ნაზი ბერიძე
29.11.2023

მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, საბოლოო სიტყვა ევროპულ საბჭოზეა, რომელიც წევრი ქვეყნების ლიდერების ფორუმს წარმოადგენს. მან კონსენსუსით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თუ ერთი წევრი მაინც წინააღმდეგია, საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს. როგორც „ოცნებაში" აცხადებენ, ყველა ქვეყნის თანხმობა მიღებული აქვთ.

„რეზონანსის" კითხვაზე, შეიძლება თუ არა ვინმემ დეკემბერში საქართველო დაბლოკოს, პოლიტიკის ექსპერტების თქმით, თეორიულად ასეთი ქცევით მხოლოდ უნგრეთი გამოირჩევა. თუმცა ორბანის რიტორიკა საქართველოს მიმართ, ეჭვს არ ტოვებს, რომ უნგრეთი საქართველოს მწვანეს აუნთებს.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ საფრთხე მოდის მხოლოდ უნგრეთიდან, ისე გადაწყვეტილება შეთანხმებულია უკვე ყველა წევრ სახელმწიფოსთან.

„(რაიმე სიურპრიზი) ნაკლებ სავარაუდოა, ასე მგონია... ვფიქრობ, რომ ქვეყნებთან უკვე შეთანხმებულია ყველაფერი. ერთადერთი საფრთხე მოდის უნგრეთიდან, რომელიც ამბობს, რომ მთლიანად გაფართოების პაკეტს და ყველას დავბლოკავო, თუ არ გამომიყოფთ იმ თანხას, რომელზეც დაპირებული იყო ევროკავშირი დიდი ხნის წინ, მაგრამ შემდეგ შეუჩერა, რადგანაც უნგრეთმა მიიღო ისეთი კანონები, რომ დაირღვა კანონის უზენაესობა და უფლებები. და, აი, ახლა უნგრეთი ევაჭრება ამითი ევროკავშირს, რომ არ დაგიბლოკოთ ევროკავშირის გაფართოების პაკეტი საქართველოს ჩათვლით, მოგვეცით ჩვენი ფულიო. 10 მილიარდ ევროზეა საუბარი, ეს ყველა ქვეყანას გამოუყვეს სხვადასხვა რაოდენობით, როცა კოვიდმა დააზარალა მოსახლეობა", - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ უნგრეთი ძირითადად უკრაინას ედავება-ხოლმე და მისი რიტორიკაც კიევის წინააღმდეგაა კონკრეტულად მიმართული. სხვა მხრივ კი საქართველოს, ისე ჩანს, რომ არ ვყავს ღიად ოპონენტი სახელმწიფო ევროკავშირში.

„თეორიულად არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ვისაც აქვს ასეთი რაღაცა გულში პირდაპირ მაინც ვერ გაბედავს, უნდათ, რომ სხვა სახელმწიფოების მეშვეობით გაკეთდეს ეს. საუბრები არის, მაგრამ ამის განხორციელების ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ. საქართველოს მისცემენ კანდიდატის სტატუსს, მე მაინც მგონია, რომ გეოპოლიტიკური ხედვა, რაც არის ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით, ის გაიმარჯვებს.

„ჩვენ ასე კონკრეტული გადაკიდებული სახელმწიფო არ გვყავს, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი ჩვენ მიმართ ან პრეტენზიები ჰქონდეს. განსხვავებით უკრაინისგან, რომელსაც უნგრეთი ერჩის", - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

მიუხედავად ამისა, ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს სამუშაო ყველა წევრ სახელმწიფოსთან.

„ზოგადად გადაწყვეტილებას იღებს ყველა ქვეყანა ერთად. ის, რაც რუმინეთმა გააკეთა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია (რუმინეთმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი საქართველოს კანდიდატობას - რედ.), მთავარია, რომ ეს გაგრძელდეს, ვიმუშაოთ ყველა ქვეყანასთან რომ დანარჩენებმაც მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღონ. დღეისათვის ძნელია თქმა, გადაწყვეტილი ჯერჯერობით არ არის, ამიტომ არის სამუშაო და აუცილებელია, რომ ვიმუშაოთ ყველა წევრ სახელმწიფოსთან", - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×