„ნაცმოძრაობა" 23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავთან დაკავშირებით, დიდ შეკრებას აანონსებს. პატიმრობაში მყოფ ექპსრეიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, შედგება მანიფესტსზე ხელმოწერაც, რომლის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ ტექსტი ზოგადი იქნება, მაშინ მას ენმ-ის ყოფილი თავმჯომარის ნიკა მელიას ფლანგიც ხელს მოაწერს, რომელიც პარტიის ამჟამინდელ მენეჯმენტთან ღია კონფლიქტშია. თუმცაღა, თუ მემორანდუმის ტექსტში პარტიის ერთიანობაზე იქნება აქცენტი, დიდი ალბათობით მელია თავისი მომხრეებით პარტიას გამოეყოფა და ცალკე პოლიტიკურ ძალად შეეცდება ჩამოყალიბდეს.
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, თუ ენმ გაიყო, ეს პარტიას ყველა ვარიანტში დააზარალებს. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ რეგიონალურ საკრებულოებში „ნაცმოძრაობის" ფრაქციების წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი მელიას მხარდამჭერია და, დიდი ალბათობით, პარტიის გაყოფის შემთხვევაში მას გაჰყვებიან, რის გამოც „ნაცმოძრაობამ" შესაძლოა არჩევნების წინ რეგიონებში გარკვეული პოლიტიკური ბერკეტები დაკარგოს. ასევე მას სავარაუდოდ პარლამენტშიც ეყოლება მხარდამჭრები ენმ-ს ყოფილი წევრების - ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის სახით.
თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი პარტიის შესაძლო გაყოფაში ზოგადად ოპოზიციისათვის პოზიტიურ პერსპექტივასაც ხედავს. მათი შეფასებით, ენმ-ს, ისევე როგორც ცალკე მყოფ მელიას ჯგუფს, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ და შესაძლებელია ჯამში პარლამენტში იმაზე მეტი მეტი ადგილი ერგოთ, ვიდრე ენმ-მ 2020 წლის არჩევნების შედეგად მიიღო.
თუმცაღა აქვე ჩნდება კითხვა - აქვს თუ არა მელიას შესაბამისი ფინანსური რესურსი და სხვა ბერკეტები, რაც ახალი პარტიის ჩამოყალიბებისათვის არის საჭირო? აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ დრო მის საწინააღმდეგოდ მუშაობს და არჩევნებამდე უკვე წელიწადზე ნაკლები რჩება.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე აზუსტებს, რომ პარტია 23 ნოემბერს „აპირებს დიდ შეკრებას" და ვარდების რევოლუციის 20 წლისთავის აღნიშვნას. კითხვაზე, ვარდების რევოლუციის 20 წლის თავზე ხომ არ მოეწერება ხელი იმ მანიფესტსაც, რომელზეც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, კირკიტაძემ უპასუხა: „ერთ-ერთი იქნება ეს მანიფესტი. მანიფესტთან ერთად, ჩვენს შეკრებაზე იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები".
თუმცა, რა სიახლეებს ვიხილავთ, კირკიტაძეს არ დაუკონკრეტებია.
შიდა დაპირისპირების ისტორია
ნიკა მელიასა და მისი მხარდამჭერების ენმ-დან შესაძლო გასვლაზე საუბარი მას შემდეგ მიდის, რაც მელიამ ლევან ხაბეიშვილთან პარტიის თავმჯდომარის არჩევნები წააგო. თუმცა, შემოდგომიდან ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მიხეილ სააკაშვილმა მის ერთ-ერთ ბოლო სასამართლო სხდომაზე პარტიაში ერთიანობის ამრევებს კარისკენ მიუთითა, თუმცა სახელი არ დაუკონკრეტებია. ეს კი მელიამ თავის თავზე მიიღო და განაცხადა, რომ წასვლის გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებდა, რაც მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავდა და მათ აზრს გაიგებდა. თუმცაღა შემდეგ, სააკაშვილმა „ფეისბუქ" პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მელია არ უგულისხმია და მასზე კარგი წარმოდგენის იყო.
ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როცა მედიით ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა სააკაშვილს ციხეში წერილი მისწერა. „რუსეთავი 2"-ის ინფორმაციით ტექტის ფრაგმეტი შემდეგია: „ეს პროცესი დასასრულებელია, თუ არადა, პროექტს ვხურავ", ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ თუ კეზერაშვილის ინტერესები არ იქნებოდა გათვალისწინებული, ის ენმ-ს დაფინანსებას შეწყვეტდა. ექსპერტების დაკვირვებით, სააკაშვილმა ზუსტად ამის შემდეგ წაშალა „ფეისბუქ" პოსტი, სადაც ამბობდა, რომ მელიაზე ცუდი წარმოდგენის არ იყო.
ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა წამოაყენა პარტიაში ერთგვარია ერთიანობის მემორანდუმის მიღების იდეა, რომელსაც სიმბოლურად სწორედ 23 ნოემბერს უნდა მოეწეროს ხელი, ხოლო ვინც მის ხელმოწერაზე უარს იტყვის, პარტია უნდა დატოვოს. ამის საპასუხოდ მელიამ ენმ-ში ნდობის საბჭოს შექმნა მოითხოვა, რომელშიც ყველა პარტიული ფრთის წარმომადგენლები შევიდოდნენ და რომელსაც პრაქტიკულად პარტიის მართვა გადაეცემოდა, თუმცა მისმა ოპონენტებმა ეს არ გაიზიარეს.
რაც შეეხება ამჟამად არსებულ ვითარებას, მელია, რომელიც მიიჩნევს, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობაა, კვლავ აანონსებს რეგიონებში თანაპარტიელებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრებს. „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და მასთან ალიანსში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც ასევე მართავენ შეხვედრებს მხარდამჭერებთან. „ნაცმოძრაობის" წევრი და სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე კი აშშ-ში იმყოფება და იქ ხვდება ემიგრაციაში მყოფ პარტიის მხარდამჭერებს.
რას უნდა ველოდოთ 23 ნოემბერს
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, გადამწყვეტი მნიშნელობა ექნება ენმ-ის მიერ მომზადებული მანიფესტის ტექსტს. მისი თქმით, თუ მელიამ მას ხელი მოაწერა, გამოდის, რომ პარტიის ახალ მმართველობასთან პრეტენზიები უკან უნდა წაიღოს.
„მნიშვნელოვანია ის, თუ მანიფესტის ტექსტში რა წერია, რა პირობებია ჩამოყალიბებული და მერე მეტ-ნაკლებად ალბათ ცნობილი გახდება, თუ ვინ მოწერს ხელს და ვინ - არა. თუ ნიკანორ მელიამ და მისმა მომხრეებმა ხელი მოაწერეს, გამოდის, რომ მათ უკან უნდა წაიღონ ყველა ის პრეტენზია, რაც „ნაცმოძრაობასთან" აქვთ - მის ახალ მენეჯმენტთან და როგორც თავად ამბობენ, არაფორმალურ მმართველობასთან. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა - მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ ფაფხურს, ავტონომიურ ჯგუფად გამოყოფას, მოსახლეობასთან შეხვედრების ჩატარებას და ა.შ.?!
„თუ მათ ხელი მოაწერეს, გამოდის, რომ ისინი ფაქტიურად ახალ მენეჯმენტს აღიარებენ და იმ პოზიციებს უბრუნდებიან, რა მდგომარეობაშიც მანამდე იყვნენ, ვიდრე პარტიიდან მათი გამიჯვნის პროცესი დაიწყებოდა. თუ არ მოაწერეს, მაშინ ჩავთვალოთ, რომ პარტიიდან მათი გამიჯვნის პროცესი დაწყებულია და მოუწევთ ცალკე პოლიტიკურ ძალად გაფორმება.
„სააკაშვილმა თავისი „ფეისბუქ" პოსტი წაშალა, სადაც მელიას მიმართ სიმპატიებს ამჟღავნებდა - სიტყვები უკან წაიღო. სხვათა შორის, ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც კეზერაშვილმა მას წერილი მისწერა, რომ ის შიდაპარტიულ საქმიანობაში ერევა და დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.
„მანიფესტის შინაარს უნდა დაველოდოთ, რადგან იქ ის პირობები უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რაზეც უნდა მოხდეს გაერთიანება. მისი შინაარსიდან გავიგებთ რა პერსპექტივა აქვს ენმ-ს ერთიანობას, ან პირიქით", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ მენეჯმეტის პირობებში მანიფესტს აზრი არ აქვს, თუ მასში ერთიანობაზეა საუბარი.
„საინტერესოა მანიფესტზე ხელმოწერა რას გულისხმობს და ქვეტექსტი რა არის, რატომ გახდა ის აუცილებელი. თუ პარტიაში მართველი რგოლი იგივე რჩება, რა ერთიანობაზეა მაშინ საუბარი?! თუ ტექსტი ზოგადი იქნება, მაშინ შესაძლოა მას ხელი ყველამ მოაწეროს, მაგრამ პარტიის მთლიანობის შენარჩუნება ნამდვილად გაჭირდება. ამ ორ ფრთას შორის ურთიერთობა ისეთი მძიმე იქნება, რომ ისინი არჩევნებს ერთად კი არა , ცალკ-ცალკე ჩაატარებენ და ერთის მხრიდან მეორეს ბლოკირება მუდმივად იქნება. ეს უკვე იმ დონემდეა მისული, რომ სჯობს გაიყარონ და ცელკ-ცალკე იყარონ კენჭი, ეს უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ის, რომ საკუთარი ამომრჩეველი საბოლოოდ დააბნიონ - ისინიც კი, ვინც დღემდე ენმ-ის ერთგულია", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
რამდენად დააზარალებს ენმ-ს მელიას წასვლა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ენმ-ს მელიას ფლანგი გამოეყო, ეს პარტიისთვის ნებისმიერ შემთხვევაში დანაკლისი იქნება. თუმცა, მეორე საკითხია რამდენად აქვს მელიას ცალკე პოლიტიკური ძალის შექმნის რესუსრსი.
