ელზა პაპოშვილი
03.11.2023

5 დღე ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე - საკითხი კვლავ პოლიტიკური ბრალდებების თემაა. უმრავლესობა აცხადებს, რომ მაშინ, როცა ყველას პოზიტიური მოლოდინი აქვს, პარტია „ლელო“ სტატუსის საბოტაჟირებას განაგრძობს, ამის არგუმენტად „ქართულ ოცნებას“ მოჰყავს დავით უსუფაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ევროკავშირში ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. 

პარლამენტის წევრი, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯო და კანდიდატის  სტატუსზე მიღებული უნდა იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება.   

„რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მიუხედავად  მძიმე ანტიდასავლური კამპანიისა, ევროპული პარტნიორები დაინახავენ საქართველოს მოქალაქეების ნება და სწრაფვას.

„დღეს ჩვენ ვაგზავნით ერთობლივ წერილს, რომელსაც ხელს აწერენ ყველანი, მათ შორის „ლელო“. ყველას გვაქვს კონტაქტები, ყველას გვაქვს კომუნიკაცია, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია. დიახ, ჯერ გადაწვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რა ვითარებაშია ქვეყანა.  ვიცით და ყველა ვხედავთ, რა ვითარებაა გეოპოლიტიკურად, ამიტომ მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე ძალიან მძიმე ანტიდასავლური კამპანიისა, ჩვენი ევროპული პარტნიორები დაინახავენ საქართველოს მოქალაქეების ნება და სწრაფვას, ბრძოლას და მივიღებთ ევროპულ სტატუსს," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართეს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართეთ ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალმა დეპუტატებმა ქალ პრეზიდენტს, იმისთვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა არ დაკარგოს, იმისთვის რომ ქართველი ხალხის ხმა, ქართველი ხალხი, რომელიც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, იყოს უფრო ძლიერი,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.  

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს, ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანაში ნიჰილიზმი დანერგონ და ევროინტეგრაციის პროცესს ხელი მაქსიმალურად შეუშალონ.

„ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები, ვიცით ეს და ამაზე ბევრი დრო არ უნდა დავკარგოთ. ეს ადამიანები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას. გიჟდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, ხდება ეკონომიკური განვითარება. ყველაფერს აკეთებენ, რომ ნიჰილიზმი გააჩინონ, როგორმე არეულობა, დაძაბულობა იყოს ქვეყანაში. არა მხოლოდ თავიანთი განცხადებებით, არამედ ქმედებებით, პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს.

შეიძლება არ მოგწონდეს შენი ხელისუფლება და იყო მასთან ოპოზიციაში, გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ დროს კი ამ ყველაფრისთვის ხელის შეშლა ხდება, ჩვეულებრივი მავნებლები არიან. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს, ქვეყნის წინააღმდეგ დგამენ ასეთ მოღალატეობრივ ნაბიჯებს,“ – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  

დიპლომატი გიგი გიგიაძე  კი აბობს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ისტორიული შანსია და მისი  დაკარგვა ქვეყანას ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დააყენებს. ის ამიტომ გიგიაძე “რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოდან ერთსულოვანი დამოკიდებულება უნდა მიდიოდეს. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჩვენი მოსახლეობის 90%-მდე  ევროინტეგრაციის მომხრეა. 

„ეს არის ქართველი  ხალხის დაკვეთა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ორგანიზაციისთვის და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის. ასეთი მაღალი მაჩვენებელი სტატუსის მსურველთა რიცხვი თავად ევროკავშირის ქვეყნებშიც არ იქნება. საქართველოს ამ მხრივ ყოველთვის უნიკალური იყო და ჩვენი მოსახლეობა შეთანხმებულია იმაზე, რომ ქვეყნის და მათი მომავალი ევროპაა. ბოლო 21 თვის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი და მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. რეალურად ანტიდასავლური პროპაგანდის მიუხედავად, დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

„რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ჯერეჯრობით არავინ იცის, რას გვეტყვიან. არ ვიცით, რა დაიდება 8 ნოემბერს. გამორიცხულია, რომ ამ ეტაპზე ამაზე ვინმემ რამე იცოდეს. ჯერ თავად ევროკომისიაში ანგარიში და გადაწყვეტილება არ არის მომზადებული.  ევროკავშირში არ არის ჯერ აზრი მომწიფებული, თუ ეს დასკვნა რა სახით იქნება ჩამოყალიბებული. მე არ მესმის საიდან აქვს ხელისუფლებას ინფორმცია, რომ აუცილებლად დადებითი პასუხი იქნება. ეს იქნება ან დადებითი პასუხი, ან კიდევ  გადავადდება და იტყვიან, რომ საქართველოს შეფასება შემდეგ მოხდება. შესაძლოა კომისიამ ბურთი ევროპული საბჭოსკენ გადააგდოს და მათ მიიღონ მერე უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა ძალაინ კარგი იქნება, თუკი ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გაგვიწევს“, - ამბობს გიგიაძე.   

მისივე თქმით, ეს არის რთული პროცესი და აქ მხოლოდ საქართველოს განხილვა არ მოხდება. გიგიაძე ამბობს, რომ აქ იქნება ათი ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ამიტომ საბოლოო პასუხს 14-15 დეკემბერს უნდა ველოდოთ. 

„საბჭო ცდილობს-ხოლმე, რომ მაქსიმალურად გაიზიაროს ის რეკომენდაცია, რომელსაც მას ევროკომისია აძლევს. ამიტომ თუკი ევროკომისია დადებით პასუხს დაგვიწერს, ევროპულსაბჭოს პასუხი გაუადვილდება. ხოლო თუ ეს იქნება რაღაცა სხვა რეკომენდაცია ან დათქმები, მაშინ ევროსაბჭოს შეუძლია  პოლიტიკური გადაწყვეტილება ყველაფრის მიუხედავად მიიღოს“, - ამბობს გიგიაძე.        

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×