თბილისში ვიზიტად მყოფ გერმანიის ბუნდერსტაგის წარმომადგენლებს მმართველი გუნდიდან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა, საუბრის თემები იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების თავიდან არიდების პოლიტიკაში საქართველოს როლი, „გავლენების კანონი", შიდა-პოლიტიკური ვითარება და წინასაარჩევნო გარემო. მანამდე დელეგაცია ოპოზიციონერებს და არასამთავრობო ორგანზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის დელეგაციას არც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და არც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ შეხვედრიან, ოპოზიციის კრიტიკაც ამან გამოიწვია, მათი შეფასებით, „ქართული ოცნება" „ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველა კარი დაიკეტოს".
„ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, ვისაც ხელს ან თითს დაუქნევენ და უნდა მივიდეთ უცებ შეხვედრაზე, მითუმეტეს, ვიცით იმ ადამიანების კონკრეტული განწყობა, ვინც ჩამოვიდნენ",- აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გერმანიის ბუნდერსტაგის წარმომადგენლების თბილისში ვიზიტზე.
ბუნდესტაგის წევრებმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დელეგაციასთან შეხვედრაზე, მათი თქმით, ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და „არავის ჰქონდა დრო მათთვის". მათივე შეფასებით, ევროკავშირის 9 მოთხოვნას მეათე დაემატა - „გავლენების კანონის" გაწვევა.
რას ამბობენ „ოცნებაში"
„ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ღია და გახსნილი დისკუსია გვქონდა, მათ შორის საუბარი გვქონდა საკმაოდ მძიმე გამონათქვამებზე, რომელიც ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა საქართველოს ვიზიტისას", - თქვა შხვედრის შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.
"მინდა გამოვეხმაურო იმ ბინძურ ტყუილს, რომელიც გაავრცელეს ოპოზიციონერებმა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე მე ბუნდესტაგის დელეგაციას არ ვხვდებოდი. ეს შეხვედრა ჩანიშნული ჯერ კიდევ 2 კვირის წინ იყო, შესაბამისად, თუ ვინმეს აინტერესებდა, ყველას კარგად შეეძლო ჩაეხედა, რომ ეს შეხვედრა ჩანიშნული იყო და მე ვხვდებოდი. მათ სახეს ეს კიდევ ერთხელ კარგად აჩვენებს - ყველაფერზე არიან წამსვლელები, ისეთი ბინძური ტყუილიც კი იკადრეს, რომ 15 წუთში გამოაშკარავდა. შეხვედრის დროს მაშინ თქვეს, რომ თურმე ნიკოლოზ სამხარაძე არ ხვდებოდა დელეგაციას.
„შეხვედრაზე ჩვენ სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. განვიხილეთ წინასაარჩევნო გარემო, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საკითხი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების თავიდან არიდების პოლიტიკაში საქართველოს როლი. მათ შორის, საუბარი გვქონდა საკმაოდ მძიმე გამონათქვამებზე, რომელიც ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა საქართველოს ვიზიტისას. მე გერმანელ კოლეგებს მივაწოდე ინფორმაცია ამის შესახებ. ამიტომ, ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ღია და გახსნილი დისკუსია გვქონდა", - თქვა სამხარაძემ.
კითხვაზე, თუ რატომ არ შეხვდა ბუნდესტაგის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სამხარაძემ უპასუხა, რომ ის რეგიონშია და მიზეზიც სწორედ ეს იყო.
"რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, დღეს თბილისში არ იმყოფება. ის რეგიონშია წასული. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საგარეო კომიტეტისა და გერმანულ-ქართული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს. ირაკლი კობახიძის ადგილსამყოფელს ვერ გეტყვით, თუმცა შალვა პაპუაშვილი ვიცი, რომ იმერეთშია," - განაცხადა სამხარაძემ.
გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველო ის ქვეყანა არაა, რომელიც შეხვედრაზე თითის დაქნევაზე მიდის.
"ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, ვისაც ხელს ან თითს დაუქნევენ და უნდა მივიდეთ უცებ შეხვედრაზე. მითუმეტეს, ვიცით იმ ადამიანების კონკრეტული განწყობა, ვინც ჩამოვიდნენ. არავითარი დისკუსია, ანალიზი და ბჭობა ამ საკითხზე მათ გეგმებში არ არის. მათ გეგმაშია თავიანთი პოზიციის გატანა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის გეგმების ერთგვაროვანია. ასე რომ, მე არ მგონია, ამაზე ბევრი სასაყვედურო ჰქონდეთ. მაგრამ მე ვიცი გერმანიის, თუნდაც ბუნდესტაგის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს შოლცის პარტიას მწარედ აკრიტიკებენ. მე იმასთან დაკავშირებითაც ვიცი, რომ არც გერმანელი ხალხი ფიქრობს კონკრეტულად ასე, რომ საქართველო აუცილებლად მუხლებზე უნდა დაეცეს ან ცალ ფეხზე უნდა დადგეს და გერმანელი გადასახდელების გადამხდელის ფული რევოლუციურ გეგმებში იხარჯებოდეს. არჩევნების შედეგებსაც გადახედეთ - არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება არც პოლიტიკურ სივრცეში გერმანიაში და არც ზოგადად, საზოგადოებაში. ასე რომ, იმის მოშველიება, რომ რაღაც დელეგაციაა ჩამოსული, რომელსაც კონკრეტული ამოცანა აქვს და მას აუცილებლად პრემიერ-მინისტრი უნდა შეხვდეს, ეს არა მგონია, რომ დემოკრატიულ ქვეყანას, მითუმეტეს მყარად ფეხზე მდგომს, როგორიც საქართველოა, ამ ვითარების მიუხედავად უნდა ახასიათებდეს. არ არის ეს თემა, რომელიც სასპეკულაციოდ უნდა გამოიყენონ", - განაცხადა ვოლსკიმ.
რას ამბობს ოპოზიცია
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარის თქმა ადასტურებს, "თუ რამდენად მძიმდება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებები არჩევნების მოახლოებასთან ერთად".
"ჩვენ ვხედავთ, რაოდენ ღიაა მათი გადაწყვეტილებები, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ პრობლემა შეგვექმნას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველა კარი დაიკეტოს. შეხვედრაზე სწორედ ამ საფრთხეზე ვისაუბრეთ - თუ "ქართული ოცნება" რუსულ პოლიტიკას აგრძელებს, მათ შორის "აგენტების კანონის" აღსრულების დაწყებით, ეს ხელს შეუშლის იმას, რომ ქვეყანა ევროკავშირის ოჯახის წევრი გახდეს.
„საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს, საფრთხეებსა და გამოწვევებს, თუ რამდენად ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
"საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გერმანელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" "სოციალ-დემოკრატების" ევროპულმა გაერთიანებამ საკუთარი რიგებიდან გამორიცხა იმიტომ, რომ "ის არც ერთი პარტნიორისთვის სანდრო აღარ არის".
„გერმანია ის ქვეყანაა, რომელიც მათ შორის "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველოსთან განსაკუთრებული პარტნიორობით გამოირჩეოდა, მაგრამ ვხედავთ, როგორი მწვავე გახდა გერმანია "ოცნების" პოლიტიკის მიმართ. უკვე ყველასათვის ცხადია, რა არის "ოცნების" მიზანი - ეს მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად", - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
გერმანელი დეპუტატების განცხადებები
„საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ - თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას",- ნათქვამია გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერების: დებორა დიურინგის (Deborah Düring, კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტის (Jürgen Hardt, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტეს, (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდის (Nils Schmid, სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD) ერთობლივ განცხადებაში, სადაც ისინი საქართველოში 4-6 სექტემბერს გამართულ ვიზიტს აჯამებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის და „საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს".
სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ნილს შმიდმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზევიზიტის შეჯამებისას განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება და ცხრა ნაბიჯს მეათეც დაემატა - კანონის გაწვევა.
„უცხოური აგენტების" კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის. ასე რომ, უნდა შესრულდეს 9 ნაბიჯი და ასევე მე-10 ნაბიჯი, სანამ გადავალთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე. ჩვენ ეს ნათლად განვაცხადეთ ყველასთან, ვისაც შევხვდით, რადგან გვინდა იცოდეთ, გვინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მკაფიო კრიტერიუმი, რომელიც უნდა შესრულდეს", - აღნიშნა გერმანელმა დეპუტატმა.
საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ბუნდესტაგის კიდევ ერთმა წევრმა, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ულრიხ ლეხტემ.
„ჩვენ გვქონდა სამდღიანი მოლაპარაკებები აქ საქართველოში. ის იყო დატვირთული შეხვედრებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ადამიანებთან, რომლებიც წარმოადგენენ ქართულ საზოგადოებას. ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე. ეს იყო ჩვენთვის რაღაც ახალი, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს, ვართ რა მაღალი თანამდებობის პირების დელეგაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პარლამენტარები ვართ და გერმანიაში პარლამენტარებს აქვთ ძლიერი გავლენა. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მართაც რაღაც ახალი იყო, რომ შესაძლებელი არ გახდა - ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის",- განაცხადა ლეხტემ.