ელზა პაპოშვილი
07.09.2024

საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა და ისევ უცნობია გადაწყვეტილება „გამჭვირვალეობის კანონთან“ დაკავშირებით - მიიღებს თუ არა სასამართლო მას წარმოებაში და შეჩერდება თუ არა კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილებამდე. რატომ ჭიანურდება ამ გადაწყვეტილების გამოცხადება და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეთა ხმება თანაბრად - 4/4-ზე გაიყო? 

ანალიტიკოსების აზრით, ამ გაჭიანურებას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. „რეზონანსთან“ ანალიტკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ამის მიზეზი სავარაუდოდ, მოსამართლეების ორჭოფობაა, რომლებიც ცდილობენ „ოცნების“ ხელისუფლებას პოლიტიკურ სამარეში ბოლომდე არ ჩაჰყვნენ. ასევე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეთა ხმები შუაზე გაიყოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სარჩელის წარმოებაში მიღება არ მოხდება და ავტომატურად შეწყდება. 

შეგახსენებთ, რომ განმწესრიგებელ სხდომას 9-ს ნაცვლად 8 მოსამართლე ესწრებოდა. შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეთა ხმები თანაბრად გაიყოს.

ოპოზიციას, რომელიც პრეზიდენტის სარჩელს მხარს უჭერს, იმედი არ აქვს, რომ სასამართლო კანონის მოქმედებას შეაჩერებს, თუმცა ამბობენ, რომ სამართლებრივ დავაში შესვლა გამართლებულია. 

განსხვავებულია შეხედულება ოპოზიციის იმ ნაწილში, რომელიც პრეზიდენტის სარჩელს მხარს არ უჭერს. მაგალითად „გირჩში“ ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი არათანმიმდევრული იყო. ამასთან, არც ის ფაქტია გასაკვირი, რომ ახლა მმართველი გუნდი პრეზიდენტს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. 

სარჩელის სამართლებრივ ნაწილში ცალსახა მოლოდინი აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. მმართველი გუნდი დარწმუნებით აცხადებს, რომ კანონი არაკონსტიტუციურად ცნობილი ვერ იქნება. ამასთან, როგორც პრეზიდენტს, ასევე სხვა მოსარჩელეებს მოუწოდებენ, როდესაც სამართლებრივი შედეგი დადგება, ის მიიღონ და აღიარონ. 

პრეზიდენტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელი 15 ივლისს შეიტანა. დასაბუთების ნაწილში ნათქვამია, რომ კანონი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის 78-ე მუხლთან. ეს მუხლი კი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად კონსტიტუციურ ორგანოებს ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს. პრეზიდენტის სარჩელს ორ დღეში 121 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის სარჩელიც დაემატა. თავის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას მოითხოვენ.       

„სამართლიანობის" ლიდერი ეკა ბესელია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტს წარმოადგენდა, იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა, კანონის ამოქმედებას მოჰყვეს, მათ შორის, საუბარია პირადი ხასიათის ინფორმაციების ხელმისაწვდომობაზე. 

ბესელიას თქმით, გადაწყვეტილება ასევე მნიშვნელოვანია, რათა ცხადი გახდეს, გაუძლო თუ არა საკონსტიტუციო სასამართლომ ობიექტურობის და დემოკრატიულობის გამოცდას.

„ყველა მოქალაქეს, ვისი ინფორმაციაც შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი, მათ შორის, საბანკო ინფორმაციები, პირადი ხასიათის ინფორმაციები, განსაკუთრებული ხასიათის მქონე დაცული ინფორმაციები შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი მონიტორინგის პროცესში. ამის თავიდან ასაცილებლად არის ამ გადაწყვეტილების გამოცხადება და გადაწყვეტილების გამოცხადებაში ვგულისხმობ ამ კანონის შეჩერების აუცილებლობას. მაგრამ რაღაც მაინც გამოაცხადონ, თქვან რა გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ჩვენ დაგვანახებს საკონსტიტუციო სასამართლომ გაუძლო თუ არა ამ გამოცდას, რომ შემდეგ გავაგრძელოთ გზა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსკენ“, - ამბობს ეკა ბესელია.

რატომ გაჭიანურდა გადაწყეტილების გამოცხადება 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ნამდვილად რთულ მდგომარეობაში არიან. ერთის მხრივ, მათ კარგად იციან, რომ ამ კანონით კონსტიტუცია ირღვევა და ის 78-ე მუხლთან წინააღმდეგობაში მოდის. მეორეს მხრივ კი მათზე, დიდი ალბათობით, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხდება. ამიტომ ცდილობენ, რომ დრო გაწელონ. 

