ნაზი ბერიძე
30.11.2023

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს პრაქტიკულად ღიად აცხადებს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას სურს. ენმ-ში მწვავე კრიზისის მოგვარების მცდელობისას მან პარტია საკუთარი თავი პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელადაც შესთავაზა. გარდა ამისა, „ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სააკაშვილი იყოს. თუმცა, ამ ყველაფერში ექსპრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის არქონა უშლის ხელს.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა მოითხოვოს. ან, არც ისაა გამორიცხული, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას გამონაკლისის სახით ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭოს. „რეზონანსთან" საუბარში ისინი აცხადებენ, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით სააკაშვილი უკვე აქტიურად მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში. მოქალაქეობა კი მას ხელ-ფეხს გაუხსნის.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სააკაშვილს, მისი ბოლო აქტივობიდან გამომდინარე, მყარად აქვს გადაწყვეტილი, კიდევ ერთხელ სცადოს ბედი ქართულ პოლიტიკაში.

„სააკაშვილი ფაქტობრივად პოლიტიკაში არის ჩართული, მაგრამ რადგანაც ის არის უკრაინის მოქალაქე, შესაბამისად, იფიციალურად მას პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება არ აქვს, მით უმეტეს არჩევნებში მონაწილეობის. შესაბამისად, იმისათვის, რომ მას მიეცეს ამის საშუალება და უფლება, მან უნდა დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. როგორ მოხდება ეს და მოხდება თუ არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილმა მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობა, რადგანაც მან, მისი ბოლო ქმედებებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, მყარად გადაწყვიტა სცადოს ბედი ქართულ პოლიტიკაში. შესაბამისად, რომ მიეცეს ამის ლეგალური ბერკეტები, პირველ რიგში საჭიროა საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნოს. შეიძლება თვითონ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მიმართონ ზურაბიშვილს, რომ იმისათვის, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი აღდგეს, საჭიროა სააკაშვილი მონაწილეობდეს ქართულ პოლიტიკაში", -განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს რომ სააკაშვილს პოლიტიკაში ოფიციალურად მონაწილეობის უფლება არ გააჩნია, ხოლო ირიბად ჩართულია და არავინ უშლის. მოქალაქეობას ან მიანიჭებს ხელისუფლება ან არა ინტერესებიდან გამომდინარე.

„სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. ეს არის დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომ თუ ის საქართველოს მოქალაქე არ არის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მისი პირდაპირი ჩართვა არ გამოვა პროცესში,

„არ მგონია „ქართულმა ოცნებამ" მისცეს მას საშუალება, რომ ოფიციალურად ჩაერთოს პოლიტიკაში. ირიბად კი უკვე ჩართულია.

„რამდენიც არ უნდა მოითხოვოს სააკაშვილმა მოქალაქეობა, ასე მარტივი არ არის. გარკვეულ პროცედურის გავლაა საჭირო და გადაწყვეტილება ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ხელისუფლებას შეუძლია გააკეთოს, ან არ გააკეთოს. რა თქმა უნდა, თუ ხელისუფლებას არ აწყობს, არ მისცემს ამ მოქალაქეობას და დასრულდება ასე", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ „ხალხის ძალაში" მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკური გეგმები ქვს. ამის შესახებ „ხალხის ძალის" წარმომადგენელმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა. მისი პროგნოზით, შესაძლოა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სააკაშვილს გამონაკლისის სახით მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა.

„ჩემთვის, ზურაბიშვილმა მისი რაღაც უაზრო ლოგიკით, შეიძლება ამ „არა და არასდროს" ფრაზას არ გადააბიჯოს და წითელ ხაზად დაიტოვოს თავის შრომით ბიოგრაფიაში, მაგრამ შეიძლება გამონაკლისის სახით სააკაშვილს მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა, დე-იურედ შემოუშვას ის ქართულ პოლიტიკაში და ამ ფორმით მიაღებინოს მონაწილეობა 2024 წლის არჩევნებში, როგორც ოფიციალურად მის მიერ შექმნილი პარტიის ლიდერს.

„ფაქტია, ნაცსექტის წარმომადგენლები გაურბიან ელემენტარულ კონსტიტუციურ მოცემულობას და თითქოს ვერ ხედავენ სააკაშვილში უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ამბობენ, რომ პარტია მისია და ამ დროს ვერ ხედავენ, რომ არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა კონსტიტუციითაა აკრძალული. მეტიც, პერიოდულად ასახელებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, თითქოს არ იცოდნენ, რომ ეს არ შეიძლება. შეიძლება „არა და არასდროს" დარჩეს მოცემულობად, მაგრამ ამ ქალბატონმა მოუხსნას სააკაშვილს ამ კუთხით უხერხულობის დაძლევის შესაძლებლობა - დაუბრუნოს მას საქართველოს მოქალაქეობა, გამონაკლისის სახით აქვს პრეზიდენტს ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ თურმე ქართული სახელმწიფოს მშენებელი და დემოკრატიის შუქურა ყოფილა ეს კაცი," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ამგვარი სცენარი გამორიცხული არ არის.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქმედებების გათვლა შეუძლებელია და პროგნოზირებას არ ექვემდებარება", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ეს არც ისე მარტივი იქნება.

„მეეჭვება რომ ზურაბიშვილმა მიანიჭოს მას მოქალაქეობა. არის პროცედურა და ეს პროცედურა ითვალისწინებს გარკვეულ შერჩევითობას. არის კომისია, რომელიც იუსტიციის სამინისტროსგან იღებს რეკომენდაციას", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×