ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებისადმი მიმართვაში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია ახალი სახეებისგან უნდა შედგებოდეს - ისეთი ადამიანებისაგან, ვინც პარლამენტის წევრი არასოდეს ყოფილა. ამ განცხადებამ უკვე გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა და უკმაყოფილება ოპოზიციაში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომა ენმ-ში ისედაც არსებული კონფრონტაციის პირობებში, კიდევ უფრო ძლიერ შიდაპარტიულ რყევებს გამოიწვევს.
„მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები. ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით", - წერს სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე.
ამ მოსაზრებას ოპოზიციაში უკვე მოჰყვა გარკვეული უკმაყოფილება და ნეგატიური პროგნოზები. მაგალითად, ენმ-ის ყოფილი წევრი დაპარლამენტარი რომან გოცირიძე მიიჩნევს, ენმ-ის საარჩევნო სიის მხოლოდ ახალი სახეებით დაკომპლექტება არასოდეს მოხება და თუ მაინც მოხდა, ამის შედეგად ენმ დაიშლება.
მისივე თქმით, თავის დროზე, ენმ-ის საარჩევნო სიის შედგენისას ზოგმა სიაში ადგილები იყიდა, ნაწილი კი სხვადასხვა გავლენებით ჩაეწერა.
„ზოგი პარლამენტში იმიტომ არ დადის, რომ სამუშაოდ არ მოსულან. ზოგმა სიაში ადგილები იყიდა, ზოგი სხვადასხვა გავლენებით ჩაეწერა სიაში, პოლიტიკური პროცესი იმდენად რთულია. სწორედ იმიტომ არ ვარ იმ ფრაქციაში, სადაც 36 კაცი შემოვიდა და 20 უკვე არ არის. ეს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" არ ეხება", - აღნიშნა გოცირიძემ.
კითხვაზე, თუ ვინ გაყიდა ადგილები „ნაციონალური მოძრაობის" სიაში, გოცირიძემ განაცხადა:
„ყველაზე დელიკატურად გაგცემთ პასუხს - პარტიას საარჩევნო ფული ხომ სჭირდება? თუმცა, ასე ლამაზადაც არ იყო საქმე... ნიკა მელია არ იყო პარტიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე იყო და გრიგოლ ვაშაძეს არავინ ეკითხებოდა სიის შედგენას. ეს ისტორია გადავშალოთ".
„ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელი მურმან დუმბაძე კი ექსპრეზიდენტის იდეას ნეგატიურად აფასებს და მას დისკრიმინაციულად მიიჩნევს.
„მაჟორიტარული არჩევნები აღარ გვაქვს. თუ ჩატარდა 2024 წლის არჩევნები და პარტიული სიები დაიწერება, ეს სიები იქნება დედაქალაქის სიები - კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი, დედაქალაქში ვინც ცხოვრობს, რუსთაველის ქუჩაზე, ის ხალხი ჩაეწერება პარტიულ სიებში. ვინ ჩაწერს ზესტაფონიდან, სამეგრელოდან და დედოფლისწყაროდან ხალხს ამ სიებში? არავინ", - განაცხადა დუმბაძემ.
უფრო მეტი დაძაბულობა კონსოლიდაციის ნაცვლად
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, ამბობს რომ მთავარია საარჩევნო სიაში იყვნენ კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოლებენ.
„ჩემი აზრით, მთავარი ის არ არის, ადამიანი იყო თუ არა პარლამენტში. მნიშვნელოვანია რამდენად გააჩნია პასუხიმგებლობის გრძნობა, რომ მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვის პროცესში და იყოს ხელისუფლებაში იმისთვის, რომ პარლამენტში ეწეოდეს საკანონმდებლო საქმიანობას და არა იმიტომ, რომ ერქვას პარლამენტის წევრი და ჰქონდეს სტატუსი.
„ამიტომ მე ასე მგონია, რომ წინაპირობა უნდა იყოს ის, გამოცდილება აქვს თუ არა, ან, თუ პარლამენტის წევრი არ ყოფილა, აქვს თუ არა შესაბამისი ინტელექტი და ცოდნა, რომ იყოს ხელისუფლებაში საქართველოს საკეთილდღეოდ და არა პირადი კეთილდღეობის მიზნით. ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, ადამიანს უნდა გააჩნდეს კომპეტენცია.
„ჯერჯერობით საარჩევნო სიაში ადგილების ყიდვაზე ლაპარაკი ზედმეტია. რაღაც ინფორმაცია უნდა არსებობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ასე ვიცი, რომ მსგავს პრეცენდენტს ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში" ადგილი არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობა გადაწყვეტს ვინ შეიძლება ჩაჯდეს სიაში და ვინ - არა.
„საბედნიეროდ, ყველა რეგიონში არის ბევრი ნიჭიერი ადამიანი, სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი. ასე რომ, 2024 წელს რადგან პროპორციული არჩევნები ტარდება, ამ შემთხვევაში უნდა იყოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმომაგენლები საარჩევნო სიაში. მთავარია კომპეტენცია და არა რომელი რეგიონის წარმომადგენელია ვინმე. თუმცა, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის 30% თბილისში ცხოვრობს, შეიძლება უფრო მეტი თბილისელი იყოს საარჩევნო სიაში", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ თანაპარტიელების მიმართ სააკაშვილის მორიგ გზავნილს ენმ-ში რყევები მოჰყვება.
„ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ეს განცხადება. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ენმ-ში ყველა უნდა შეიცვალოს. თვითონ უნდა დარჩეს პარტიის ლიდერად და პირველ პირად და დანარჩენი, მეორე ეშელონი, უნდა შეცვალოს სრულიად.
„ენმ"-ში ბრძოლა იწყება მანდატებისთვის პარტიის შიგნით. გოცირიძისა და დუმბაძის განცხადებები სწორედ ამას უკავშირდება. მათ, რადგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლები არიან, ღიად თქვეს ეს, ოღონდ პარტიის შიგნით ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი არ იქნება.
„სააკაშვილის განცხადება პარტიაში კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას გამოიწვევს. თუ ენმ-ის დღევანდელი საპარლამენტო ჯგუფი საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება, სააკაშვილი რომ იქნება ლიდერი, ეს რას შეცვლის მათთვის? აბსოლუტურად არაფერს.
„ერთი შეხედვით თითქოს სააკაშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ენმ ახლა სხვა არის, სხვაგვარად ვფიქრობთ, შეცდომები გავითვალისწინეთ - ეს ქვეტექსტი დევს, მაგრამ თუ თვითონ რჩება „ენმ"-ს ლიდერად, თუ კეზერაშვილი და მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდებიან, მაშინ როგორ შეიცვალა ვითარება? ამიტომ ეს განცხადება პარტიის შიგნით უფრო მეტ დაძაბულობასა და გარკვეულ რყევებს გამოიწვევს, ვიდრე კონსოლიდაციას.
„გოცირიძე, რა თქმა უნდა, ადრე წავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან", მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილი აირჩიეს და მისთვის დღეს რა ხდება ენმ-ში, დიდად პრობლემური არ არის. რაც შეეხება დუმბაძეს და მის რეგიონალიზმს, ალბათ ის ფიქრობდა, რომ ენმ-ის სიით შეეძლო მოხვედრილიყო ახალ პარლამენტში, ამის იმედი ჰქონდა და თუ ახლა იქ ახალი სახეები უნდა იყვნენ, მაშინ დუმბაძე ახალი სახე ნამდვილად არაა", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.