - ნათქვამია განცხადებაში.

„ოცნებაც" უკმაყოფილოა და ოპოზიციაც

პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ეს შეაფასა, როგორც მორიგი მავნებლობა სალომე ზურაბიშვილისგან".

„სრული აბსურდი და სიცრუეა, თითქოს, მოქალაქეობის ჩამორთმევით, საქართველოს რაიმე სახით ეზღუდება ოთარ ფარცხალაძის დევნა ან ნებისმიერი სხვა ადამიანის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობდა ან მძიმე დანაშაულს სჩადიოდა.

„საიდან მოიტანეს ეს აბსურდი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს არის სისულელე უბრალოდ. თუ რამე ინტრიგის გეგმა არსებობს, რაც მე არ მესმის, ზოგადად აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავნებლობა სალომე ზურაბიშვილისგან", - აცხადებს გიგა ბოკერია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ოპოზიციასთან კოორდინირებულად მოქმედებს.

„უცნაური გადაწყვეტილებაა. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, წარედგინა მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა და ის დაუყოვნებლივ შეწყვეტდა მოქალაქეობას. მოგვიანებით, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ ეს გააკეთა, პრეზიდენტმა აუხსნელი გადაწყვეტილება მიიღო და თავისი პოზიცია შეცვალა. ეს უცნაურად გამოიყურება და საზოგადოებას ამაზე კითხვის ნიშნები უჩნდება. ეს არის განსამარტი იმის მიღმა, რომ ასეთი ტიპის მოთხოვნები კანონმდებლობასთან თავსებადი არაა.

„უფრო მეტად საინტერესოა პოზიციის ცვლილების მიზეზი. მგონია, რომ თავდაპირველად ოპოზიციამ ტაქტიკა აირჩია, რომ ხელისუფლებისთვის ბრალდება წაეყენებინა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვინმე განსხვავებულად მოქცევას აპირებდა. გათვლა ჰქონდათ, რომ ხელისუფლება არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მიიღო. შემდეგ, როდესაც საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც პრეზიდენტი, ისე ოპოზიცია და პოზიციის ცვლილება მოუწიათ. ეს პოზიციის ცვლილება, ალბათ, იმით უნდა იყოს ახსნილი, რომ კიდევ ცდილობენ მორიგი ბრალდებისთვის ახალი, შეთითხნილი მიზეზები მოამზადონ. სხვა ახსნას, მიზეზს და დასაბუთებას ვერავინ მოუძებნის", - განაცხადა სარჯველაძემ.

„საკანონმდებლო ომი"

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის „საკანონმდებლო ომი" დაიწყო. ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქედ დატოვების შედეგად კი ხელისუფლება იძულებული იქნება მის წინააღმდეგ გარკვეული სამართლებრივი მოქმედებები განახორციელოს.

„თავის დროზე, როცა გაკეთდა განცხადებები და გაყინეს ფარცხალაძის აქტივები, ამას მოჰყვა „ქართული ოცნების" მხრიდან უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად ფარცხალაძემ მთელი თავისი აქტივები გადაუფორმა თავის შვილს. ანუ ფარცხალაძის საქმეში პოლიტიკური მოტივი შემოიტანა „ქართულმა ოცნებამ".

„ფაქტობრივად, დაიწყო საკანონმდებლო ბრძოლა ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის. ეს გადაწყვეტილებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და რადგან პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძე არის დამნაშავე, ყოველ შემთხვევაში იზიარებს იმ პოზიციას, რა პოზიციაზეც დგას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ამიტომ მან გააკეთა ეს განცხადება, გადადგა ასევე პოლიტიკური ნაბიჯი.

„ამასთან, მას არ აქვს განსაზღვრული რამდენ ხანში უნდა შეუწყვიტოს მოქალაქეობა ფარცხალაძეს. ის აუცილებლად შეუწყვეტს მოქალაქეობას ფარცხალაძეს, მაგრამ რადგან საქართველოს კანონმდებლობაზეა ლაპარაკი და მის აღსრულებაზე, პრეზიდენტმა გადაწყვიტა რომ ჯერჯერობით ეს დატოვოს ღიად. მან მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი. ამით ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მისცა საშუალება ფარცხალაძის მიმართ განახორციელოს ის ზომები, რასაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს, თან ფარცხალაძე ჯაშუშობაშია მხილებული.

„ასე რომ, პრეზიდენტმა ისევე გამოიყენა კონსტიტუცია, როგორც „ქართულმა ოცნებამ". სამწუხაროდ, ამას ჰქვია საკანონმდებლო ომი, კანონთა ომი, იმიტომ, რომ ორივე თემაზე თუ კონსტიტუცია დაარღვია პრეზიდენტმა, ეს უნდა წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

„პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა „ქართული ოცნება", რომელმაც რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დარწმუნებული ვარ, ფარცხალაძე ამ ომში მონაწილეობას არ მიიღებს. თუ ჯერ კიდევ საქართველოშია, ალბათ ისევ გაძვრება რუსეთში და ამით დასრულდება ეს ომი.

„ამასთან, სანამ პრეზიდენტს არ მიუღია გადაწყვეტილება და არ მოუწერია ხელი ამ განკარგულებაზე, მანამ ფარცხალაძე ითვლება საქართველოს მოქალაქედ და რადგან იგი საქართველოს მოქალაქედ ითვლება, ხელისუფლება იძულებული იქნება რაღაც სამართლებრივი ზომები მიიღოს მის წინააღმდეგ. მაგრამ ამას ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ გააკეთებს. გააკეთებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფარცხალაძე დატოვებს საქართველოს, ყველაფერი ასე დასრულდება.

„ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებამ მოკვლევა უნდა დაიწყოს. ხელისუფლებამ მინიმუმ ფარცხალაძე უნდა დაიბაროს დაკითხვაზე, რადგან ნათქვამია, რომ ის ქვეყნის საწინააღმდეგოდ ჯაშუშურ ქმედებებს ახორციელებდა. ან გაავრცელოს განცხადება, რომ რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგვაწოდეს, არის ტყუილი", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

„პრეზიდენტმა კანონი დაარღვია"

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის დარღვევად მიიჩნევს და ასევე ფიქრობს, რომ ეს პოლიტიკურადაც გაუმართლებელია.

„სამართლებრივად პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის მოქალაქეობის შესახებ კანონის პირდაპირი დარღვევა, რადგან ეს კანონი ცალსახად ამბობს, რომ თუ საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაზე თანხმობის თხოვნით არ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, ან მიმართა და უარი მიიღო, მაგრამ მაინც მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ამ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეს უნდა შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა. ამას ამბობს კანონი და არანაირი გამონაკლისს კანონი არ ითვალისწინებს. აი, ამიტომ არის სამართლებრივად პრეზიდენტის გადაწყვეტილება კანონის პირდაპირი დარღვევა.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, მე მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის არასწორი თუნდაც ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, არ შეუწყვიტოს მოქალაქეობა (თუმცა, ამის უფლება მას არ აქვს). ასეც რომ იყოს, ამ შემთხვევაშიც ეს არის არასწორი, რადგან პირი, რომელიც ასე ექცევა იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის, როგორც ბატონი ფარცხალაძე მოიქცა, ეს პირი ნამდვილად არ იმსახურებს საქართველოს მოქალაქეობას.

„ის არგუმენტი, რომელსაც ზოგიერთი ამბობს - რომ მოქალაქეობას თუ შეუწყვეტენ ფარცხალაძეს, მაშინ მას ვეღარ გაასამართლებენ საქართველოში, რადგან რუსეთი არ გადმოსცემს - არც ეს არის სწორი, ჩემი აზრით, რადგან კანონის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ ეს დანაშაული მოხდა აქ, საქართველოში, ნებისმიერი პირი, იქნება ის საქართველოს მოქალაქე, სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ მოქალაქეობის არ მქონე პირი, ერთნაირად აგებს პასუხს. ამის დასტურად უბრალოდ ყველას იმას შევახსენებ, რომ საქართველოს ციხეში არაერთი სხვა ქვეყნის მოქალაქე ზის, რომელიც არის გასამართლებული ჩვენი სასამართლოს მიერ.

„აქედან გამომდინარე, საქართველოს სრული უფლება აქვს ბრალი წაუყენოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, გაასამართლოს და ჩასვას ციხეში. რასაკვირველია, თუ ფარცხალაძე წავიდა რუსეთში, რუსეთი ფარცხალაძეს საქართველოს არ გადმოსცემს. მე მგონი თითქმის ასპროცენტიანად გარანტირებულია, რომ ასეც იქნება. ასე რომ, საქართველოს შეუძლია ფარცხალაძე არ გაუშვას რუსეთში. ანუ აღმკვეთი ღონისძიების სახით აუკრძალოს მას საქართველოს დატოვება. შეუძლია წინასწარ პატმრობაში აიყვანოს, მაგრამ პატიმრობაში რომც არ აიყვანოს, ქვეყნის დატოვების აკრძალვა ნამდვილად შეუძლია. ასეთ შემთხვევაში რუსეთის მიერ ფარცხალაძის საქართველოსთვის გადმოცემაზე ლაპარაკი აღარ იქნება", -განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×