
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიერ 20 ნოემბერს გაჟღერებული ინიციატივა ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის ფლანგებს შორის შერიგებაში ჯერჯერობით ვერანაირ როლს ვერ თამაშობს. პირიქით, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სააკაშვილის განცხადებას ყველა სათავისოდ კითხულობს და შესაძლოა 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ მანიფესტმაც დიდი გავლენა არ იქონიოს პარტიის ერთობაზე.
ენმ 23 ნოემბერს დიდი შეკრებისთვის ემზადება, სააკაშვილის ინიციატივით მანიფესტზეც მოეწერება ხელი და როგორც „ნაცმოძრაობის" წევრები ამბობენ, ვინც მასზე ხელს არ მოაწერს, პარტიას დატოვებს. მანამნდე კი სააკაშვილმა თავის სასამართლო სხდომაზე გააჟღერა ინიციატივა, რომ ენმ-ს პოლიტსაბჭოს ის დააორგანიზებს.
ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის ფლანგები კვლავ ერთმანეთთან დაპირისპირებაში არიან და განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი პოზიციების დაახლოებას არც ცდლობენ. როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, „ნაცმოძრაობაში" ფლანგებს შორის დაპირისპირების პროცესი იმდენად შორსაა წასული, რომ საეჭვოა რაიმე მანიფესტს რეალური შედეგი ჰქონდეს და მხარეები კომპრომისზე წავიდნენ.
„პროცესი შორსაა წასული"
„პროცესი იმდენად შორსაა წასული, რომ მეეჭვება რაიმე მანიფესტს რაღაც რეალური შედეგი და რეალური კომპრომისი მოჰყვეს, რადგან ორივე მხარე თავის სასარგებლოდ კითხულობს ამას. მაგრამ უნდა ვნახოთ თავად მანიფესტი რას ნიშნავს და რას სთავაზობს საზოგადოებას, ჯერ არ ვიცით, რა შინაარსისაა - შინაარსს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. თუმცაღა სავარაუდოდ ამ ვითარებაში ეს მანიფესტი ვერაფერს შეცვლის", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
მისი აზრით, გაურკვეველია პარტიის პოლიტსაბჭოში სააკაშვილს რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს.
„ისიც გაურკვეველია პოლიტსაბჭოში მისი ფუნქცია რა იქნება, თუ დღეს ამის მენეჯმენტი ხაბეიშვილის გუნდმა უნდა განახორციელოს, მაშინ მელიას გუნდისთვის მიუღებელია და ეს დროის დაკარგვა იქნება, რადგან ხაბეიშვილი და მისი გუნდი ნამდვილად არ დაუშვებენ, რომ მართვის სადავეები ხელში მელიამ აიღოს. შესაბამისად, აზრი რა აქვს იმას, რომ სააკაშვილი უხელმძღვანლებს?! მთავარი ის იქნება, მომავალი არჩევნებისთვის სიას ვინ დააკომპლექტებს და რა პროპორციით შევა იგივე მელიას ხალხი ამ სიაში.
„ესაა მნიშვნელოვანი და შეძლებს კი ამის გაკეთებას სააკაშვილი?! ან რა კომპეტენცია ექნება, ან დროზე ადრე რას იზამს და რას გადაწყვეტს, კაცმა არ იცის. ამიტომაც რთული წარმოსადგენია, რომ ამ მანიფესტმა სიტუაცია რეალურად შეცვალოს. ასე რომ იყოს, მაშინ ის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტები უნდა იყოს, რომელიც მელიას და მის გუნდს გარანტიებს შეუქმნის", - აცხადებს ძაბირაძე.
ამბობს, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ 23 ნოემბრის შეკრების მერე, ენმ-ში სიტუაცია არსებითად არ შეიცვალოს.
"ალბათ ასე იქნება, კი...", - თქვა მან.
„ნაცმოძრაობის" ექსთავმჯდომარე ნიკა მელია ამ პროცესს ფეისბუქით გამოეხმაურა. წერს, რომ ერთობა ახალმა მენეჯმენტმა დაარღვია.
„ერთობის საკითხი არ დადგებოდა, რომ არ დაერღვიათ ერთობა, შესაბამისად მენეჯმენტმა თვალი უნდა გაუსწოროს მათ მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებს. თუ შეცდომა არ აღიარე, შეცდომას ვერ გამოასწორებ, თუ კრიზისს არ აღიარებ, კრიზისს ვერ გადალახავ.
ერთობისთვის წარმოვადგინეთ კონკრეტული ინიციატივა, რომელიც მოსაწონი აღმოჩნდა 40 000 მხარდამჭერისათვის. თუ ვინმეს სურს ერთობა, როგორც მინიმუმ უნდა განიხილონ ეს წინადადება და პასუხი გასცენ ათიათასობით მხარდამჭერს.
ამის ფონზე, პარტიის მენეჯმენტი გაჯიუტებულია შეცდომაში და 1 წუთიან აგრესიულ, უმდაბლესი პოლიტიკური კლასის კომენტარში, ავლენს და ამბობს იმას, რაც დაავალეს და რაც აკეთა, მთელი 9 თვე... ერთობის დაკვეთას და ნებას, პასუხობს „მგლის ბილეთით", - წერს მელია.
რაც შეეხება „მგლის ბილეთს" - სააკაშვილის მოწოდებებს ენმ-ის მოქმედმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მუქარანარევი განცხადებით უპასუხა. უშუალოდ ნიკა მელიაზე საუბრისას მან „მგლის ბილეთი" ახსენა და განაცხადა, რომ მელია პრაქტიკულად წასულია პარტიიდან და თუ მას ფორმალური პასუხის მიღე სურს, არის თუ არა ენმ-ის წევრი, შეუძლია პარტიას ოპფიციალურად მიმართოს და მას უპასუხებენ.