„რეალურად მელიაც და ენმ-ს მეორე ნაწილიც ერთი მიზნის ქვეშ არიან გაერთიანებული - რომ ეს ხელისუფლება როგორმე შეცვალონ. ამას თუ ცალ-ცალკე გააკეთებენ, რა თქმა უნდა, ეს „ნაცმოძრაობის" ამომრჩევლის ფრაგმენტაციას გამოიწვევს. მაგრამ შესაძლოა ისე მოხდეს, რომ თუ ნიკა მელიას ირგვლივ გარკვეული სერიოზული ელექტორალური რესურსი ჩამოყალიბდა, ის ახალ პოლიტიკურ ძალად მოგვევლინოს. ამან ერთის მხრივ შესაძლოა ის სარგებელი მოუტანოს, რომ ოპოზიცია რამდენიმე ფრონტზე გაიშლება.
„მეორეს მხრივ, ოპოზიციის ეს ტრადიციული სენი, ანუ არჩევნების წინ ხმების ფრაგმენტაცია, მით უმეტეს 5%-იანი ბარიერის პირობებში, შესაძლოა მას ძვირად დაუჯდეს. ნიკანორ მელია „ოცნებას" ისევე უპირისპირდება, როგორც ენმ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას „ნაცმოძრაობის" ელექტორატის რაღაც ნაწილი მიჰყავს და რა თქმა უნდა, პარტიისთის ეს დანაკლისია, ამ საკითხს რა კუთხითაც არ უნდა მიუდგე.
„ჯერ არ ვიცით, ნიკანორ მელია შეძლებს კი ამ პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას?! ანუ რამდენი ადამიანი გაყჰვება მას „ნაცნოძრაობიდან", ესეც ჯერ კიდევ გასარკვევია. მელია პარტიიდან ამდენი ხანს იმიტომ არ მიდიოდა, რომ ცდილობდა, რომ პარტიაში მისი ყოფნით მაქსიმალურდა ბევრი ადამიანი წამოეყვანა, მაგრამ თუკი ის პარტიიდან გავიდა, მაშინ თავის ჯგუფთან ერთად მარტო დარჩენილი რას გააკეთებს, ესეც გასარკვევია. მან უნდა მიიზიდოს ფინანსები, სხვა ტიპის რესურსები, ამას კი დრო და დამატებითი ბერკეტები სჭირდება და რამდენად გააჩნია ეს, ამას მე პირადად ჯერჯერობით ვერ ვხედავ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა გაყოფის შემთხვევაში ენმ-ს ორივე ფლანგმა ჯამურად მეტი ხმები აიღოს, ვიდრე ერთად ყოფნისას და ორივე ფრთამ 5%-იანი ბარიერი გადალახოს.
„შანსია, რომ გაყოფის შემთხვევაში ორივე მხარე 5%-იან ბარიერს გადალახავს და ჯამურად შესაძლოა მათ მეტი ხმაც მიიღონ, ვიდრე ერთიანად ენმ მიიღებს. პარტიის მხარდამჭერებში გარკვეული მერყევი ჯგუფია, ვისთვისაც მიუღებელია როგორც კეზერაშვილი, ისე სხვები. თუ პარტია ერთიანობას შეინარჩუნებს, ეს ხმები შესაძლოა დაიკარგოს და ენმ-ის ზომიერმა ნაწილმა პარტიას ზურგი შეაქციოს.
„გაყოფის შემთხვევაში კი ეს ხმები ნიკა მელიასთან სრულად გადაბარგდება. ამ გაყოფამ შესაძლოა მელიას გუნდს დამატებითი ხმები შესძინოს ისევ იმ მერყევი ამომრჩევლისგან და იმათგან, ვისაც ენმ და ჩამოთვლილი პირები გულზე არ ეხატებათ. გაყოფის შემთხვევაში იმის ალბათობა ნამდვილად არის, რომ ჯამურად მეტ ხმებს აიღებს, ვიდრე მხოლოდ ენმ აიღებს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".