„რა თქმა უნდა, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები საკმაოდ რთულ დგომარეობაში არიან. მათზე კარგად არავინ იცის, რომ „გამჭვირვალობის კანონით“, რომელიც პირდაპირ რუსულის ანალოგია, ქვეყნის კონსტიტუცია ირღვევა. როცა 78-ე მუხლის სახით ევროინტეგრაცია კონსტიტუციის დონეზეა განსაზღვრული, ხოლო იღებენ ისეთ კანონს რომელიც ამ წინსვლას შეაფერხებს, ამას რაღა მსჯელობა და ფიქრი უნდა. 

„თუმცა აქ არის ორი ვერსია. ერთის მიხედვით, მოსამართლეების ნაწილს, შესაძლოა, არ სურს მონაწილეობა „ოცნების“ ამ დანაშაულებრივ ქმედებაში. მეორეს მხრივ კი ცდილობენ საკუთარი თავის გადარჩენას და არ გამოვრიცხავ, არჩევნების ჩატარებასაც ელოდებიან. თუკი არჩევნებზე „ოცნება“ ვეღარ გაიმარჯვებს, მათი რეპუტაცია და ავტორიტეტი კითხვის ქვეშ დადგება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ისინი „ოცნებას“ ბოლომდე პოლიტიკურ სამარეში არ ჩაჰყვებიან. 

„თუმცა, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცახდებები მოვისმინეთ, რომელიც პირდაპირ პოლიტიკური სახის იყო და ხელისუფლების მხარდამჭერ განცახდებებს აკეთებდა. ამიტომ მგონია, რომ მოსამართლეები საკმაო წნეხის ქვეშ არიან და ყველა მხრიდან მათ რაღაც გამოსავლის პოვნა სურთ. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ხმები 4/4 გადანაწილდეს, ანუ მოსამართლეების პოზიციები გაიყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმეს წარმოებაში აღარ მიიღებენ და შეწყდება“, - ამბობს ჩიტაძე. 

მეორეს მხრივ ანალიტკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ დროში გადაწყვეტილების მიღების გაწელვა გამოწვეულია იმით, რომ სარჩელი სტრასბურგში არ წავიდეს. მაგალითის სახით „რუსთავი 2“ საქმე დევს, როცა სტრასბურგმა აღსრულება შეაჩერა მანამ, სანამ თავად არ მიიღებდა გადაწყვეტილებას. ეს მოსამართლეებმა იციან და ამიტომაც არჩევნებამდე ცდილობენ სტრასბურგში სარჩელის წაღება არ მოესწროს. 

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ფიქრობს, რომ მოსამართლეებზე არასამთავრობო ორგანიზაციების და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არნახული ზეწოლა ხორციელდება. ამიტომაც მათ სჭირდებათ დრო, რათა კარგად გაიაზრონ რა გადაწყვეტილება მიიღონ. 

„ძალიან რთულია ამხელა ზეწოლას გაუძლონ მოსამართლეებმა და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად სწორია. ამხელა პოლიტიკური დაინტერესება არსებობს ამ კანონის ირგვლივ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარედან. ვხედავთ დასავლეთიდან ხელისუფლებაზე რამხელა წნეხია, რა სახის ცილისწამების და შანტაჯის ნიაღვარი მოედინება. მოსამართლეებიც ადამიანები არიან და მათზე მოქმედებს ამხელა შანტაჟი. 

„თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს და იმოქმედებენ არა პოლიტიკური შეხედულებებით, არამედ სამართლებრივი სტანდარტებით. ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამენ იმ პროპაგანდას, რომ თითქოს ეს კანონი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. როგორ შეიძლება ხელისუფლებას დააბრალო 78-ე მუხლის დარღვევა, როცა სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ (ევროკავშირის წევრობის კანდიდატის) სტატუსი მიიღო. 

„რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციას საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. კარგად ვიცით, რომ ეს პოლიტიკური პარტიები პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ფინანსდებიან. ეს ხალხი დიახაც უცხო ქვეყნის აგენტები არიან და ამაში ფულს იღებენ. ეს არ არის ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა? ამიტომ ვფიქრობ, რომ მოსამართლეებს სურთ გადაწყვეტილება გონივრულად და დაფიქრებულად მიიღონ, დროშიც ამიტომ გაიწელა“, - ამბობს გვენეტაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×