თამთა ჩაჩანიძე
10.07.2024

ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტი კვლავ მიმდინარეობს, საქართვლო წარმოდგენილია დელეგაციით საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით და როგორც უწყება აღნიშნავს, დელეგაციამ უკვე მიიღო მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიღებაში. შეხვედრა შედგა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან. 10 ივლისს კი ჩანიშნულია როგორც პირისპირ შეხვედრები კოლეგებთან, ისე სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის სახელით ოფიციალური ვახშამი, რომელზეც დარჩიაშვილიცაა მიწვეული.

ვაშინგტონში ნატოს სამიტთან დაკავშირებით, ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძის კომენტარი ვრცელდება, სადაც საუბრობს იმაზე, თუ სად და რა ფორმით მიიღო მინისტრმა მონაწილეობა და რა შეხვედრები გამართა, დასკვნის სახით კი დოლიძე ამბოს, რომ „საქართველო რჩება ნატო-ს ყველაზე ახლო პარტნიორად და ღირებულ საყრდენად როგორც რეგიონში, ასევე ევროატლანტიკური თვალსაზრისით და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება".

ოპოზცია მიიჩნევს, რომ საქართველოს საკითხი, ვაშინგტონში ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტზე უაღლეს დონეზე არაა წარმოდგენილი და ყველა განცხადება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ ვრჩებით პარტნიორებად, „მხოლოდ განცხადებად რჩება", ამ მოსაზრებას იზიარებს ანალიტიკოსების ნაწილი, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ ურთიერთობები კვლავ ჩვეულებრივ კალაპოტშია და უკუსვლა არ შეინიშნება.

სიუბილეო სამიტის მთავარი საკითხებია - უკრაინა-რუსეთის ომი, უკრაინის დახმარება, საფრთხის შეკავება და თავდაცვა და ევროპასთან პარტნიორობის გარღმავება. სამიტს 40-ზე მეტი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები.

შეფასებები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოში საქართველოს ელჩის ვიქტორ დოლიძის კომენტარს აქვეყნებს.

„ზოგადად, ამგვარი მასშტაბური შეხვედრების გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ბუნებრივია. ჩვენ არასდროს არ ვკარგავთ ხოლმე ამგვარ შესაძლებლობებს. თქვენ იცით, რომ საქართველო სამიტებზე დღის წესრიგში ყოველთვის დგას მაღალ დონეზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შესაძლებლობაც არ გავუშვით ხელიდან. მინისტრს ჰქონდა საშუალება, რომ შეხვედროდა თავის კოლეგებს, ნატოელ მინისტრებს, ისევე როგორც ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის უმაღლესი დონის წარმომადგენლებს.

„გუშინ გვქონდა შეხვედრა ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ჩვენს რეგიონში, ხავიერ კოლომინასთან, სადაც ვისაუბრეთ ყველა თემაზე, მათ შორის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, ამ შესაძლებლობების გამოყენებაზე, საქართველოს ე.წ SNGP- ის განვითარებაზე, რომელიც საქართველოზე მორგებული პროგრამაა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით მომავალ ნაბიჯებზე ვისაუბრეთ, ისევე რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკურ კონტექსტზე და ჩვენი მომავალი წევრობის თვალსაზრისითაც გვქონდა განხილული სხვადასხვა თემები.

„საქართველო არის და რჩება ნატო-ს ფუნდამენტურ პარტნიორად, ყველაზე ახლო პარტნიორად და ღირებულ საყრდენად როგორც რეგიონში, ასევე ევროატლანტიკური თვალსაზრისით. ეს როგორც ნატო-მ, ასევე ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით და ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ელჩის თქმით, წლევანდელი ვაშინგტონის საიუბილეო სამიტის უმთავრეს საკითხებს შორის არის: რუსეთისგან მომდინარე საფრთხე, ნატო-ს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, უკრაინის მაქსიმალური დახმარება და გლობალური პარტნიორობის თვალსაზრისით ურთიერთობების გაუმჯობესება.

„საქართველოს და მინისტრს ეძლევა საშუალება, რომ პარტნიორებთან, კოლეგებთან განიხილოს ისეთი თემები, როგორიც არის მათ შორის საქართველოს ჩართულობა საერთო ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ფარგლებში და ჩვენი როლი ძალიან დიდია და კონტრიბუცია და წვლილი არის ძალიან დიდი, მათ შორის ის მსხვერპლი, რომელიც ქვეყანამ გაიღო.

„ამას ყველა ერთმნიშვნელოვნად აფასებს ბუნებრივია, თუმცა ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ მხარდაჭერას ნატო-სთვის და მოკავშირეებისთვის ამ მიმართულებით და ამავე დროს, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერებას, რასთან დაკავშირებითაც როგორც მოკავშირეებში, ასევე საქართველოში ვფიქრობ, ორი აზრი არ არსებობს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დოლიძის თქმით, დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მართავს მასშტაბურ სადილს, სადაც მიწვეული იქნებიან პრაქტიკულად ყველა რეგიონის პარტნიორები და ილია დარჩიაშვილს ექნება შესაძლებლობა, გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით ისაუბროს კოლეგებთან.

„ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება დასავლეთს აშორებს ქვეყანას და რუსეთთან პირისპირ ტოვებს. მისი თქმით, სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან დამძიმებული და გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხი არ იქნებოდა დღის წესრიგში.

„ყველა განცხადება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ ვრჩებით პარტნიორებად, მხოლოდ განცხადებად რჩება. რეალობა სხვაა. ჩვენ, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკისა და ნაბიჯების გამო, ვშორდებით დასავლეთს და მხოლოდ რუსეთთან პირისპირ დარჩენის პერსპექტივა გვაქვს, რაც ჩვენთვის ყველაზე მძიმეა", - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

როგორ გაგრძელდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, მოსალოდნელია რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა ძველებურად ვეღარ გაგრძელდეს, მთავარია სამიტის საბოლოო კომუნიკეში რა აისახება საქართველოს საკითხზე.

„იქ, სადაც ევროკავშირმა სამხედრო დახმარება და აშშ-მა „ღირსეული პარტნიორი" შეაჩერა, ამის გათვალისწინებით, ნატოს ხელმძღვანელობას რეალურად საკმაოდ მკაცრი საუბარი ექნება. ალბათ სამიტის საბოლოო კომუნიკეში ეს ყველაფერი დაფიქსირდება, რომ საქართველომ დემოკრატიულ ღირებულებებს გადაუხვია და არ გამოვრიცხავ, რომ როგორც ევროკავშირმა საქართველოს ინტეგრაცია შეაჩერა, ასევე შეაჩერონ ნატოში სვლაც.

„როცა ნატოს სამიტზე, არა ალიანსის გენმდივანს, არამედ მის წარმომადგენელს ხავიერ კოლომინას ხვდები, დიპლომატიურ ენაზე ეს მაინცდამაინც კარგი ნიშანი არაა. შიგნით სიტუაცია საკმაოდ მკაცრია და ყველაზე მთავარია რა ეწერება კომუნიკეში.

„ისიც საინტერესო მომენტია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება ვაშინგტონში და ჩვენი უწყების ხელმძღვანლს არა, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ბლინკენთან სადილზე დაპატიჟება ეს არაფერს ნიშნავს, ოფიციალური პროტოკოლური შეხვედრებია და ჩვენი წარმომადგენელიც მიწვეული იქნებოდა თვისთავად.

„დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ვიქტორ დოლიძეც ვერ იტყვიან, რომ შენიშვნები მოგვცესო და მათგან ეს საუბრები უკვე ნაკლებადმნიშვნელოვანია, მთავარია საბოლოოდ რას იტყვიან ალიანსის წარმომადგენლები და რა დაფიქსირდება დოკუმენტში", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნატოსთან მიმართებაში რევოლუციური წინსვლა, ან უკუსვლა საქართველოს არ აქვს, მისი თქმით, ყველაფერი ჩვეულ კალაპოტშია.

„აქ რევოლუციური წინსვლა, ან მითუმეტეს უკუსვლა არ იქნება. პერტნიორობა მრავალმხრივი მიმართულებით ჩვეულებრივად გაგრძელდება, რაც გულისხმობს პოლიტიკურ დიალოგს, სამხედრო მხარდაჭერას არალეტალურ იარაღზე და რა თქმა უნდა, ტრეინინგ ცენტრი, რომელიც ვაზიანის ტერიტორიაზე არსებობს, გაგრძელდება.

„ყველაფერი ჩვეულებრივ კალაპოტშია, ოღონდ აქ ერთი დისონანსური მონმენტი ისაა, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაში ძალიან დიდი ნაპრალი გაჩნდა, მე ამას უფრო დროებით გაუგებრობას დავარქმევდი.

„რა გადაწყვეტილებაც მიიღო პენტაგონმა წვრთნების გადადებაზე და ვეროკავშირმა ჩვენი თავდაცვითი ძალების ტრეინინგის ნაცვლად, ენჯეო სექტორში ფულის გადასროლაზე, ეს აბსოლუტურად უგუნური და ირაციონალურია, რასაც გამართლება არ აქვს. გადაწყვეტილებების მიმღებნი ადრე თუ გვიან თავად მიხვდებიან, რომ მრავალწლიან სანდო და საიმედო პარტნიორ საქართველოსთან ურთიერთიბის გაფუჭებისთვის არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს.

„ნატოს სამიტი უფრო ორიენტირებულია მთავარ გლობალურ საკითხებზე, რასაც ჰქვია უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება. იმ მომენტის გათვალისწინებით, რომ ეს ომი ადრე თუ გვიან უნდა დამთავრდეს, ვინ იქნება შუამავალი, ეს კიდევ სხვა საკითხია. იქ არის კიდევ გლობალური გამოწვევები ნატოსთვის, რამდენად მზად არის ის გაუძლოს ახალ გამოწვევებს და რამდენად მზადაა აზიასა თუ წყნარ ოკეანეში შეჯიბრითობა ჰქონდეს ჩინეთთან და ა.შ.

„გაუგებრობები თავად ალიანსშიცაა წევრ ქვეყნებს შორის, შემოდგომიდან უკვე ახალი გემნდივანი მარკ რუტე ეყოლებათ, რომელიც ძალიან ცნობილია თავისი შუამავლურ- მშვიდობისმყოფელური მისიით. მრავალი წლის განმავლობაში ნიდერლენდების პრემიერი იყო და მას ახასიათებს ბლოკის ცალკეულ ქვეყნებთან გაუგებრობების მოგვარება.

„გაუგებრობას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის არსებული გაუგებრობა ნამდვილად არაა გასაკვირი. თავად ევროკავშირსა და ნატოს წვერებს შორის, უფრო ხშირი გაუგებრობებია, რომელიც შემდეგ განიმუხტება ხოლმე, რაც ჯანსაღი პროცესია და მასში არაფერი ტრაგიკული არაა, როგორც ამას საქართველოში რევანშისტული ძალები წარმოაჩენენ ხოლმე.

„საქართველო-ნატოს ურთიერთიბა რა საკვირველია გრძელდება, უფრო ფართო ჰორიზონტებსაც დაიპყრობს, მაგრამ, ეს პროცესი საკმაოდ ნელია და არაა ისეთი ხელშესახები, როგორც საქართველოს მოსახლეობას სურს - მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში, მაგრამ პროგრესი გრძელდება.

„სასურველი იქნება უფრო მეტი ტემპით გაგრძელდეს და ის პირობები, რომელიც თავის დროზე გაიცა, როგორც საქართველოზე, ასევე უკრაინაზე, შესრულდეს. დაველოდოთ პროცესების განვითარებას, რომელიც დიდადაა დამოკიდებული გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღებნი ამ ყველა ასპექტს ითვალისწინებენ და შესაბამისად, ურთოერთობების ნორმალიზება და განვითარება ხდება", -განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, საბოლოო კომუნიკეში ისეთივე შენიშვნები იქნება, რომელიც აქამდეც ყოფილა.

„ზოგადად საუბარი იქნება, რომ დემოკრატიული განვითარება უნდა შენარჩუნდეს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს და ა.შ. ასეთი შენიშვნები წლიდან წლამდე და სამიტიდან სამიტამდე ყოველთის გვესმის, ჩვენს პირობებს ვასრულებთ და განსაკუთრებით ევროკავშირთან მიმართებაში, თუმცა იქ ხანდახან მიღწეულ დამსახურებებს კი არ უყურებენ, არამედ პოლიტიკურ კონიუქტურას და პოლიტიკურ დიქტატს, რაც ნატოს მხრიდან ასე არაა.

„ნატო ამბობს ზოგადად დემოკრატიის განმტკიცებაზე, კანონის უზენაესობაზე და ა.შ. ეს რა საკვირველია უნდა გაგრძელდეს, მაგრამ პროცესი თუნდაც დასავლურ ქვეყნებში არ დასრულებულა, ეს ისეთი მოცემულობაა, რომ ერთ ადგილზე გაჩერება არსოდეს არ შეიძლება, დემოკრატია ვითარდება და უნდა განვითარდეს, როგორც ევროპაში და აშშ-ში, ისე საქართველოში",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×