თამთა ჩაჩანიძე
20.11.2023

პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად საკუთარ თავს სთავაზობს, ხოლო პოლიტსაბჭოდან წასულ ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და მის მომხრეებს უკან დაბრუნებას სთხოვს. ამის შესახებ მან ორშაბათს თავის სასამართლო სხდომაზე განაცხადა. გარდა ამისა, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავზე, იგი ერთობის მემორანდუმს გამოაქვეყნებს და ყველა თანაპარტიელს მასზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ძნელი წარმოსადგენია როგორ ჩაერთვება საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკრაინის მოქალაქეობის მქონე მიხეილ სააკაშვილი, რადგანაც ეს კანონმდებლობით აკრძალულია. მათივე აზრით, ასევე ძნელი სათქმელია, საკმარისი იქნება თუ არა სააკაშვილის მოწოდება პარტიის ერთიანობის შესანარჩუნებლად.

სააკაშვილის მოწოდებებს ენმ-ის მოქმედმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მუქარანარევი განცხადებით უპასუხა. უშუალოდ ნიკა მელიაზე საუბრისას მან „მგლის ბილეთი" ახსენა და განაცხადა, რომ მელია პრაქტიკულად წასულია პარტიიდან და თუ მას ფორმალური პასუხის მიღე სურს, არის თუ არა ენმ-ის წევრი, შეუძლია პარტიას ოპფიციალურად მიმართოს და მას უპასუხებენ.

თავად მელიამ ამ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ პარტიის პოლიტსაბჭო საკუთარი ნებით არ დაუტოვებია. მან ასევე გააკრიტიკა ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე „მგლის ბილეთზე" საუბრისათვის და განაცხადა, რომ ჯერ არც 23 ნოემბერს პარტიის მიერ დაგეგმილ ღონისძებაზე მიუღია მოწვევა.

ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ სააკაშვილის განცხადება გარიყულების დაბრუნებაზე შესაძლოა უფრო იმას ნიშნავდეს, რომ ექსპრეზიდენტი ცდილობს მელიასთან მიმართებაში „შეცდომა გამოასწოროს", რადგან ხედავს, რომ მელიას ფრთის წასვლის შემთხვევაში, ენმ რეალურად დაშლის წინაშე დადგება და ცდილობს „ეს პროცესი რაღანცაირად შეაჩეროს".

პირველი რეაქციები სააკაშვილის განცხადებაზე

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ყველა შეცდომა, რომელიც დაშვებული იქნა, უნდა აღმოიფხვრას „ნაცმოძრაობასთან" მიმართებაში. ის პარტიის საბჭოს კოორდინაციას თავის თავზე იღებს და საბჭოს ყოფილ წევრებს დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეცდომა, თუკი იქნა დაშვებული, იყოს აღმოფხვრილი. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ, ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან და დაბრუნდეს პოლიტიკურ საბჭოში. მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას.

„მე ვიღებ ჩემს თავზე ხელმძღვანელობას, მე ვიღებ ჩემს თავზე იმას, რომ რეინტეგრაცია მოახდინონ პარტიის და პარტია გახსნილი იყოს სხვა კავშირებისა და ასევე სხვა ადამიანებისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს", - განაცხადა სააკაშვილმა.

ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია პარტიიდან ამ დროისთვის, ფაქტობრივად მისივე გადაწყვეტილებით, „გარიცხული და გარიყულიცაა" და ვინც მანიფესტს არ მოაწერს ხელს, „საკადრის პასუხს მიიღებს".

„კონკრეტული ადამიანი, ვინც პრობლემას ქმნის, იმედია, 23 ნოემბრამდე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ არ მიიღებს, არსებობს კონკრეტული მანიფესტი, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი გაავრცელებს და კონკრეტული ადამიანები, დარწმუნებული ვარ, ხელს მოაწერენ. ვინც არ მოაწერს ხელს, ვისაც არ აინტერესებს „ნაციონალურ მოძრაობაში" ერთობა, ვისაც არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა მიზნები აქვს, ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს.

