ელზა პაპოშვილი
09.07.2024

ოპოზიციურ ფალნგზე დაანონსებული დიდი ერთობა ამ ეტაპე ვერ შედგა. როგორც ცნობილი ხდება, "ლელოსა" და პარტია "ახალის" გაერთიანება ვერ მოხერხდა. 4 პარტიის დაგეგმილ ერთობაზე განცხადება ცოტა ხნის წინ, "ახალის" ოფისში გაკეთდა, სადაც თქვეს, რომ გვარამია-მელიას პარტიას, "დროა" და "გირჩი მეტი თავისუფლება" შეუერთდება. "ლელოსთან" დაკავშირებით კი, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.  

8 ივლისს კი „ნაციოანლურმა მოძრაობამ“ "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" -  ახალი პლატფრომა წარადგინა. პოლიტიკურ პლატფორმას, რომლის პრეზენტაციაც  გაიმართა,  „ერთიანობის“ საარჩევნო ნომერი - 5 იქნება.  

პლატფორმის წევრები  პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააცნო შეკრებილებს: გია ჯაფარიძე - პოლიტოლოგი, თამარ კორძაია - დამოუკიდებელი დეპუტატი, სოფო ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, ლაშა ბაქრაძე - ლიტერატურათმცოდნე, არმაზ ახვლედიანი - დამოუკიდებელი დეპუტატი, გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი - ენმ-ის წევრი.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ახლა არა დანაწევრების, არამედ ერთიანობის დროა.

ახალი ალიანსი "ლელოს" გარეშე - სალომე სამადაშვილი "ახალის", "დროას" და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერებს წარმატებებს უსრვებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ მისი პარტიისთვის მნივნალოვანია საზოგადოებას "რეალური სიახლე" შესთავაზონ. დეპუტატის თქმით, "ახალი არ ნიშნავს კარგად დავიწყებულ ძველს".

„ჩვენ, ყველა ერთად,  აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას ქართველი ხალხისთვის. ლელოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ერთი საკითხი - კონფიგურაცია, რომელიც შედგება, იყოს რეალური სიახლის შეთავაზება ქართველი ხალხისთვის, იმიტომ რომ ამას ელოდება ხალხი. ჩვენ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა, პარტიებთან, რომლებიც დღეს გაერთიანდნენ, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ მომავალში სხვებთან ერთად  მათთანაც გავაგრძელოთ საუბარი, იმიტომ რომ "ლელოს" ერთადერთი ამოცანა, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაა და ჩვენი კარი რჩება ღია კონსულტაციებისთვის.

მსგავსი რეფერენდუმის პირობებში "ლელოსთვის" რომ მნიშვნელოვანი იყოს ისეთი საკითხები, როგორიცაა კაბინეტის, პოსტების განაწილება, დამეთანხმებით რომ ძალიან უცნაური იქნებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ქარტიის ხელმომწერია ჩვენი პარტია"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.  

პარტიების - "ახალი", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" არჩევნებში ერთობლივად მონაწილეობის გადაწყვეტილებას, უმრავლესობაში ეხმაურებიან. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა სამივე პარტიის ერთობლიობას, "ლუზერების გაერთიანებას" უწოდებს.

"ლელომ" გაიაზრა, რომ ისედაც ნაცებს მეძახიანო და ახლა თქვეს, რომ გადავრჩეთო, ცალკე გავიდეთო. არ გამორიცხოთ, გახარიასთან გაერთიანდნენ. ხომ გახსოვთ, ერთმანეთს როგორ ებრძოდნენ? ერთი პერიოდი, იქნებ ერთობლივად გავიდეთო. რა მარაზმთან გვაქვს საქმე. მორალის გარეშე დარჩენილი პარტიებია. სამივე არის ლუზერების გაერთიანება და სამივეს აქვს ნული მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების მხრიდან, ხოლო მარგინალური ჯგუფებიდან, პატრონებიდან, იქნება ალბათ დაფინანსებაც და შესაბამისი მხარდაჭერაც," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე  „რეზონანსთან“ ამბობს, რომ არსებობდა მოლოდინი,  დაანონსებული ერთიანობა არ შედგებოდა, რადგან ამის არანაირი კონტურები არ იკვეთებოდა. საყვარელიძე ამბობს, რომ ეს არის ილუზიური ვითომ გაერთიანება, რომლითაც ამომრჩევლის მოტყუება გაუჭირდებათ. 

„რაც მოხდა გუშინ და დღეს, არაფერი ახალი არ არის. ორად გაყოფილი ნაციონალური მოძრაობაა, რომელიც ორ ჯგუფად იქნება არჩევნებში წარდგენილი. ამაში ახალი და სიახლე რა არის? ისევ იგივე ამომრჩეველი ჰყავთ, რაც ჰყავდათ აქამდე. უბრალოდ დედა „ნაციონალურ მოძრაობას“ გვარამი-მელიას პლათფორმა თავის „გირჩით“ და „დროათი“ რაღაცა პროცენტებს წაართმევს. ეს არ არის ის დიდი გადაჯგუფება და მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც ე.წ. ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი ელის.

„ესენი ამ ხალხს ვერ მიიმხრობენ. ისევ დავა სააკაშვილის ელექტორატზე ექნებათ და ეგ იქნება. ენმ-ში ვინ არის ახალი? ვინ უნდა მიიზიდოს ე.წ ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი. მე მგონია, რომ ამით თავს იტყუებენ და სააკაშვილსაც ატყუებენ, აი რაღაცა გაერთიანება შევქმენითო. სადღაც 5 კაცი დაიმატეს, რომელთაც 1%-ი არა აქვთ საზოგადოებაში რეიტინგი. ამ ხალხს თავად სჭირდება მიწოლა და ნაციონალებს რა უნდა შემატონ? ამიტომ ეს არის პოლიტიკური ილუზია, ვის ატყუებენ ამით არ ვიცი“,-ამბობს საყვარელიძე. 

მისივე თქმით, ოპოზიციურ ფალნგზე, რაც უფრო დროში გაიწელება გადაჯგუფება, ეს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ახლა ყველაზე მეტად ეს „ოცნებას“ აწყობს. 

„საერთოდ დრო, მგონია, ოპოზიციას უკვე ამოეწურა. ამიტომ რაც უფრო დააგვიანდებათ, ეს ხელსაყრელი მით უფრო „ოცნებისთვი“ იქნება. ძალიან რთულია ახლა რა მოცემულობაც გვაქვს, ვთქვათ, რომ ამ ფორმით ოპოზიცია 5%-იან ბარიერს გადალახავს. მხოლოდ ორ პარტიას აქვს ამის შანსი, ენმ-ს და „ოცნებას“. დანარჩენებს ყველა კვლევის მიხედვით ამის არანაირი  შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ამიტომ ვნახოთ, დაველოდოთ, რა სხვა ახალი კონფიგურაცია შეიძლება გამოჩნდეს“, - ამბობს საყვარელიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×