სამშაბათს სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისა პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პრაქტიკულად პირდაპირ მოუწოდა მისი შეწყალებისაკენ, რაც მისი 2-წლიანი პატიმრობის განმავლობაში პირველად მოხდა. რამ უბიძგა ექსპრეზიდენტს ამ ნაბიჯისაკენ და რამდენად რეალურია, რომ ამის გავლენით სალომე ზურაბიშვილმა ადრე ნათქვამი „არა და არასდროს" გადათქვას?
ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის მოწოდება არაფერს ცვლის, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მისი შეწყალებისათვის შესაბამისი მოტივიც არ აქვს.
„არ მინდა ქალბატონ სალომეს რაიმე მოვთხოვო. მას შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქტიური ქმედებების განსახორციელებლად არც გამბედაობა აკლია და დიდი საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ასე შეაფასა:
„სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, ეს მინდა შევახსენო მიხეილ სააკაშვილს. არ ვიცი რა მორალზეა საუბარი, როდესაც ვეხებით მიხეილ სააკაშვილს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. არ ვიცი, მე ამაში ღრმად ვერ შევალ".
„გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელ ნაბიჯებს არ გადადგამს.
„გამომიშვი, ქალბატონო სალომე - ასე ვიგებ სააკაშვილის ამ განცხადებას. მეეჭვება გამოუშვას. სალომე ზურაბიშვილი, ჩემი აზრით, არ გადადგამს ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელ ნაბიჯებს. ზოგადად, სჯობს შეწყალება იმას სთხოვო, ვის ხელშიც არის რეალური ძალაუფლება. თუ ბრძოლის ამ გზას ირჩევ - რატომაც არა?! დანებება ბრძოლაში ერთ- ერთი მიმართულებაა. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილს ეს არ აურჩევია, როგორც მე მივხვდი და ამიტომ ქალბატონი პრეზიდენტის განხილვა, თითქოს ივანიშვილისგან დამოუკიდებელი პირია და სააკაშვილს გამოუშვებს, ცოტა გულუბრყვილობაა. უბრალოდ ციხეში მჯდომი კაცისგან, რომელიც იმედს ებღაუჭება, გასაკვირი არ არის", - განაცხადა ხვიჩიამ „ინტერპრესნიუსთან".
„ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ კი აღნიშნა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მისი შეწყალება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯი იქნება.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით არ არის მხოლოდ მისი პერსონალური საკითხი. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ამ საქმეს აქვს მსოფლიო რეზონანსი, მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა და მისი შეწყალება არის ქვეყნის მომავლის, ევროპაში ინტეგრაციის, ასევე, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი. რაც მთავარია, მისი შეწყალება არის სამართლიანი. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი, გადადგამს ძალიან სწორ ნაბიჯს, ის იქნება მართალი სააკაშვილთან, მის ოჯახთან, ასევე, მთლიანად საქართველოსთან. ამით კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ქვეყანაში პოლარიზაციის თუნდაც მცირეოდენი განმუხტვისთვის", - განაცხადა გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეჭვობს, რომ პრეზიდენტმა მსგავსი ნაბიჯი გადადგას, რადგან შეწყალების შემთხვევაშიც კი, სააკაშვილი შესაძლოა ისევ ციხეში აღმოჩნდეს, ვინაიდან მის მიმართ სასამართლო პროცესები არ დასრულებულა
„რთულია ამის პროგნოზირება. მე უფრო იქით ვიხრები, რომ ის თავს შეიკავებს, იმიტომ, რომ იურიდიული კუთხით თუ მივუდგებით, არ დასრულებულა სააკაშვილთან მიმართებით სასამართლო პროცესები და აქედან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია შეწყალების შემთხვევაშიც კი ის ისევ ციხეში აღმოჩნდეს შებრუნებული", - განაცხადა „რეზონანსთან" ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძე ასევე ფიქრობს, რომ, სააკაშვილის მოწოდების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვას - „არა და არასდროს" არ უღალატებს, მითუმეტეს, რომ ახლა მას ამის მოტივიც არ აქვს.
„მემგონი სალომე ზურაბიშვილი დარჩება იმ პოზიციაზე, რაც თავიდანვე ჰქონდა სააკაშვილის მიმართ. თავის დროზე, როცა სააკაშვილის შეწყალების საკითხი დადგა, ანუ როდესაც სააკაშვილი შიმშილობდა და როგორც ამბობდნენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და უწინასწარმეტყველებდნენ, რომ ყველაფერი შეიძლება ლეტალურად დასრულებულიყო, მაშინ შეეძლო მისი შეწყალება ზურაბიშვილს და ამაის იმით გაამართლებდა, რომ „ადამიანი კვდება და ამას არ დავუშვებ".
„დღეს, როდესაც სააკაშვილი უკეთეს მდგომარეობაშია, ზურაბიშვილს მოტივიც კი არ აქვს, რომ რაიმე არგუმენტი თქვას, თუ რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი, იმ განცხადებიდან გამომდინარე, რაც მან თავის დროზე გააკეთა - ვგულისხმობ „არა და არასდროს". ამიტომ არ მგონია, რომ ახლა ზურაბიშვილმა ასეთი ნაბიჯი გადადგას და სააკაშვილი შეიწყალოს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.