„ნაციონალური მოძრაობა" „სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად - გამარჯვების კოალიცია - იბრძოლებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩემი თანამებრძოლები, კონკრეტული ადამიანები, რომლებთან ერთადაც ბევრი მიბრძოლია, დასაფასებელი ადამიანები არიან და ამ ადამიანების მოფერების გარდა არაფერი გაგვიკეთებია პარტიას. ამ ადამიანებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა და არც იქნება. იმ ადამიანების პოლიტსაბჭოში ყოფნის პრობლემა არ ყოფილა, ვინც განცხადება დაწერა და გავიდა (პოლიტსაბჭოდა).

„ყველა განცხადება, რომელიც „ნაცმოძრაობის" მხრიდან კეთდება, შეთანხმებულია პრეზიდენტ სააკაშვილთან. ამ პარტიის მთავარი ლიდერი არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ამ ადამიანმა დღეს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, რომ ერთობა მნიშვნელოვანია. სააკაშვილმა ღიად თქვა, რომ ის უხელმძღვანელებს პოლიტიკურ საბჭოს. ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ არსებობს. თუ კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდათ პრობლემა, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რომ თავად იქნება პროცესში ჩართული, მგონია, რომ ამ ადამიანებისთვის გადაწყვეტილების მიღება გამარტივდება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ენმ-ში ნიკა მელიას ფლანგის წარმომადგენელი ბაჩო დოლიძეს კი სააკაშვილის გამოსვლიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ მან კარგად იცის პარტიაში რა პრობლემებია და ნდობა არ აქვს კონკრეტული პირების მიმართ.

„კონკრეტულად თქვენ რაც გააკეთეთ - თქვენ გარიყეთ ადამიანები პოლიტსაბჭოდან, შესაბამისად, მე ვიქნებიო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეო, სრული უნდობლობა - ხომ ხედავს, რომ პრობლემებია - ყველა მხრივ პრობლემაა და არც იმედი არ აქვს იმ ადამიანების.

„ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, რომ ვიღაცას გარიცხავს. ნუ იღებს საკუთარ თავზე ისეთ გადაწყვეტილებებს, რაზეც თვითონაც იცის, რომ არ იღებს არც პასუხისმგებლობას, არც გადაწყვეტილებას. ერთადერთი, რაც მას შეუძლია გააკეთებინონ, ბრიფინგზე დასვან და ათქმევინონ რაღაც.

„რთული და ყველაზე ცუდი რა არის იცით - რომ არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე თანახმა არიან, ოღონდაც სიაში იყვნენ და ოღონდაც პარლამენტში იყვნენ მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება“, - ამბობს ბაჩო დოლიძე „ტვ პირველთან“.

რა გავლენა აქვს სააკაშვილს ენმ-ზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სააკაშვილს ენმ-ს ახალ შემადგენლობაში ისეთი ავტორიტეტი აღარ აქვს, როგორიც ადრე ჰქონდა. ამასთან, ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სრულფასოვნად ვერ წარმართავს აღებულ ვალდებულებას.

„სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და რანაირად იქნება ის საქართველოს რომელიმე პარტიის გარანტორი და კოორდინატორი, როცა კანონმდებლობით უცხო ქვეყნოს მოქალაქეს პოლიტიკური საქმიანობა აკრძალული აქვს?! როგორც ჩანს, მას მიაჩნია, რომ იმ ავტორიტეტს გამოიყენებს, რომ ენმ-ის დამფუძნებელია და მას ყველა „ნაცმოძრაობის" დე ფაქტო ბელადად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ მისი სიტყვა გადამწვეტი იქნება, მაგრამ რეალურად ის ვერანაირ პოლიტიკურ ფუნქციას ვერ განახორციელებს.

„მან შეიძლება უბრალოდ ასეთი ტიპის მოწოდებები გააკეთოს და „ნაცმოძრაობა" სიტყვაზე მიჰყვეს, ან დაუჯეროს. მაგრამ ასეთი მდგომარეობა პარტიას კიდევ უფრო მეტად უხერხულ და კომიკურ მდგომარეობაში ჩააყენებს, რადგან წარმოვიდგინოთ, რომ პარტიას არჩეული მენეჯმენტი ჰყავს, ოფიციალური თავჯდმომარე და ამ დროს პარტიაში პროცესებს რეალურად უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავს. ეს აბსოლუტურად პოლიტიკური ანაქრონიზმია.

„სააკაშვილის ავტორიტეტი შეიძლება აღარ იყოს ისეთი, როგორც ადრე. ჯერ ნიკა მელიას გამოუცხადა მხარდაჭერა, მერე სიტყვები უკან წაიღო, ახლა კი ცდილობს ეს „შეცდომა" გამოასწოროს. ის ხედავს, რომ ენმ რეალურად დაშლის წინაშე დგას. შესაძლოა მიიღო ინფორმაცია, რომ ნიკანორ მელიას მხარეს შესაძლოა ენმ-ს ბერი მომხრე გადავიდეს და უნდა, რომ ეს პროცესი რაღანცაირად შეაჩეროს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

კითხვაზე, ენმ-ს ამჟამინდელ შემადგენლობაში, აქვს თუ არა სააკაშვილს ავტორიტეტი, რომ მისი მედიატორობა საკმარისი აღმოჩნდეს ერთიანობის შესაძნარჩუნებლად, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მის სიტყვას მინიმუმ ანგარიშს მაინც გაუწევენ.

„ალბათ კი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარე არაა, ანგარიშს მაინც უწევენ და ალბათ ეს განცხადებაც პარტიაში გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს ერთიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

„მგონია, რომ ეს განცხადება შესაძლოა ერთიანობის შენარჩუნების საფუძველი აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ მის პოზიციას გაითვალისწინებენ და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. შესაძლოა მანიფესტის შინაარსიც ასეთი იყოს",განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

რას გადაწყვეტს ნიკა მელია

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მელიას გადაწყვეტილება მაინც მანიფესტის შინაარსზეა დამოკიდებული.

„ის ხალხმა, ვინც მელიას გაჰყვება, ფაქტიურად გამოდის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" დღევანდელი ფორმით კავშირი უნდა გაწყვიტონ, რადგან მელია პარტიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ენმ არაფრომალურად იმართება. არ ვიცი მელია ამას როგორ გამოეხმაურება და ძველი პოლიტსაბჭოს დაუბრუნდება თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ეს მიმართვაც არაფორმალური მმართველობა გამოდის. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და „ნაცმოძრაობასთან" ფორმალურად არაფერი არ აკავშირებს.

„სააკაშვილს ამით უნდა, რომ მელიას ფაქტორი მიჩქმალოს თუ დაამციროს, რადგან ყველას უჩვენოს ვინაა პარტიაში რეალური ლიდერი. უნდა წავიკითხოთ რა წერია მანიფესტში, რა მოთხოვნებია ჩამოყალიბებული იმისათვის, რომ მელიას მოტივაცია გაუჩნდეს, რომ ხელი მოაწეროს. მაგრამ სააკაშვილის ეს განცხადება, სავარაუდოდ, შესაძლოა უკვე ნიშნავდეს იმას, რომ იქ არის ის მომენტები, რაც შესაძლოა მელიასთვის მისაღები იყოს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა მელიამ მანიფესტის გამოქვეყნებამდე კრიტიკურლი განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

„შესაძლოა მელიამ მანიფესტამდე რაღაც განცხადებებისგან თავი შეიკავოს ვინმეს კრიტიკის კუთხით. მანიფეტს ხელს მოაწერს თუ არა, ამის თქმა ძნელია, თუმცა, იმედი მაქვს და კარგი იქნება, თუ მოაწერს. თუ მელია მანიფესტს ხელს არ მოაწერს, ეს მისი ნებაა. პარტია საქმიანობას გააგრძელებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×