რაც უფრო შორდება პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას", მით უფრო აქტიურია ხმები მის რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან დაახლოებაზე. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ის სულ უფრო მეტად იძენს პროდასავლური პოლიტიკური ფლაგმანის ფუნქციას. რამდენად შეიძლება სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში ვიხილოთ, ამ კითხვით „რეზონანსმა" პოლიტიკის ექსპერტებს მიმართა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში საეჭვოა, რომ წავიდეს, ვინაიდან მისთვის მოსაწონი ძალა დღეს პოლიტიკურ სპექტრში არ არის.
„ძალიან მეეჭვება, რომ ზურაბიშვილი რომელიმე პარტიაში ვიხილოთ. როგორ ფიქრობთ, მე რატომ არა ვარ რომელიმე პარტიაში? იმიტომ, რომ არცერთი არ მომწონს. როგორც გამოკვლევებიდან ჩანს, მოსახლეობის დიდ ნაწილსაც არცერთი პარტია არ მოსწონს. ამიტომ ზურაბიშვილს რომელიმე რომ მოეწონოს, ძალიან გამიკვირდება, რადგან, როგორც ვიცი, საკმაოდ ადეკვატური შეფასებების მქონე ქალია პოლიტიკურ ასპარეზზე და ამიტომ იმის ვარაუდი, რომ მას რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე ექნება ორიენტაცია, მაშინ როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს არცერთ ოპოზიციურ პარტიებზე მისაღები ორიენტაცია, ჩემთვის ნაკლებად სავარაუდოა", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" კომენტირებისას არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილი გახარიას პარტიის რიგებში ვიხილოთ, რადგან „ნაცმოძრაობის" შემდეგ პარტია „საქართველოსთის" ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ძალაა.
„არ არის გამორიცხული ზურაბიშვილი რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში ვიხილოთ, თუმცა რაღაცნაირად მას თავისი გეგმა შესრულებული ექმება, და როცა უფლებამოსილება ამოეწურება, შეიძლება საერთოდ პოლიტიკიდან წასვლა მოინდომოს.
„და, თუ რაღაცა პრეტენზია გააჩნია, პოლიტიკური საქმიანობა ისევ რომ გააგრძელოს, მაშინ დიდი ალბათობით შეიძლება იყოს პარტია „საქართველოსთან" - გახარიას პარტიასთან. სხვა პარტიები ნაკლებად მგონია, მაგრამ ყველაზე რეიტინგული პარტია „ნაცმოძრაობის" შემდეგ არის პარტია „საქართველოსთვის", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური ამბიციები გააჩნია.
„...ძალიან კარგია, ცუდი არ არის. მე ველოდები მის უფრო აქტიურ ჩართულობას პოლიტიკაში. სიმბოლური ფუნქციები აქვს პრეზიდენტს, თან ვადაც ეწურება, დროც გადის, შეზღუდვებიც აქვს და ვფიქრობ, მიიღებს გადაწყვეტილებას უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში. არ გამოვრიცხავ, რომ ვიხილოთ რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში. არსებობენ ძალები, სადაც სალომე ზურაბიშვილიც სიამოვნებით მივა და ის ძალებიც სიამოვნებით მიიღებენ. რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა ბიძინა ივანიშილისგან დამოუკიდებელი ფიგურა - პოლიტიკაში არაფერი მუდმივი არ არის და პოლიტიკას ახასიათებს, რომ მოკავშირე ხვალ მტერი გახდეს. არ გამოვრიცხავ ივანიშვილთან მის წინააღმდეგობაში შესვლას. საბოლოო ჯამში, ადამიანი მიდრეკილია თავისუფლებისკენ, თუ მონად არ არის დაბადებული. ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, მას სწრაფვა ჰქონდეს მეტი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პოლიტიკაში მეტი აქტიურობის, მით უმეტეს, როცა ვადა ეწურება და ხან „კოჭლ იხვს" ეძახიან და ხან რას. მე ვვარაუდობ, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც ის დგამს და საუბრობს, დიდი ალბათობით, არჩევნებამდე სამი თვით ადრე გამოიკვეთება ვითარება და პრეზიდენტი დაფიქრდება, შევიდეს თუ არა ხელახლა პოლიტიკაში", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ „ინტერპრესნიუსთან".
კითხვაზე, არის თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი" ის პარტია, რომელიც „სიამოვნებით მიიღებს" ზურაბიშვილს, მანჯგალაძე აცხადებს, რომ მათ ზურაბიშვილთან გეგმები არ აქვთ.