ელზა პაპოშვილი
30.11.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება - პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილების მიუხედავად, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მისი გადადგომის მოთხოვნას მარნეულისა და კახეთის რაიონული ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. ხაბეიშვილის მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია უშედეგოდ დასრულდება. არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ენმ-ში ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და ვინ შეიძლება ხაბეიშვილის შემცვლელად მოიაზრებოდეს?

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით კეზერაშვილი და მერაბიშვილი ამ ე.წ. აჯანყების ჩაცხრობასა და თანამდებობაზე ხაბეიშვილის დატოვებას მაქსიმალურად შეეცდებიან. მათი აზრით, ახალი არჩევნები პარტიის ელექტორატში დიდ უნდობლობას გამოიწვევს და შესაძლოა ამას ენმ-ის სრული პოლიტიკური კრახი მოჰყვეს. მეორეს მხრივ კი, რთულია ისეთი კანდიდატის მოძებნა, რომელიც ორივე ფლანგისთვის მისაღები იქნება. მათი აზრით, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მელიას მხარდამჭერების ზეწოლა რამდენ ხანს და რა ხარისხით გაგრძელდება. 

ვინ ითხოვს ხაბეიშვილის გადადგომას

მარნეულის, სიღნაღის, თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციის წევრები პარტიის დაშლამდე მიყვანაზე პასუხისმგებლობას მოქმედ ხელმძღვანელობას აკისრებენ და ხაბეიშვილის გადადგომასთან ერთად, ყრილობის მოწვევასა და ახალი მმართველი ორგანოს არჩევას ითხოვენ.

ხაბეიშვილი გადადგომას ასევე ითხოვს ენმ-ის რამდენიმე ცნობადი სახე. ამ მხრივ საინტერესოა გიორგი მუმლაძის განცხადება, რომელიც თავის დროზე ნიკა მელიასთან იყო დაპირისპირებული და თავმჯდომარის ბოლო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენა, დამარცხების შემდეგ კი ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა. დღეს მუმლაძე ამბობს, რომ პარტიის მოქმედმა ხელმძღვანელობამ ვერ გაამართლა მოლოდინი, ვერ შეასრულა დაპირება და პირიქით, თავმჯდომარის რიტორიკა უფრო ხლეჩს პარტიას. ამიტომაც მიაჩნია, რომ ხაბეიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს. 

ენმ-ის კიდევ ერთი წევრი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე კი სოციალურ ქსელში წერს, რომ „შულავერის კომიტეტია გასარეკი და არა პარტიის ერთგული მებრძოლები“. ასევე აღნიშნავს, რომ ამისთვის ხაბეიშვილმა უნდა აღიაროს, რომ ვერ გაართვა თავი პარტიის ხელმძღვანელობას და გადადგეს. არველაძის აზრით, „პარტიის მესაჭედ უნდა მოვიდეს საყოველთაოდ მაკონსოლიდირებელი, საზოგადოებრივი ფიგურა, ვისაც ექნება საზოგადოების მაღალი ნდობა".  

აღსანიშნავია, რომ ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელმა უკვე მიანიშნა, რომ ასეთ „საზოგადოებრივ ფიგურად“, რომელსაც ორივე დაპირისპირებულ მხარესთან შეეძლება თანამშრომლობა, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია მიაჩნია. თუმცა, თავად გვარამიამ ეს შესაძლებლობა უარყო.

„რამდენიმე ადამიანმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ჩემი დანიშვნის შესახებ. საჯაროდვე მინდა დავაფიქსირო, რომ არც ერთი ეს განცხადება არ გამოხატავს ჩემს პოზიციას. „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც ვაპირებ, მქონდეს. მინდა, ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ კონტექსტში ჩემი სახელის გამოყენებისგან, რადგან ეს არც რეალობასთანაა ახლოს და აღრმავებს ისედაც უმძიმეს დაძაბულობას, ასევე დამაზიანებელია პირადად ჩემთვის. იმედია, მეტად აღარ მომიწევს ამ საკითხზე ჩემი პოზიციის გამოხატვა“, - წერს „ფეისბუქში“ ნიკა გვარამია.

„მელია რეგიონებში შემთხვევით არ დადიოდა...“ 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება თავად ენმ-სათვის იქნება ნეგატიური შედეგების მომტანი.

„თუკი ენმ-ში კიდევ ერთი არჩევნები დაინიშნება, ეს პირველ რიგში მათი პარტიის ამომრჩეველზე იმოქმედებს ურყოფითად, დააფრთხობს ელექტორატს და პარტიის მიმართ კიდევ უფრო დიდ უნდობლობას გამოიწვევს. ისინი პარტიაში რაღაც მაკონსოლიდირებელ ძალას ხედავენ, ხოლო როცა პარტიაში ასეთი პროცესები ხდება, ეს ენმ-ის ამომრჩეველს დააკარგვინებს. 

