აფხაზეთსა და რუსეთს შორის სიტუაცია კვლავ რთულია და არავინ იცის მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. ამ დრომდე აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში რჩება და ოფიციალური ინფორმაციით, "რიგი შეხვედრები აქვს დაგეგმილი".
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსება შეზღუდა და აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. შამბას თქმით, მოსკოვში, არაერთხელ განაცხადეს, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“.
სოხუმში ასევე გრძელდება სკანდალი, რომელიც რუსული მხარის მიერ ბჟანიასთან ამასწინანდელი შეხვედრის შემდეგ შედგენილი ოქმის სოცქსელში გაჟონვამ გამოიწვია: ოქმი, რომელიც აფხაზური მხარისადმი 4 მოთხოვნას შეიცავს, "ულტიმატუმად" შეფასდა. აფხაზური ოპოზიცია დე-ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს.
მოსკოვი კი პოზიციის შერბილებას არ აპირებს. რუსი პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ აფხაზი პედაგოგებისთვის, მედიკოსებისა და დე-ფაქტო ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სოცგადახდების შეწყვეტის გადაწყვეტილება პასუხი სოხუმის განგრძობად ურჩობაზე იყო, კერძოდ, დე-ფაქტო პარლამენტის "პოლიტიკაზე, რომელიც რესპუბლიკაში არსებულ საინვესტიციო კლიმატსა და რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს აზიანებს", -ამბობენ რუსი პოლიტიკოსები.
უფორ მეტიცც, ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი აფხაზეთის მიერთებაზეც კი ალაპარაკდა. როგორც NEWS.ru-სთან საუბრისას სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა, "მსგავსი საკითხების გადაჭრა ხალხს რეფერენდუმის გზით შეუძლია".
"აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და სხვა იმ სუვერენული ქვეყნების საკითხები, რომელთაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანება სურთ, სახალხო რეფერენდუმების გზით უნდა გადაწყდეს. მსგავს გადაწყვეტილებებს ხალხები იღებენ და არა სახელმწიფოთა ხელმძღვანელები. ამგვარად, თუ ჩატარდება სახალხო რეფერენდუმები და მოსახლეობა გამოთქვამს რუსეთთან მიერთების სურვილს, შემდეგ უკვე დაიწყება იურიდიული პროცედურა ყველა შესაბამისი საკონსტიტუციო ნორმის გასაფორმებლად" - განაცხადა ვოდოლაცკიმ.
აფხაზეთისთვის სოციალური გადასახადების შეწყვეტა არა გამწვავება, არამედ “ვალდებულებების ბალანსის დაცვაა”. ამის შესახებ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ სახელმწიფო გამოცემა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალური გადასახადების შეწყვეტა არ არის გამწვავება, არამედ საუბარია “იმ ვალდებულებების ბალანსის დაცვაზე რომელიც ორი ქვეყნის მთავრობებმა საკუთარ თავზე აიღეს”.
“გამწვავებას არ დავარქმევდი ამას. იმას რომ დავუბრუნდეთ, რაზეც ამწამს ვსაუბრობდით: ეს მიღწეული შეთანხმებების შესრულებაა. არის შეთანხმებების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტების მიერაა სანქცირებული, ორი ქვეყნის მთავრობების მიერაა დამტკიცებული. და ამ შეთანხმებებთან შესაბამისად, რომლებიც ორივე პარლამენტშია რატიფიცირებული, ყოველ ქვეყანას აქვს საკუთარი ვალდებულებები. საუბარია უბრალოდ იმაზე, რომ ამ ვალდებულებების ბალანსი იყოს დაცული, და ჩვენს აფხაზ მეგობრებს მშვენივრად ესმით ეს”, - განაცხადა ლავროვმა.
რაც შეეხება ოფიცხილური თბილისის პოზიციას, აფხაზეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე დაპირისპირებაზე, ამ ეტაპზე რაიმე მკვეთრი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ.
„მოდით, ჩვენ, ასეთ თემებზე შეფასებებში ფრთხილები ვიყოთ და ვთქვათ, მხოლოდ ის, რომ საქართველო არის მოწოდებული - არსებობდეს უმყარესი გარანტია, რომ შერიგება არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ. ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს ყოველთვის ხაზგასმით და უმყარესი სახელმწიფოებრივ დონეზე ატანილი გარანტიით უნდა ვუთხრათ და ამ გზას ქვეყანამ არასდროს უნდა გადაუხვიოს, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ შერიგებით, მშვიდობით. ეს არის დეოკუპაციის ერთადერთი გზა, რომელშიც ადრე, თუ გვიან ვეღარავინ ჩაერევა და ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან ქვეყანაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აფხაზეთში მოვლენები მართლა საინტერესოდ ვითარდება. კონფლიქტოლოგი „რეზონანსთამ“ ფიქრობს, რომ აფხაზებმა საბოლოოს ის მიიღეს, რასაც ამდენი ხანია თავად თხრიდნენ. რუსეთი არაღიარების და მათი მუდმივი დახმარების სანაცვლოდ აგარაკებს და რუსი ბიზნესმენებისთვის საინვესტიციო გარემოს შექმნას ითხოვს. ამიტომ საბოლოოდ უკიდურეს ხერხს მიმართეს და აფხაზებს მარყუჟები მოუჭირეს.
