თამთა ჩაჩანიძე
06.11.2023

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშამდე 2 დღით ადრე, საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩები სტუმრობენ. 6-8 ნოემბერს ვიზიტის ფარგლებში, ელჩებთან რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დიდი ალბათობით სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო დეტალებს შეათანხმებენ საქართველოს მთავრობასთან. ამასთან, არ გამორიცხავენ იმასაც, რომ საუბრები დახურულ კარს მიღმაც გაიმართოს.

ანალიტიკოსები არ ასევე გამორიცხავენ, რომ ევროკავშირის ელჩებმა საქართველოს ხელისუფლებას იმ შესაძლო დათქმების თაობაზე აცნობონ, რაც შეიძლება ევროკომისიის რეკომენდაციების ტექსტში იქნას ჩაწერილი.

ვის შეხვდებიან ევროკავშირის ელჩები საქართველოში

„6-8 ნოემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება",- ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დელეგაციას საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში შეხვდება.

„ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

„აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ხორციელდება, რამდენადაც წინ უსწრებს ევროკომისიის მიერ ე.წ. „გაფართოების პაკეტის" გამოქვეყნებას.

„ამ ფონზე, ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩებს ვიზიტის ფარგლებში საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებსა და ამ მხრივ უკვე არსებულ მნიშვნელოვან შედეგებს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ნიშანდობლივია, სტატუსის მონიჭებამდე ორი დღით ადრე რომ ჩამოდიან"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ვიზიტი არა მხოლოდ სტატუსის მონიჭება-არმონიჭებას უკავშირდება, არამედ იმ თანამშრომლობასაც, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბევრი წელია გრძელდება.

„საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით გრძელდება და გაგრძელდება. ეს მხოლოდ სტატუსის მონიჭება-არმონიჭებას არ უკავშირდება, რადგან საქართელოს ევროსტრუქტურებთან მრავალწლიანი სიღრმისეული კოოპერირება აქვს. რასაკვირველია, საუბარი იქნება სტატუსზე.

„ჩემი ვარაუდით, საბოლოო დეტალებს შეათანხმებენ, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი ანგარიშების დაწერა, რასაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ჰქვია, ბოლო ორ დღეში არ ხდება, მაგრამ ამ ვიზიტს ანგარიშისთვის საბოლოო ელფერის მიცემისთვის უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს.

„ჩვენ ასევე ვნახეთ ბრიუსელში საკმაოდ გათვითცნიბიერებული ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის ინტერვიუ, რომელმაც თქვა, რომ დათქმებზე იქნება საუბარი, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჩახედულთათვის ნამდვილად ახალი არაა, რადგან ამას არაერთხელ ამბობდნენ, როგორც ქართველი პოლიტიკოსები, ასევე მიმომხილველები.

„საბოლოო ანგარიშისთვის საბოლოო დეტალებია „მისაბმელი", ამას უკავშირდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთა ვიზიტიც და რამდენიმე დღის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ბერლინში უმნიშვნელოვანეს კონფერენციაზე ჩასვლაც, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდა.

„ეს ყველაფერი ერთად კი, ჩვენ საკმაოდ პოზიტიურ მოლოდინს გვიქმნის, რომ 8 ნოემბერს გაცხადდება ის, რასაც საქართველოს სახელმწიფო სამართლიანად მოელის.გასაგებია, რომ აქ იდეალური დემოკრატია არაა და რეფორმები ბოლომდე არ შესრულებულა, ისევე როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში.

„რეფორმირება და შემდგომი წინსვლა დემოკრატიაში, ესაა პროცესი და არა ერთ წერტილზე დგომა. ეს ჩვეული სამუშაო პროცესია და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენთვის სასიხარულო გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ, იმ შემთხვევაშიც თუ არ იქნება, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფართო თანამშრომლობაში არაფერი იცვლება, რომელიც სიღრმისეულად და სხვადასხვა მიმართლებით დიდი ხანია მიმდინარეობს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდწილად საუბარი სტატუსზე იქნება, რომ საბოლოოდ სიცხადე შევიდეს, ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის ელჩებმა საქართველოს ხელისუფლებას იმ შესაძლო დათქმების შესახებ აცნობონ, რაზეც დიდი ხანია საუბარი მიდის.

„ვფიქრობ, რომ დიდწილად სწორედ სტატუსის მინიჭების საკითხთან იქნება დაკავშირებული, რომ სბაოლოოდ ის საკითხები გაიარონ, რაც სტატუსის მინიჭებას უკავშირება. შეიძლება ჩვენ ბევრი რამ ვერ გავიგოთ, რადგან ბევრი რამ დახურულს კარს მიღმა იქნება, მაგრამ თვითონ ვიზიტის დროში დამთხვევა ძალიან ნიშანდობლივია. სტატუსის მონიჭებამდე ორი დღით ადრე რომ ჩამოდიან, ეტყობა რაღაც საკითხები დარჩა გასავლელი და ეს ევროკავშირმა აუცილებლად ჩათვალა.

„ცხადია, რომ ამ სტატუსთან დაკავშირებით ბევრი ჭორ-მართალი დაგროვდა. ვფიქრობ, მათ უნდათ, რომ საბოლოოდ ეს სიცხადე შეიტანონ. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მათ ხელისუფლებას იმ დათქმების თაობაზე აცნობონ, რაც შეიძლება ამ ევროკომისიის რეკომენდაციის ტექსტში იქნას ჩაწერილი. სხვა საკითხებზე ალბათ უფრო მეტს გავიგებთ, როცა განცხადებები გაკეთდება",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

საქართვლოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლოდინები

საქართველოს ბევრი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური მოლოდინები ჰქონდეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო რეფორმირება 12 რეკომენდაციის მიღების შემდეგ არ დაუწყია, არამედ ქვეყანა უკვე წლებია რეფორმების დღის წესრიგით ცხოვრობს, რაც ასახულია ასოცირების დღის წესრიგში.

„ჩვენ ვთხოვთ პარტნიორებს, რომ გაითვალისწინონ ის რთული მდგომარეობა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება ოკუპაციის ფონზე და როდესაც ამის ფონზე ქვეყანა მსგავსი ტიპის მასშტაბურ საკანონმდებლო ცვლილებებს ახორციელებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დიდი სურვილია და ძალისხმევა იმისთვის, რომ მივუახლოვდეთ ევროკავშირს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალიან მოტივირებული და პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ის სურვილი და ჩვენ ეს დიდი მანდატი გვაძლიერებს იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ხალხისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის დამსახურებით მიიღებს.

„რა თმა უნდა, სტატუსი ექნება ქვეყანას. ეს იქნება საქართველოსა და ევროპელების ერთობლივი დამსახურება. გამიკვირდება, თუ ნახევარს მაინც ჩაგვითვლიან რეკომენდაციებში შესრულებულად. შესაბამისად, ჯობია ასე ვთქვათ - კანდიდატის სტატუსი ქვეყანას ექნება ჩვენი ხალხისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის დამსახურებით", - მიიჩნევს მანჯგალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×