ელზა პაპოშვილი
29.11.2023

ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე, ენმ პოლიტსაბჭოს გაფართოებას აანონსებს. სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი უნდა გახდეს საბჭოს შემადგენლობა. მოქმედი მენეჯმენტი მასთან დაპირისპირებულ ჯგუფებს სთავაზობს, ხელი მოაწერონ სააკაშვილის მანიფესტს.    

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ პარტიას ჰყავს ლეგიტიმური თავმჯდომარე, ამ პარტიაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური ძრავი არის მიხეილ სააკაშვილი და სწორედ ერთიანობის მანიფესტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ჩვენ ამ პროცესისთვის ვაღებთ კარს ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც აპირებს ბრძოლას. ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ცხადია, ამას ჰყავს მოწინააღმდეგეები. ამ პარტიას ჰყავს ლეგიტიმური თავმჯდომარე, ამ პარტიაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ნიკა მელია არ წარმოადგენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას. თუ ვინმეს უნდა სტატუსი, შეუძლია კანცელარიას მიმართოს, რომ გაარკვიოს, რა სტატუსი აქვს,“ - აცხადებს ლაშა ფარულავა.

ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის წევრი დავით ხაჯიშვილი აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში 2025 წლამდე არავითარი არჩევნები არ ჩატარდება. 

„პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ნიკა მელია აღარ არის პარტიის წევრი და ეს საკითხი ჩახურულია. 2025 წლამდე არავითარი არჩევნები არ ჩატარდება ნაციონალურ მოძრაობაში. პოლიტსაბჭო გაფართოვდება. პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ თქვენ ნახავთ, თუ ვინ შეუერთდება ამ პოლიტსაბჭოს, რამდენი ადამიანით გაფართოვდება პოლიტსაბჭო და ის განცხადება, თხოვნა, რომელიც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, შესრულდება აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ვიზიარებთ თავიდან ბოლომდე,“ - ამბობს დავით ხაჯიშვილი.    

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობაში მძიმე მდგომარეობაა და პარტიაში არსებული დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდება. 

„მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს „ნაცმოძრაობაში“. გრძელდება დაპირისპირება. აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუმცა მელიამ ხაბეიშვილსა და კეზერაშვილს აუმხედრა, თუ არ ვცდები, რვა პარტიული ორგანიზაცია. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით და ალბათ კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს არის სისუსტის ნიშანი, ნაციონალური მოძრაობა ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.  

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“  ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა რა ქმედებაც ტელეკომპანია „ფორმულაზე“ განახორციელა, ეს პირდაპირ დავით კეზერაშვილის დავალების გახმოვანება იყო. აჩვენა, რომ პარტია, რომელიც დეკლარილებულად პროევროპულად ითვლება, არადეკლარილებულად არის მისი სპონსორის, ძებნილი კეზერაშვილის ჯიბის ორგანიზაცია. 

„სად გაგონილა პარტიის ლიდერი რაღაცა ქაღალდის ნაგლეჯით პარტიიდან მის ყოფილ თავმჯდომარეს რიცხავდეს?! იბადება შეკითხვა, სად არის აქ პარტული წესდება, სტრუქტურა, ორგანიზაცია. ეს არის ევოპული დამოკრატია? რისი ვითომ დამკვიდრებაც ნაციონალურ მოძრაობას სურს? ეს არის ფარსი და უპირველეს ყოვლისა ნაციონალური მოძრაობის შეურაცხყოფა. თუ სურთ მელიას გარიცხვა, ამას შესაბამისი პროცედურები აქვს. თუმცა სააკაშვილი - კეზერაშვილის პირობებში ენმ-ი კიდევ უფორ დაჭკნა და მისი  პოლიტიკური ვარდები ყიველ დღიურად ჭკნება.  

რასაკვირველია, ეს სატელევიზიო პერფომანსი კიდევ უფრო გაამწვავებს ნაციონალებში სიტუაციას. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ხდება არჩევნებამდე 11 თვით ადრე. იმის მაგივრად პარტია ემზადებოდეს, რომ გაძლიერებული შეხვდეს, ნამსხვრევებად იშლება, და ამას ხელს უწყობს ის ადამიანი, რომელსაც დავით კეზერაშვილი ეწოდება. მას არანაირი განათლება, პოლიტიკური ალღო არ გააჩნია. მისი ერთადერთი იარაღი ფინანსებია და ჰგონია, რომ საკუთარი პროპაგანდისტური ტელევიზიითა და ენჯეობით საწადელს მიაღწევს. ენმ ასეთ მდგომარეობაში კიდევ უფრო  დაქუცმაცდება და ჩამოიშლება“, - ამბობს აბაშიძე.      

მისივე თქმით, საარჩევნო შედეგების თვალსაზრისით პარტია უკვე დაზიანებულია და კიდევ უფრო დაზიანდება. აბაშიძის აზრით, მელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ალბათ ამას უახლოვესი მომავალი გვაჩვენებს - დამოუკიდებელ პარტიულ სტრუქტურას შექმნის თუ „ლელოს“ და გახარიას პარტიას „შეეტენება“. 

„ახალი პარტიის შექმნას უდიდესი ფინანსური რესურსები ესაჭიროება, რაც დიდი  ალბათობით ნიკა მელიას და მის გარემოცვას არ გააჩნია. შესაბამისად, იმ გრავიტაციის ველისკენ უნდა წავიდნენ, სადაც არის ფინანსები. ასეთები კი, რასაკვირველია,  ხაზარაძე-ჯაფარიძის კლანია. ვიცით, რომ პარტიული ბლოკები დაუშვებელია და მხოლოდ პარტიები ასპარეზობენ. თუმცა ნაციონალურ მოძრაობას რომ ამომრჩეველი მოაკლდება, ფაქტია. პარტიაში პრაგმატულმა პოლიტიკოსებმა უნდა გაათვიცნობიერონ, რომ კეზერაშვილი-სააკაშვილის პარტიას მომავალი არა აქვს. ამიტომ თვითონ ინდივიდუალურად საკუთარი თავის უფრო  წარმოჩენაზე იბრძოლონ და არა სააკაშვილის მესიჯების თუთიყუშებივით გამეორებაზე“, - ამბობს აბაშიძე.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×