
გახარიას პოლიტიკური ჯგუფისგან და „ლელოსგან" ბევრჯერ ითქვა, რომ გარკვეულ პარტიებთან ალიანსში ყოფნა მათთვის პრინციპულად მიუღებელია, თუმცა მიუხედავად ამისა, ოპოზიციაში კვლავ ისმის განცხადებები, რომ ყველა ძალა, „ვისაც რეალურად უნდა ხელისუფლების შეცვლა, მრგვალი მაგიდის ირგვლივ უნდა დასხდეს". ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევების შედეგმა აჩვენა, რომ ერთობის იდეამ ოპოზიციის გამარჯვების პრეცედენტი არ შექმნა, ამიტომაც ახლაც მათი მხრიდან წყლის ნაყვა გამოდის.
ამასთან საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ეს იდეა უპერსპქტივო იმიტომაცაა, რომ ოპოზიციურ პარტიებში ლიდერობა ბევრს უნდა და მხოლოდ „ნაცმოძრაობიდან" ასეთი მინიმუმ სამია.
„სუფრაზე შემოსხდომას რა უნდა, მთავარია თამადა ვინ იქნება. ერთობის იდეა პირველი შემთვევა არაა, ეს 2020 წლის არჩევნების წინაც მოინდომეს და მაშინ მე მგონი თამადაც ჰყავდათ ნათელაშვილის სახით და იმის თქმა, რომ იმდროინდელმა შედეგმა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვაო, ძნელი სათქმელია.
„ისე რომ ყოფილიყო, რომ მაშინდელ გაერთიანებას ოპოზიციური გამარჯვების უნიკალური პრეცედენტი შეექმნა, წელს ამ მეთოდთან მობრუნება გასაგები იქნებოდა და სავსებით ლოგიკურიც, მაგრამ რახან მაშინ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, წელს იმავე მეთოდს რატომ უბრუნდებიან, თან ეს ოპტიმიზმი რას ეფუძნება, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია.
„ეს იდეა, მე მგონი, ერთადერთი იმას ეფუძნება, რომ რამე ხომ უნდა ქნან წინასაარჩევნოდ?! ერთმანეთს ხელს ჩაავლებენ და ხელებს მაღლა ასწევენ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ამბობს, რომ ერთობის იდეა მხოლოდ იმიტომაც არ გამოუვა ოპოზიციას, რომ ლიდერობა ბევრს უნდა.
„მარტო „ნაცმოძრაობიდან" „თამადის" რამდენიმე კანდიდატურაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სააკაშვილი გვინდაო, ამავე დროს ეტყობათ, რომ ხაბეიშვილსაც და მელიასაც ლიდერობა აშკარად უნდათ. სააკაშვილი მემგონი უფრო „სადღეგრძელოს" თემაა, ვიდრე ლიდერობის რეალური კანდიდატი. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ მელია-ხაბეიშვილის შემხედვარე ბევრმა სხვა პარტიის ბევრმა ლიდერმაც ჩათვალოს, რომ ამას ისინიც იმსახურებენ. მაგალითად „ლელოს", ან სხვა პარტიების ლიდრებსაც ჰქონდეთ ეს პრეტენზია", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
„ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ყველა ოპოზიციური ძალა, „ვისაც რეალურად უნდა ხელისუფლების შეცვლა უნდა, მრგვალი მაგიდის ირგვლივ უნდა დასხდეს", მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის ამოცანა არა ხელისუფლების შეცვლა, არამედ 5%-იანი ბარიერის გადალახვაა.
„იცით, რატომ ვარ სკეპტიკურად განწყობილი? ოპოზიციური პარტიების მოქმედებების აბსოლუტური უმრავლესობა მაფიქრებინებს, რომ ოპოზიციური პარტიების ამოცანა არის, როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ. ბევრი ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს. რეალობიდან ხომ უნდა ამოვიდეთ? მაქსიმუმ გადალახოს 2-3-მა პარტიამ და რა იქნება მერე? იქნება ისევ „ოცნების" უმრავლესობა და საუკეთესო შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი იქნებიან დაახლოებით ისე, როგორც დღეს არიან და რას აკეთებენ პარლამენტში?" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია ვერ გაძლიერდება, როდესაც წესიერად ერთმანეთსაც ვერ ელაპარაკებიან.
„მე მაინტერესებს, რა მოაძლიერებს ამ პარტიებს? რომელი შეთავაზებაა ახლა ისეთი, რაც ოპოზიციურ პარტიას გააძლიერებს, როდესაც ადამიანები ხედავენ იმას, რომ ლაპარაკის მეტი არაფერი არ არის. ერთმანეთს ვერც ელაპარაკება წესიერად ოპოზიცია და ვერაფერს ცვლის პარლამენტში ყოფნით, რომელშიც წესით არ უნდა ყოფილიყვნენ როგორც თავად ჰპირდებოდნენ საზოგადოებას. ამ გზით ოპოზიცია ვერ გაძლიერდება. ორი საქმის კეთება თუ არ შეგვიძლია პოლიტიკოსებს ერთდროულად, ერთმანეთთან კონსულტაციების წარმართვა ისე, რომ საერთო გზა და სტრატეგია დაისახოს და პარალელურად თუ არ შეგვიძლია ჩვენი პარტიების გაძლიერება, მაშინ ჩვენ ხელისუფლებაში არაფერი გვესაქმება. ხელისუფლებაში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რომ 2 კი არა 10 საქმე გაქვს ერთდროულად საკეთებელი და ხანდახან მეტი. 11 თვე რომ არის დარჩენილი ჯერ შეიძლება ადრე იყოს საარჩევნო კონფიგურაციის გამოცხადება, საარჩევნო სიებზე საუბარი, მაგრამ ადრე არ არის იმ გზის დასახვა, როგორ მიდიხარ", - განაცხადა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსთან".
მანამდე ერთობის იდეა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც წამოაყენა, ენმ კი აცხადებდა, რომ მათი კარი ყველასთვის ღიაა, თუმცა „გამარჯვების პლატფორმის" ალიანსში მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელი" შევიდა.
ამავე დროს „ლელო" აპირებს, რომ თებერვალში ახალი კონფიგურაციით და სტრატეგიით წარსდეს, პარტიის ლიდერები ფიქრობენ, რომ მოოახერხებენ იმას, რომ არცევნების წინ პოლიტიკური ველი ორპოლუსიანი აღარ იყოს. ამავე დროს პარტია საქართველოსთვის" არავისთან ალიანსში ყოფნას არ აპირებს.