„პარტიაში თუკი საღი აზრი შერჩათ, მაშინ კიდევ ერთი არჩევნები აღარ უნდა ჩაატარონ. შესაძლოა ხაბეიშვილი პარტიაშიც ბევრს არ მოსწონდეს, რადგან მას იმპულსური მოქმედებები და ხშირად არაადეკვატური გამოხტომებიც აქვს, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ ახალი მენეჯმენტი მაინც შეეცდება, რომ ის ბოლომდე შეინარჩუნოს.

„თუ, დავუშვათ, ზეწოლა გაძლიერდა და რეგიონალური ორგანიზაციებიდან ეს ყველაფერი არ გაჩერდა, მაშინ რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. ნიკა მელიას კონტრსვლა სწორედ ეს არის - მას რეგიონებში, პარტიის ბირთვშიც და ელექტორატშიც მხარდამჭერები ჰყავს. ის რეგიონებში შემთხვვეით არ დადიოდა და ხალხს ტყუილად არ ხვდებოდა. ამ შეხვედრების და მათთან საუბრის შედეგია, საიდანაც ლევან ხაბეიშვილის გადაყენების მოთხოვნა წამოვიდა“, - ამბობს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება ახალი თვმჯდომარის შესაძლო კანდიდატურას, ანჯაფარიძე ამბობს, რომ ალბათ ასეთ ფიგურად ნიკა გვარამიას უფრო მოიაზრებენ, რომელიც პარტიაში ორივე დაპირისპირებული მხარისთვის წესით მისაღები უნდა იყოს. თუმცა გვარამიას, დიდი ალბათობით, ამ გაუგებრობაში გარევა არ სურს.  

„მე წავიკითხე გიორგი არველაძის შეკვეთილი სტატუსი, რომელიც მოუწოდებდა „ნაცმოძრაობას“, რომ მომავალ ლიდერად ხაბეიშვილის მაგივრად საზოგადოებრივი ფიგურა შეერჩიათ. ამ საზოგადოებრივ ფიგურაში გასაგებია, რომ ერთ-ერთ ვარიანტად ნიკა გვარამიაც მოიაზრება. როგორც ჩანს,  გვარამიას არ სურს, რადგან ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც თავად გვარამია ვერსად გაექცევიან საკუთარ მძიმე წარსულს. შესაბამისად, ვინც არ უნდა მოიყვანონ ენმ-ის თავმჯდომარედ, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების უმრავლესობის თვალში მაინც არ შეიცვლება.

„არანაირი  მნიშვნელობა არა აქვს მას სათავეში პერსონალურად ვინ ჩაუდგება. ის ავტომატურად გაიზიარებს პასუხისმგებლობას ყველაფერ იმაზე, რაც ენმ-ს არსებობის განმავლობაში ჩაუდენია. ამიტომ ფიგურების ცვლას მნიშვნელობა არ აქვს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

იქნება თუ არა ახალი არჩევნები

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ თუ სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა და რეგიონებში დაწყებული „ამბოხი“ გაგრძელდა, მაშინ, დიდი ალბათობით, ხაბეიშვილის გადაყენება მოუწევთ. თუმცა, ვინ იქნება ორივე მხარისათვის მისაღები კანდიდატი, რთული სათქმელია. ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ნიკა გვარამია იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური ფიგურა, თუმცა, როგორც ჩანს,  მას ახალ მენეჯმენტთან თანამშრომლობა არ სურს. 

„ენმ-ში სიტუაცია იმდენად უკონტროლო გახდა, რომ გასაგებია გვარამიას პოზიციაც, მას არ სურს ამ გაუგებრობაში მონაწილეობა. დიდი ალბათობით, ლევან ხაბეიშვილმა დავით კეზერაშვილის დავალება შეასრულა და ის დადგმული სცენა, რომელიც „ფორმულას“ ეთერში გაითამაშეს, უკან ცუდად მათვე დაუბრუნდათ. ფაქტია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამ ყველაფერს მხარი აუბა და მის მიერ გამოქვეყნებული მანიფესტი ფუჭი გასროლა იყო. 

„კეზერაშვილსა და მერაბიშვილს მელიას თავიდან მოშორება ეჩქარებათ, რადგან 2024 წლის საარჩევნო სიაა დასაწერი და იქ მელიასა და მისი მხარდამჭერების ადგილი სულაც არ არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ე.წ. ამბოხს ჩააცხრობენ და საბოლოო ჯამში პარტიას სრულად დაეპატრონებიან. 

„არ ვიცი, სავარაუდოდ კანდიდატები ვინ შეიძლება იყოს. უფრო მგონია, რომ ახლა ხაბეიშვილის შეცვლა პოლიტიკურად კიდევ უფრო დიდი კრახი იქნება. არც ვფიქრობ, რომ მისი შეცვლა უნდათ. ის არის ძალიან კარგი ფიგურა, რომელსაც რასაც ეტყვიან იმას გააკეთებინებენ. ადამიანს, რომელმაც პირდაპირ ეთერში ჟურნალისტების მიერ დაწერილ კონსპექტზე ხელი მოაწერა და ასე გარიცხა ყოფილი თავმჯდომარე, რა შეიძლება მოეკითხოს?! ამიტომ რთულია წინასწარ მოვლენების განსაზღვრა. მე მაინც არ ველი, რომ არჩევნები დაინიშნება“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×