ხაბეიშვილისა და მელიას მომხრეების პოზიციები
მელიას მხარდამჭერი და ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი „ორმაგ ტყვეობაშია", თუმცა „ნაცმოძრაობის" დღევანდელ მენეჯმენტს დათმობებზე წასვლა მოუწევს.
„ყველაზე მეტად რაზეც მტკივა გული მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, არის ის, რომ როგორც ჩანს, მას არასოდეს არ ჰყოლია გუნდი. ოღონდ ის გუნდი კი არა, რომელიც ყველაფერზე ტაშს გიკრავს, გუნდი არის ის, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გეუბნება, რომ ეს შეიძლება არ იყოს სწორი და ხომ არ ჯობია, ცოტა სხვანაირად გააკეთოთ. ასეთი ტიპის ურთიერთობის დეფიციტი ნამდვილად არის და მაგიტომაც ვხედავთ, რომ მის გარშემო ის ადამიანები არიან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, რომლებსაც ყოველთვის სჭირდებოდათ მიხეილ სააკაშვილის სახელის გამოყენება. ფიქრობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელს რაც უფრო ხშირად იტყოდნენ, მისი ყველაზე ერთგული მეგობრები იყვნენ, როდესაც პარალელურად საკუთარ საქმეებს იწყობდნენ. გუნდი არის ის, რომელიც როცა საჭიროა გეტყვის, „მიშა, შეიძლება ასე ჯობდეს" და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მტერი ხარ ამ ადამიანის. ამიტომ ვამბობ, რომ არაფერი ტრაგედია არ არის იმაში, რომ ჩვენ ერთმანეთს რაღაც საკითხებში არ ვეთანხმებოდეთ", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
კითხვაზე, რატომ არ რიცხავს პარტიიდან „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი მენეჯმენტი ნიკა მელიასა და მის მხარდამჭერებს, ბაჩო დოლიძე პასუხობს, რომ ლევან ხაბეიშვილს ჯერ ასეთი დირექტივა არ მიუღია.
„დირექტივა მიღებული არ აქვს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხაბეიშვილმა რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მას შესწევს იმის უნარი ან უფლებას აძლევენ თუნდაც რასაც ფიქრობს, დამოუკიდებლად ის გააკეთოს, ძალიან დიდ შეცდომაშია შეყვანილი. დღეს მისი ფუნქცია უბრალოდ დირექტივების გახმოვანებაა. თუ აღარ დასჭირდებათ, შესაბამისად ჩანაცვლებული იქნება სხვა პიროვნებით", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსთან".
ხაბეიშვილის ფლანგიდან „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მელია პარტიიდან დიდი ხნის წინაა გასული და ამ მანიფესტით საუბარია იმაზე, ხელახლა შეუერთდება თუ არა ენმ-ს.
„ნიკა მელია უკვე დიდი ხნის წინ არის პარტიიდან გასული. ის კამპანიურ რეჟიმში თავს ლანძღავს, კობახიძეზე უარესი ფორმით თავს ესხმის პარტიას, მის სტრატეგიას, მიმართულებებს, ლიდერშიფს, გადაწყვეტილებებს, ყველაფერს. ახლა საუბარი ამ მანიფესტით იმაზეა, შემოუერთდება, დაბრუნდება პარტიაში? გახდება ამ პარტიის ნაწილი თუ არა? უკუღმა უნდა დავსვათ საკითხი - გასულია და მოვა თუ არა? ის კი არა, რომ აქ არის და გავრიცხავთ," - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
დაპირისპირების პოლიტიკური შეფასებები
„როდესაც ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახური შემოგაპარებს, შემდეგ სასამართლოზე ამბობ, რომ ქართული ენა დაგავიწყდა და უკრაინულად გელაპარაკონ და შემდეგ უკვე პრეტენზიები გაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკურად აქტიური უნდა იყო - ეს არის სამარცხვინო ცირკი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე საუბრისას.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" არიან ადამიანები, რომლებიც „ხბოს აღტყინებით, გაფართოებული თვალებით შესციცინებენ მას [მიხეილ სააკაშვილს] ადამიანს, რომელიც საქართველოში სიტუაციის არევას ცდილობს".
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ნიშნავს „თავხედობას", „განწირული ვითომ პოლიტიკოსის ფართხალს" და ასევე, „ძველი ცოდვების ჩამოწერასთან გვაქვს საქმე".
„მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თავად თქვა ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი, დღეს ცდილობს უკანონოდ ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი რბილი რამ, რაც კი მას დაუშავებია",- თქვა მდინარაძემ.
„ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია სამარცხვინოს უწოდებს, როდესაც ენმ-ში სხვადასხვანაირად კითხულობენ სააკაშვილის გზავნილებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ბოლო ეტაპზე რა ხდება, არ ვიცი. სამარცხვინო ამბავი, რომ ერთი ჯგუფი „წმინდა წერილივით" სხვანაირად კითხულობს სააკაშვილის სიტყვებს და მეორე ჯგუფი სხვანაირად, ესეც [მიხეილ სააკაშვილი] ცდილობს, რომ ხან იქით იყოს და ხან აქეთ. ყველა იბრძვის ბელადის სახელით და არა ფასეულობებით და შეხედულებებით, ეს აჩვენებს კრიზისს ამ პოლიტიკური ძალის, ლიდერის და ყველა ადამიანის, ვინც მის გარშემოა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსთან".