ნატალია ჯვარიძე
06.09.2024

უკვე გააქტიურდა რთული შემთხვევები, რაც არჩევნებს თან ახლავს. ამის მაგალითია გუშინდელი წყალტუბოში მომხდარი ინციდენტი. „ოცნების" დაშინების პოლიტიკას კი ოპოზიცია თავის სასარგებლოდ გამოიყენებს - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: მე არაერთხელ ვთქვი, რომ აგვისტო არის გარკვეულწილად „პოლიტიკის დასვენების" თვე, რადგან ეს არის შემოდგომისთვის, ანუ არჩევნებისთვის მომზადების პერიოდი. მითუმეტეს, საქართველში, როდესაც ერთი მხრივ ბრძოლა ძალაუფლების მოპოვებისთვის იწყება და მეორე მხრივ, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ახლა უკვე გააქტიურდა უსიამოვნო შემთხვევები, რაც არჩევნებს თან ახლავს, მაგალითად გუშინდელი ინციდენტი რაც წყალტუბოში მოხდა („ოცნების" წევრის გარდაცვალება). მსგავსი პროცესები არ შენელდება და მიიღებს არამხოლოდ უსიამოვნო ფორმას, არამედ მიუღებელსაც კი. თუმცა მასაც აქვს თავისი ლოგიკა ერთი მხრივ, ხელისუფლება დაშინების და ზეგავლენის პოლიტიკას ახორციელებს და მეორე მხრივ, ეს ოპოზიციისთვის გამოსაყენებელია, ანუ „ოცნების" ყველა შეცდომას, იქნება ეს თეორიული თუ პრაქტიკული, ოპოზიცია იყენებს. თანაც ოპოზიცია მჭიდროდაა დაკავშირებული ევროკავშირის ქვეყნებთან და ამერიკასთან, რომლებიც უკვე მკვეთრად გამოდიან არა საქართველოს, არამედ მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ. ხელისუფლებას უწევს ბრძოლა და მოქმედება როგორც ოპოზიციის მიმართ და ამაზე გეგმაც არის შემუშავებული, ასევე უცხოეთის ქვეყნების პოლიტიკური მოძრაობის წინააღმდეგაც. რა თქმა უნდა, ასეთი მდგომარეობა ადრეც იყო, განსაკუთრებით ედუარდ შევარდნაძის დროს.

„რეზონანსი": რა მოლოდინები გაქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გასაჩივრების შესახებ?

ი.კ: საკონსტიტუციო სასამართლოს შედეგები უკვე განსაზღვრულია, რადგან პრემიერმა ირაკლი კობახიძემ არაერთ გამოსვლაში პირდაპირ მისცა მითითება და განსაზღვრა, რა უნდა გააკეთოს სასამართლომ. მიიღებენ ხელისუფლებისთვია სასარგებლო გადაწყვეტილებას. ასე რომ, ფაქტობრივად, საზოგადოებისთვის ცნობილია შედეგი და მხოლოდ ოფიციალურად გაფორმებას ელოდებიან. როგორც წესი, ხელისუფლება ერეოდა და ახლაც ერევა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეში. მითუმეტეს, იქ მმართველ პარტიას უმრავლესობა, თავისი წარმომადგენლები ჰყავს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია.

„რ": როგორ შეაფასებდით პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებს? რამდენად მისაღები და დამაჯერებელია ეს დაპირებები ხალხისთვის?

ი.კ: ასე ვთქვათ „ოცნების" იმ 4 მითითებიდან მე რომელიმეს გამოყოფა არ მიმაჩნია რეალურად, რადგან ისინი ერთმანეთისგან გამომდინარეობს, ერთმანეთს ჰგავს და აშკარად ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას. ამ ძალაუფლების შენარჩუნების შემდეგ ახალი მითითებები და დებულებები გამოჩნდება. ეს დაპირებები საზოგადოების ინტერესებზე გათვლილი არაა. ამასთან, იმ 4 მითითებიდან ვერ ვხედავ, რომ რომელიმე კონკრეტულია. დაახლოებით ასეთივე იყო 2012 წელს, ზოგადი თემები ჰქონდათ და კონკრეტულზე ვერც ერთი მიმართულებით ვერ გადავიდნენ. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და საბოლოოდ მივიღეთ უამრავი ადამიანის ქვეყნიდან გასვლა. ზოგიერთი ეკონომისტი გაუთვლელად და გაუაზრებლად ლაპარაკობს, რომ თითქოს უმუშევრობა შემცირებულია. იქნება შემცირებული, აბა რა, გასულია ყველა. ერთი წუთით რომ დავუშვათ და ეს ხალხი დაბრუნდეს, მაშინ რა მდგომარეობაში იქნება ხალხი ხომ წარმოგიდგენიათ?

ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად „ლელოს" გარშემო გაერთიანებულ ორგანიზაციას „ძლიერი საქართველოს" საარჩევნო პროგრამას ვხედავ რეალურს და კონკრეტულს. რამდენად შესრულებადია და დაუჯერებს თუ არა ამას ხალხი, არ ვიცი, მაგალითად 1000 ლარიან პენსიას. ჩემი აზრით, დღევანდელი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე ამის გაკეთება შესაძლებელია. ზოგადი პროგრამებით დავიღალეთ, კონკრეტული გეგმები გვჭირდება. ამიტომ მე ყველას ვურჩევდი, რომ დააკონკრეტონ, იგივე „კოალიცია ცვლილებებისთვის". როდესაც ლაპარაკია ცვლილებებზე, საჭიროა თქვან კონკრეტულად რა იგულისხმება: პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, იდეოლოგიური, განათლების კუთხით თუ რა? უნდა თქვან, რას აპირებენ.

საერთოდ ეროვნული გამოცდების თემაზე რატომ არავის არაფერი აქვს? ეროვნული გამოცდები ვერ გამოდგა საქართველში განათლების წინ წასაწევად. მან პირიქით, მკვეთრად უარყოფითი როლი შეასრულა განათლების სისტემაში. ამასთან, მე უნდა ვთქვა, რომ აუცილებელია დაუსწრებელი სწავლების გაფართოება, რადგან საქართველოში უმძიმესი სოციალური პირობებია და ოჯახს რეიგიონდან ჩამოსვლა და არსებობა უჭირს. უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტები ვერ დადიან. ამიტომ ხელისუფლებამ ამაზე უნდა გასცეს პასუხი თუ რა პროგრამები აქვთ ამ მიმართულებით და ის კი არ უნდა იძახონ მართმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოვაცხადოთო. ეკლესია ისედაც პოლიტიზირებულია, რაც ძალიან ცუდია. პოლიტიკა პოლიტიკაა და ეკლესიას არ უნდა შეეხოს.

მე ვერ გამიგია „ოცნების" გეგმა რა არის და რას ემსახურება. ეკლესიას დაანებონ თავი, ის უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი. კი ბატონო, ეკლესიას ქონება უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა ზედმეტი, რადგან სახელისუფლებო ბიზნესის წარმომადგენლებმა ამის გამოყენება დაიწყეს და ეკლესიის საშუალებით თავისი ბიზნესის გაძლიერებას ცდილობენ. ამასთან, საქართველოში რამდენი არაქრისტიანია და თუ მართმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდება, რა ისინი არასახელმწიფო უნდა იყოს? რა დაყოფაა ეს? რა მიკვირს, იცი? იქ რომ სხედან, მრჩეველი არ ჰყავთ? მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათი პოლიტიკური ცოდნა 0-ის ქვემოთაა. ჩვენ შუა ზღვაში ვართ გასული უკომპასოდ და როდის მივადგებით ნაპირს უცნობია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ქვეყანაში მიუღებელია, მხოლოდ იურისტები იყვნენ მთავრობის სათავეში და ყველა სფეროში. მაგალითად, კულტურის სფეროში რა აუცილებელია, რომ იურისტი იყოს? რაა ვერ მოიძებნა ამ სფეროს სპეციალისტი? ან განათლების საკითხებში საჭიროა იურისტი იყოს?

მოგეხსენებათ, კულტურის მინისტრს რამდენიმე ადამიანმა უჩივლა და დამარცხდა ის და ამ ხალხს სამსახური აღუდგინეს, ანუ გამოდის, რომ მინისტრმა არასწორად გაათავისუფლა სამსახურიდან. ის, როგორც იუსტიციის მინისტრი, არ იყო ცუდი, მაგრამ როგორც კულტურის მინისტრი არის ძალიან სუსტი. ასეთივე მდგომარეობაა სხვა სტრუქტურებშიც. ეს არის „კლანური მმართველობა". საქართველში მდიდრების, ზემდიდრების და ღარიბების ფენაა. მე როგორც ვასკვნი, ჩვენთან უკვე წარმოიშვა პროლეტარიატი და თუ ასე გაგრძელდა უნდა ველოდეთ ახალი პროლეტარიატისსერიოზულ გამოსვლას არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×