„აფხაზეთში უკვე რამდენიმე ვერსიაა გავრცელებული ამ მოვლენების განვითარების ირგვლივ. ერთი ვერსიით, აფხაზები მიიჩნევენ, რომ რუსები ყველა პირობას უქმნიან იმისთვის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყონ. მეორე ვერსიით კი, რუსეთს უნდა, რომ აფხაზების ეკონომიკური ანექსია მოახდინოს და აქედან გამომდინარე, ისეთ პირობას ქმნიან, რომ აფხაზები დაითანხმონ. მიუხედავად იმისა, რომ ორი ვერსია ერთმანეთისგან განსხვავდება, საბოლოო შედეგის მიხედვით, თითქმის ერთიდაიგივეა. ყველა შემთხვევაში რუსები აფხაზებს სჯიან. ეს უკვე ფაქტია და ამის მიზეზი არის ის დამახასიათებელი პოზა, რომელშიც აფხაზები ჯერ კიდევ ქართველებთან იდგნენ. ეს არის აფხაზების ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომლის კულტივაციასაც ისინი უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ახდენენ. როცა რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ დისკომფორტი შეექმნა აი ამ ეროვნული უმცირესობების მეშვეობით, იქნებოდა ეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში თუ აფხაზეთში“,-ამბობს კონფლიქტლოგი.
მისივე თქმით, რუსების ამ ქმედების შედეგად შეიქმნა ასეთი მოცემულობა, რომ აფხაზებს ყველაფრის უფლება აქვთ. ჩამოყალიბდა აფხაზების ისეთი ფსიქოტიპი რომ ისინი ყველაფერში მართლები არიან, ყველაფრის უფლება აქვთ და ყველა მათთან არიან ანგარიშვალდებულები.
„აფხაზები ცენტრს როგორც მწველ ძროხას ისე ეპყრობიან, იქნება ეს თბილისი თუ მოსკოვი, მათთვის სულ ერთია, ამიტომ მასქიმუმს ითხოვენ ყველასგან. აფხაზეთში ასეთი ამბიცია აქვთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ისინი ნატოს საწინააღმდეგო ბლოკპოსტი არიან და მოსკოვმა უნდა მიხედოთ. იმასაც ამბობენ, რომ მათ რუსულ ზღვაში დაღუპვას, ქართულ ტბაში ჩახრჩობა ურჩევნიათ. ამდაგვარი ფრაზები მათი მხრიდან უკვე ხშირია. თუმცა ახლა აფხაზებმა მიიღეს ის, რაც საკუთარი ხელით თხარეს. თუ თბილისთან გასდიოდათ, მოსკოვის წაქეზებით ბევრი რამ, ეხლა უკვე თავად რუსებთან აღარ გაუვიდათ. ფაქტი სახეზეა, რომ მოსკოვმა ისინი დასაჯა. ამას თთვითონ მოაზროვნე აფხაზები მუდმივად ამბობდნენ, სხვათაშორის ამას იგივე შამბაც გაიძახოდა, მაგრამ არ მოუსმინეს“,-ამბობს კონფლიქტოლოგი.
რაც შეეხება იმ ფაქტსა, შესაძლოა თუ არა აფხაზებმა საქართველოსთან კომუნიკაცაი სცადონ, არეშიძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით ასეთი კომუნიკაცია იქნება, თუკი აფხაზებზე რუსეთიდან წამოსული წნეხი გაძლიერდა. თბილისი კია მ დახმარებაზე უარს ვერ ეტყვით. შესაბამისად მზად უნდა ვიყოთ იმისტვის, რომ საკმაოდ დიდი თანხებზეა საუბარი და სადღაც 2 მილიარ რუბლამდე ჩვენი ბიუჯეტიდან მათი დახმარება მოგვიწევს. ასევე ააფხაზებს დენსი პრობლემა შეექმნებათ და ესეც თბილისმა დანარჩენ საქართველოს უნდა მოაკლოს, რომ მათ მიაწოდოს. ამიტომ თუკი რუსეთი გადაწყვეტს აფხაზეთი დატმოს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ არცთ თუ ნაკლებ პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით.