თამთა ჩაჩანიძე
29.07.2024

ევროკავშირის ცხრა დათქმიდან ერთ-ერთი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფაა, განსაკუთრებით 2024 წელს, ამიტომ ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ოქტომბრის არჩევნები და მისი შედეგებია.

29 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი უწყებაში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესასრულებელი 9 დათქმის შესრულების ანგარიშის მოსასმენად მიიწვიეს. შეხვედრაზე მივიდნენ: ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასუნსიონ სანჩეს რუისი, საქართველოში იტალიის ელჩი, მასიმილიანო დანტუონოსა და საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ.

გასული წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად 9 დათქმა წარმოუდგინა, სადაც გადმოტანილია ის პუნქტები, რომელიც 12 რეკომენდაციის პირობებში საქართველომ სრულიად, ან ნაწილობრივ არ შეასრულა, ამასთან დამატებით საუბარია 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე.

„თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე",- ვკითხულობთ ერთ-ერთ პუნქტში.

27 ივნისს ევროკავშირმა საქართველოს შესახებ იმსჯელა, რის შემდეგაც, თბილისში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩისნკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია გაიყინა, მიზეზი „უცხიური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება გახდა. ოქტომბრის არჩევნები კი, მნიშვნელოვანი მომენტია ამ პროცესში.

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ არჩევნებს დიდი გავლენა ექნება ევროინტეგრაციის პროცესზე, პირველ რიგში იმას, თუ საარჩევნო გარემო როგორი იქნება და რამდენად დემოკრატიულად და სუფთად ჩატარდება პროცესი.

„არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება - როგორ და რამდენად სუფთად, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდება და რამდენად ლეგიტიმური იქნება - პროცესი ამ კრიტერიუმებით გაიზომება. დემოკრატიულში იგულისხმება, რომ აქ არ უნდა იყოს დაშინებები, ცემა-ტყეპა, ზეწოლა, მოსყიდვა, რაც აქემდე იყო. თუ ასეთი რამ განმეორდა, ბუნებრივია, ეს აუცილებლად გამოიწვევს შესაბამის რეაქციებს, როგორც საერთაშორისო თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით.

„საერთაშორისო დელეგაციები არიან ჩამოსული, ისინი სხვადასხვა ორგანიზაციებს და ამომრჩევლებს უკვე ხვდებიან. საერთაშორისო დამკვირვებლების რიცხვი ნელ-ნელა მოიმატებს, ისინი მათ შორის რეგიონებშიც ივლიან, რომ წინასაარჩევნო გარემო შეამოწმონ, ნახონ, ეძლევათ თუ არა სრული თავისუფლება ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც ამ არჩევნებს მონიტორინგს უწევენ.

„ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონი სწორედაც რომ ხელს უშლის ამ პროცესს და ამიტომაც არის, რომ ევროკავშირი, ისევე, როგორც სხვა ორგანიზაციები, ხელისუფლებას მოუწოდებენ ამ კანონზე უარი თქვას, ეს სამართლიანობის პრინციპის დაცვას ეწინააღმდეგება არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით",- განაცხადა მან.

კაკაჩიას თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ყინულის დაძვრა ბევრ რამზეა დამოკიდებული.

„დამოკიდებულია ბევრ რაღაცაზე - არჩევებს როგორი შედეგი ექნება, რადგან „ქართულმა ოცნებამ" ბოლო წლების მოქმედებით დასავლეთის ნდობა დაკარგა და თუნდაც რომც გაიმარჯვოს კიდეც, ზიანი სერიოზულია. რაღაც ურთიერთობები კი გაგრძელდება, მაგრამ არა მგონია, რომ პროცესმა წინ წაიწიოს იმ რიტორიკით და პოლიტიკით, რომელსაც ისინი ატარებენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

„საქართველო წინ წაიწევს თუ კოალიციური მთავრობა იქნება, ანუ თუ ხელისუფლებაში ახალი ძალები მოვლენ, ყველა ვერიანტში შეიცვლება სიტუაცია, თუ არადა, მერე უკვე ძნელია იმის თქმა რა და როგორ იქნება",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი „ჩაიჩეხა", გამოსავალი კი ოქტომბრის არჩევნებია, სადაც ერთიანი ოპოზიცია ამ პროცესის „განბლოკვას შეუწყობს ხელს". „ქართული ოცნება" კი მიიჩნევს, რომ „არანაირი საბაბი არ არსებობს" იმისა, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს. დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ „ოცნება" დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვასა და ურთიერთიბების გაღრმავებისთვის მზადაა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობების გასაღრმავებლად, მზადაა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, იმიტომ, რომ მართლაც თუკი რაიმე წარმატება გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნების" დამსახურება, ქართველ ხალხთან ერთად.

„რაც შეეხება მოლოდინებს, როგორც გითხარით, მზად ვართ ვითანამშრომლოთ, უბრალოდ არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ მაგალითად, საქართველოსა და ამერიკას შორის, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს", - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

რაც შეეხება განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველო დემოკრატიულ ნაბიჯებს აღარ დგამს და იღებს კანონებს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, კახა კალაძე ამბობს, რომ ეს ცრუ ბრალდებებია.

„ის ადამიანები, ვისგანაც ამ განცხადებებს ვისმენთ, 2012 წლამდე არსებულ სიტუაციას, იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდებოდა, რასაც სააკაშვილი უკეთებდა მოსახლეობას, აფასებდნენ, როგორც დემოკრატიის შუქურას. წარმოგიდგენიათ? ახლა ეს ადამიანები გვეუბნებიან, თითქოს დემოკრატიის მიმართულებით ქვეყანამ უკან გადადგა ნაბიჯი. წარმოგიდგენიათ, რა საოცრებასთან გვაქვს საქმე? წარმოგიდგენიათ, გვეუბნებიან, რომ კანონი, რომელიც ითხოვს გამჭვირვალობას, არადემოკრატიული და არაევროპულიაო.

„შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს - თეთრსაც და შავსაც, მოყვარესაც და მტერსაც. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც ჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესს, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი იყოს გამოყენებული თავისი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ქვეყანაში მივიღოთ ის უბედურება, რაც დღეს, სამწუხაროდ, არის უკრაინაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×